საუბრობს ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებზე, არ დავობს უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელზე ქვეყანაში, განათლება-კვალიფიკაციას ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს. მოკლედ, ვიცე-პრემიერის მიერ დანახული თანამედროვე, ქართული რეალობა არც უნაკლოა და არც ოპტიმისტური. რა მთავარი საკითხი დაუსვა ჯანდაცვის მინისტრს, რა სამ პრობლემას ხედავს ოპოზიციაში და როგორ ემზადება მმართველი გუნდი მაისის აქციებისთვის - აღნიშნულ თემებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი საუბრობს:
- ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შიდა ქართლში, იმერეთში, ქარელისა და ზესტაფონის რაიონის სოფლებში ვიყავი. რეგიონებში ბევრი ლოკალური პრობლემაა, რაც დიდ პოლიტიკას არ უკავშირდება. ამჯერად, იქ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების წინ გავედით და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ. მთავარი საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციური პროცესებია. ასევე: მოსავლიანობის ზრდა, მექანიზაცია, ხვნა-თესვის პერიოდში ტრაქტორების სიმცირე, სასუქის ფასი და ხარისხი დღემდე პრობლემად რჩება. მეორე უმნიშვნელოვანესი თემა კი, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაა, სოციალური დახმარებების განაწილების პრინციპები, დაზღვევა და ა.შ.
ალბათ, მხოლოდ მხარდამჭერებსაც არ ხვდებოდით. როგორც თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რეგიონებში საპროტესტო მუხტი ბევრადაა გაზრდილი, მით უმეტეს, ამდენი პრობლემის ფონზე. ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- შეიძლება, გარკვეულ საკითხებში ხალხი მართლაც უფრო კრიტიკული გახდა. როცა ხედავენ, რაღაც კეთდება, მერე მეტს მოითხოვენ. თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს უკან ახალი ამოცანა მოჰყვება. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ შეიძლება ყველაფერი საუკეთესოდ ვერც გაკეთდეს. მთლიანობაში, ხალხი შრომაზეა ორიენტირებული და არა - პროტესტზე. ცხადია, ისიც ვიცი, ვინ რაშია კრიტიკული ჩვენს მიმართ. მაგრამ რაღაც არ გამიგია, ვინმეს, რომელიმე ოპოზიციური პარტიის, მით უმეტეს, რადიკალური ძალების იმედი ჰქონდეს, გარდა “გაბრაზებული” ნაწილისა, ან იმ ხალხისა, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსეთი მხსნელია.
გაბრაზებული ბევრია, რუსეთს კი მხსნელად ანგარიშგასაწევი რაოდენობა მაინც მოიაზრებს.
- რაღაც რაოდენობა მართლაც არის, მაგრამ - საკმაოდ მცირე. იგივეს ამტკიცებს ყველა ის კვლევა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ჩატარდა.
- ის კვლევებიც კი, რომელსაც ოპოზიცია არ ენდობა, ბევრ სხვა რამესაც ამტკიცებენ. NDI-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 73% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. სახელმწიფო რამე კონკრეტულს თუ გეგმავს ამ კუთხით, თუ დასაქმება მთავრობის პრიორიტეტი აღარ არის?
- ოპოზიცია ნდობით საერთოდ რამეს უყურებს? ჯერ ერთი, ვინც თვითდასაქმებულია, ის თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ეს სტერეოტიპი ყოველთვის გვქონდა. ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი რომ მაღალია, ამაზე არავინ დავობს. უბრალოდ, ამ მაჩვენებელში პენსიონერები, სტუდენტები და ის ხალხი შედის, ვინც სამუშაოს საერთოდ არ ეძებს. ინვესტორებს ვიზიდავთ. ინვესტორი კი სიმპათიური კაცი კი არაა, ვინც ჩამოვა და კარგ სიტყვებს გვეტყვის. მან სამუშაო ადგილები უნდა შექმნას. ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, გზის დაგება იქნება, თუ სხვა რამ, სწორედაც სამუშაო ადგილების შექმნაა.
სადაც, რატომღაც, ქართველზე მეტი უცხოელია დასაქმებული.
- არა, ასეც ვერ ვიტყვით. თუმცა, სადაც უცხოური კომპანიები მუშაობენ, იქ დასაქმებულთა, დაახლოებით, 10% მართლაც არაქართველია. ცალკე თემაა განათლება და კვალიფიკაცია.
ეს საკითხი პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსვლისას დასვით და პასუხი ვერ მიიღეთ. იქნებ, თავად გვიპასუხოთ - რატომ გვყავს ამდენი არაკვალიფიციური მედპერსონალი საქართველოში?
