სოფლებში ხალხს მიწის გაუქმებულ გადასახადებს სთხოვენ. ვინც არ გადაიხდის, ჯერ პენსიიდან ჩამოაჭრიან, მერე კი უფრო “ქმედით ზომებს” მიმართავენ. ვისაც პენსია არ დანიშვნია, იმას, ალბათ, არც დაუნიშნავენ.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედში მიწის გადასახადებს სახელმწიფო პენსიების ჩამოჭრით იღებს. მიმდინარე თვეში 100-მდე პენსიონერმა სოფელში პენსია ვერ მიიღო, პრობლემის შესწავლისას კი მათ გაარკვიეს, რომ სახელმწიფომ მათი პენსია ბიუჯეტში გადარიცხა, რაც 2004-05 წლების მიწის გადასახადების დავალიანების ამოღებას უკავშირდება.
რადიო “ჰერეთს” ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა, რომ 2004 და 2005 წლებში მთავრობამ საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარზე ნაკლები მიწის მქონე ყველა გლეხს მიწის გადასახადის დავალიანება გააუქმა, ახლა კი სწორედ იმ პერიოდის გადასახადებს სთხოვენ.
“ჩვენ ვიცოდით, რომ გადასახადი არ უნდა გადაგვეხადა, რადგან პრეზიდენტის ინიციატივით, ვისაც 5 ჰექტარზე ნაკლები მიწა ჰქონდა, ყოველწლიური გადასახადისგან გათავისუფლებული იყო. 2005 წლიდან დღემდე არც არავის უთქვამს, რომ ჩვენ დავალიანება გვერიცხებოდა, ახლა კი გვითხრეს, რომ თურმე ამ პერიოდის განმავლობაში გადასახადები უნდა გადაგვეხადა. ეს ამბავი მხოლოდ ჩვენს სოფელში ხდება და დიდი გაურკვევლობაა”, - განაცხადეს ადგილობრივებმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი საპენსიო ანგარიშებზე ინკასოს დადების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ნიკოლოზ შანშიაშვილი ამბობს, რომ პენსია მხოლოდ იმ გლეხებმა ვერ მიიღეს, რომლებსაც მიწის ნაკვეთი საიჯარო ხელშეკრულებით ჰქონდათ აღებული. “რაც შეეხება საკუთრებაში არსებული მიწის მეპატრონეების საპენსიო ანგარიშებს, ისინი პენსიას ჩვეულებრივ მიიღებენ და მათზე ინკასო არ გავრცელდება”, - აცხადებენ გამგეობაში.
ნიკოლოზ შანშიაშვილის თქმით, ეს პრობლემა მალე მოგვარდება და იმათი ანგარიშებიც გაიხსნება, რომლებსაც დავალიანება რეალურად აქვთ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიწის ძველი, გაუქმებული გადასახადის ამოღებას აწარმოებენ. მაგალითად, ამ 3-4 თვის წინათ თელავის რეგიონალურმა საგადასახადო ინსპექციამ დედოფლისწყაროელი ფერმერების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრა. საგადასახადო ინსპექცია ფერმერებისგან 10 წლის წინანდელი მიწის გადასახადის გადახდას ითხოვს, დარიცხული პროცენტებისა და საურავების ჩათვლით.
2000 წელს დედოფლისწყაროს რაიონი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა, რის გამოც საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დავალებით, მიიღო გადაწყვეტილება და გლეხები მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა.
2007 წლის 11 ივლისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებს და ადგილობრივ თვითმმართველობას შეუწყდა საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1-ლ იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე რიცხულ საურავებზე.
იურისტების განმარტებით, მიწის მფლობელები 2005 წლის 1-ლ იანვრამდე მიწაზე ქონების გადაუხდელი გადასახადების გადახდისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ 2008 წლის 21 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სათათბირომ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც რეგიონული საგადასახადო ინსპექციები ფერმერებისგან მიწაზე ქონების გადასახადის და მასზე 2000 წლის შემდეგ დარიცხული დიდი ოდენობით საურავების გადახდას მოითხოვენ.
ასეთი უკანონობის პარალელურად, რეგიონებში სწრაფად ზრდიან მიწის გადასახადს. აპრილში ტარიფი გააძვირეს ახმეტასა და ახალქალაქში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიწის გადასახადი 39 ლარიდან 82 ლარამდე გაზარდა. საკრებულოს გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ საკრებულოს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან, ზაქარია ქინქლაძემ არ დაუჭირა. მისი თქმით, თუ მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარება უნდა, მიწის გადასახადი არ უნდა გაორმაგებულიყო.
“თუ ხელისუფლება ცდილობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ხალხის დასაქმებას და ეკონომიკის შექმნას, მაშინ გარკვეული გადასახადები და მითუმეტეს მიწის გადასახადი არ უნდა გაიზარდოს. სახნავი, რომლის გადასახადიც წელიწადში 82 ლარი გახდა, როცა საწვავი - 2 ლარზე მეტი, სათესლე ხორბალი - 1 დოლარი, ხოლო სათესლე სიმინდი 18 ლარი ღირს. არ არის შესაბამისი ტექნიკა, მოუწყობელია სარწყავი სისტემა, არ ხდება შხამ-ქიმიკატების ხარისხის კონტროლი, გლეხებს არ შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური სეზონური კონსულტაციები და მარტო გადასახადს ზრდით, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება”, - აღნიშნა ზაქარია ქინქლაძემ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი ერთი ჰექტარ სახნავ-სათეს მიწაზე წლიური გადასახადი 19-34 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება. საგადასახადო კოდექში მიწის გადასახადის კუთხით ცვლილების შეტანამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით, კარგი ხარისხის სახნავი მიწებისთვის გადასახადი 34 ლარი იყო, ხოლო ცუდი მიწისთვის (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ყველა მწირი ხარისხის მიწა) - 19 ლარი.
ამ დადგენილებას ჯერჯერობით იურიდიული ძალა არ გააჩნია. ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტმა უნდა შეაფასოს. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ვარიანტი მიღებულ იქნება და დღე-დღეზე ძალაშიც შევა.