ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუწოდებენ მიბაძონ ამერიკის ელჩს და ”გასაგებად და საჯაროდ გამოთქვან თავიანთი პოზიცია”, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის, სიტყვის თავისუფლების, ელიტური კორუფციის, შერჩევითი სამართლისა და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ, როგორც ეს გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშსა და ჯონ ბასის ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩმა ინტერნეტით სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც თან სდევდა ქართული ტიტრები. ამ მიმართვაში ქვეყანაში არსებული უარყოფითი ტენდენციების პარალელურად, გარკვეული და ამავდროულად მკაცრი გაფრთხილება მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ - თუ გონს არ მოხვალთ, ჩვენს მხარდაჭერას ის ძალა მიიღებს, რომელსაც ხალხში ნდობა ექნება და ამასთან, ჩვენს ღირებულებებს უფრო მეტად გაიზიარებსო.
სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ კონფერენციაზე უცხოელებისადმი მიმართვა ასეთი სახელწოდებით მიიღეს - ”სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული არჩევნებისთვის”. ეს ღონისძიება ”ქართული აკადემიისა” და ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ მოწვეულები, რომელთაგან ამ ღონისძიებას ნატო-ს, ევროკავშირისა და ”იუესაიდის” წარმომადგენლები დაესწრნენ. სხვათა შორის, ამ ღონისძიებაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც მოიწვიეს, მაგრამ კონფერენციას მხოლოდ გია ცაგარეიშვილი დაესწრო, ”თავისუფალი დემოკრატებიდან”.
მიმართვაში დიპლომატებს სთხოვენ გამოიყენონ საერთაშორისო ურთიერთობებსა და დიპლომატიაში მიღებული ყველა მეთოდი და საშუალება, რათა სამოქალაქო სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციის უპრესპექტივობაში და ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმების აუცილებლობაში დაარწმუნონ, რათა ხალხს დაუბრუნდეს თავისუფალი არჩევანის უფლება და თავიდან იქნას აცილებული დესტაბილიზაცია და ქაოსი.
როგორც კონფერენციის მონაწილეებმა განმარტეს, ამგვარი ღონისძიების ჩატარება ხელისუფლებასა და ”დიდ რვიანს” შორის მიმდინარე უშედეგო მოლაპარაკებებმა განაპირობა, რაშიც არასამთავრობოები ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
კონფერენციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი მონაწილისგან, გელა დოლიძისგან (”ქართული აკადემია”) შევიტყვეთ, რომ მოსახლეობის შემცირების ფონზე რატომღაც, ამომრჩევლის რიცხვი იზრდება. ასე მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტისა და ცესკო-ს მონაცემებით, 1991 წელს ჩატარებული არჩევნების დროს მოსახლეობის რაოდენობა იყო 5 464 000, ხოლო ამომრჩევლის - 3 594 810.
გასული წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა იყო 4 430 000, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 700 000-მდე, ანუ 20 წლის წინანდელზე გაცილებით მეტი.
კონფერენციის მიმდინარეობისას, ”ქართული აკადემიიდან” თემურ ნანეიშვილმა, დარბაზში მყოფებს ასეთი სიახლის შესახებ უთხრა - ”ნახევარი საათის წინ, ბერლინში, ნატო-ს მინისტერიალზე, ჰილარი კლინტონმა სააკაშვილს პირდაპირ მიმართა, რომ ”2012-2013 წლებში საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს”. ამ განცხადების დროს, ქალბატონ კლინტონს გვერდით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ედგა და ვიმედოვნებ, ამ ინფორმაციას ცენტრალური ტელეარხები მოდელირებულად არ მოგვაწვდიან”.
კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდეს თავიანთი ქვეყნების მთავრობები დაარწმუნონ მათ ხელთ არსებული ბერკეტების ამოქმედების აუცილებლობაში, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ”სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები გაითვალისწინოს, ამ გადამწყვეტ მომენტში არ გადადგას საბედისწერო ნაბიჯი და ჩვეულებისამებრ არ დაადგეს ხელისუფლების უზურპაციისკენ მიმავალ უპერსპექტივო და საერთაშორისო მასშტაბით უაღრესად სახიფათო გზას”.