- ზოგადად, განათლება და კვალიფიკაცია ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. აქცენტი კი სამედიცინო პერსონალზე იმიტომ გავაკეთე, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი ახლაც დგას და მომავალშიც დადგება, როცა ახალი კლინიკები გვექნება. ადამიანს მუდმივად უნდა ჰქონდეს დაოსტატების მოტივაცია და ამისთვის გარკვეული მოთხოვნებიც უნდა არსებობდეს.
მაშინ, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და დაზღვევაზე, გამუდმებით რატომ გვესაუბრებით, როცა ამ სფეროშიც ამდენი რამაა მოსაწესრიგებელი? დაზღვეული მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია, დანარჩენი სოციალურად დაუცველია, ან უბრალოდ, დაზღვევის პაკეტის ფული არ აქვს.
- ევროპისგან განსხვავებით, ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევა არ გვაქვს. ეს სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სადაზღვევო კომპანიებსაც გასაწევი აქვთ. დიდი პრობლემაა ე.წ. საშუალო ფენაც, რომელსაც არც დაზღვევის პაკეტის შეძენის საშუალება აქვს და ვერც სიღარიბის პროგრამებში ხვდება. ჯანდაცვის მინისტრს მეც ეს ამოცანა დავუსვი. პირველ რიგში, ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტი უნდა შევქმნათ, რაც სახელმწიფოს მხრიდან მეტი რესურსის ჩადებით, კერძო კომპანიებისგან კი უფრო კრეატიული მიდგომით მიიღწევა.
და როგორც ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, სოფლის ამბულატორიების უმეტესობა დახურული რომაა, ამასაც კრეატიული მიდგომა სჭირდება?
- აქ კიდევ სხვა პრობლემაა. სტანდარტების მიხედვით, 2000 მოსახლეზე ერთი ამბულატორია მოდის. ის სოფლები კი, სადაც ერთიანობაში 2000 ადამიანი ცხოვრობს, ერთმანეთისგან ხშირად 5 კილომეტრითაა დაშორებული. იცით, ჩვენ ეს სისტემა დავნერგეთ, ახლა კი იგი თავის სუსტ მხარეებს თავად გამოავლენს. თუმცა, ამ თემებზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან, ხშირად ძალიან გაბუქებულია, რათა ვიღაცამ ტრიბუნიდან ცოტა მეტხანს ისაუბროს. საპარლამენტო დებატებისას სამი პრობლემა გამოიკვეთა, რაც მათ ახასიათებთ. ესენია: არასწორი აღქმა, ცუდი მეხსიერება და არაკომპეტენტურობა. ოპოზიციაში ნამყოფი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რა მეთოდოლოგიით შეიძლება აკრიტიკო ხელისუფლება. შესაძლოა, ეს უკეთესადაც ვიცი, ვიდრე ზოგიერთმა ოპოზიციონერმა. კომპეტენტურად დაგეგმილ პროცესს შედეგი ყოველთვის მოჰყვება.
და ხალხი ელოდოს, როდის გახდება საპარლამენტო ოპოზიცია უფრო კომპეტენტური და მმართველი უმრავლესობა რესურსს როდის გაიღებს?
- ოპოზიციის მიერ ასე ჰარიჰარალეზე გამოსროლილი ფრაზებითაც არაფერი გამოვა. ხელისუფლებას თავისი პროგრამა უნდა ჰქონდეს, პარტიებს კი არ უნდა პასუხობდეს. თუმცა, საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია გაცილებით მეტადაა გაცნობიერებული რიგ საკითხებში. ვფიქრობ, 2012 წლამდე რამე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებით საკრიტიკო ნაკლები იქნება.
2012 წელი ასე საგანგებოდ რატომ აღნიშნეთ, მანამდე თქვენც ელოდებით რამეს?
- არა, ისე ვამბობ. ღმერთმა დაგვიფაროს, რამე მოხდეს. როცა ასეთი მეზობელი გყავს, როგორიც რუსეთია, მისი პროგნოზირება ძალიან რთულია. მით უმეტეს, ახლა მათთვის მნიშვნელოვანი პერიოდი მოდის - რუსეთში არჩევნებია და ამ დროს, როგორც წესი, კრემლი რაღაცეებს იგონებს ხოლმე.
კონკრეტულად, რამეს ელოდებით?
- შესაძლოა, რაღაც პროვოკაციებიც იყოს, მაგრამ - პოლიტიკური. სამხედრო ოპერაციებს ნამდილად არ ველოდები.
- გარკვეულწილად, ქვეყნის შიგნითაც არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. მმართველი გუნდი რევოლუციურ ანონსებს როგორ ხვდება?
- რა თქმა უნდა, პროცესებს თვალყურს ჩვენც ფრთხილად ვადევნებთ. სიფრთხილე ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, რადგან მართლა ძალზე არაორდინალურ გარემოში ვცხოვრობთ. თითოეული ჩვენი მოქმედება და ნაბიჯი იმაზე უნდა იყოს გათვლილი, პოლიტიკური დივიდენდების ხარჯზე ქვეყანას პრობლემები არ შევუქმნათ. სამწუხაროდ, საქართველოში არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთში ხედავენ დასაყრდენს, შესაბამისად - რუსეთი მათში. ერთი ნაწილისთვის კი ეს მათი პოლიტიკური მომავლის უზრუნველყოფა და რესურსების შოვნაა.
ამაზე ხელისუფლება, გამუდმებით, ზოგადი ტექსტებით საუბრობს. ხალხს ის უფრო აინტერესებს, მომავალი პროტესტისთვის თქვენც თუ ემზადებით?
- ჯერ ერთი, აბა, საიდან უნდა ისაზრდოონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც აცხადებენ, ნატო, ევროკავშირი და აშშ არ გვინდა, ჩვენი ხსნა რუსეთიაო?! რუსეთთან კარგი დამოკიდებულება ჩვენც ძალიან გვინდა და საზოგადოებასაც, მაგრამ რის ხარჯზე უნდა გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობა? ტერიტორიების დათმობის, რუსული ენის დამკვიდრების საქართველოში და ა.შ? აი, ესაა დღეს რეალობა. მართალია, ამ პარტიების ლიდერებს, ძალიან მცირე ელექტორატი ჰყავთ, მაგრამ არეულობის პროვოცირება 5 კაცსაც შეუძლია, თუ რაღაცას ცეცხლს წაუკიდებს, ვიღაცას მოკლავს ან რამეს ააფეთქებს. თუმცა, ეს იმ ქვეყანაში მოხდება, სადაც ხელისულებას იმის ბერკეტი არ აქვს, პროვოკატორებს თავისი მიუზღოს.
ჩვენს ხელისუფლებას ამის ბერკეტი აქვს?
- დიახ. და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნაცაა, ამ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი იყოს, ამიტომ ვისაც ქვეყანის არევა არ სურს, იმ პარტიებს მეტი მხარდაჭერაც აქვთ და პერსპექტივაც. ექსტრემისტები კი ბევრგან არიან, მათ შორის - ევროპაშიც.
ბურჯანაძე და გაჩეჩილაძე ექსტრემისტები არიან?
- არ მინდა პერსონიფიცირება, მაგრამ პარტიის ლიდერი რომ მეუბნება, უნდა დავანგრიო, დავწვა და სისხლი დავღვაროო, ექსტრემისტია, აბა, ვინ არის?! მაგრამ, მგონი, მათი ეს განწყობა იმ სურვილების შეუსაბამოა, რაც ჩვენს მოსახლეობას სინამდვილეში აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც სიფრთხილის შეგრძნება გამძაფრებული უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ძალისთვის ეს თემა, უბრალოდ, შანტაჟისა და ვაჭრობის საგანია, რათა თავისი მნიშვნელობა გაზარდოს. თუ ვინმე აცხადებს, რომ სისხლისღვრა და სამოქალაქო ომი სურს, დიახ, ჩავთვლი, რომ ის ექსტრემისტია და მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის.
ექსტრემიზმზე იმდენი ისაუბრეთ, 7 ნოემბერი უნდა შეგახსენოთ. სხვათა შორის, ახლაც ბევრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ვითარების გამეორების პერსპექტივა მაისში საკმაოდ მაღალია. ყველა სავარაუდო სცენარზე პასუხისმგებლობა კი - ხელისუფლებამ, შესაბამისად, თქვენც უნდა აიღოთ.
- იცით, რა გითხრათ… ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, ყველაფერზე ავიღეთ პასუხისმგებლობა? მათ შორის, 7 ნოემბერზეც, რათა ქვეყანა არ დაქცეულიყო და რუსეთის სათარეშო არ გამხდარიყო. ხელისუფლებას დღესაც შესწევს ძალა, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას, რადგან ეს პროცესები საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვისკენაა მიმართული. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უკვე აღებული გვაქვს და საზოგადოებამაც იგივე უნდა გააკეთოს, რათა სამოქალაქო ომი არ გაჩაღეს. ხალხმა ამაზე უარი უნდა თქვას.
სამოქალაქო ომის საფრთხეს ხედავთ?
- თეორიული საფრთხეები ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს, თუ მას თან პროვოცირებაც ახლავს, თუ ეს წინასწარ იგეგმება და სერიოზული ხელშეწყობა აქვს გარედან. სხვა შეთხვევაში, განცხადებებისთვის, ამას დავამთავრებთ, იმას მოვრჩებითო, არჩევნები არსებობს.
და ჩიხში შეყვანილი პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან...
- პროცესი ჩიხში არასდროსაა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, როცა მაგიდასთან გონიერი ადამიანები სხდებიან. მთავარია, მოვლენების პროვოცირებაზე არავინ იფიქროს, რათა როგორმე, რომელიმე ტალღის სათავეში მოექცეს.