[დავით კირვალიძე]
”მასწავლებელს ბევრად ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე უნდა ჰქონდეს. ვიცი, რომ თქვენ მოახდინეთ სასწაული 90-იან წლებში, როცა ყველაფერი ჩამოიშალა. უდენობის, უგზობის, უხელფასობის პირობებში შეძელით, შეგენარჩუნებიბათ თქვენი სტანდატები”, - ასე ესუბრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბორჯომის რაიონის სოფელ ტაძრისში ახალი სკოლის დათვალიერების დროს სერტიფიციტებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს. თანაც გზადაგზა 1000-ლარიან ხელფასებს თუ ათსობით ნოუთბუქებს ჰპირდებოდა.
მისი თქმით, მძიმე პერიოდში პედაგოგები ასწავლიდნენ არა იმიტომ, რომ ამაში ფულს უხდიდნენ, არამედ სხვანაირად არ შეეძლოთ, რადგან ეს მათი ცხოვრების არსი იყო. ვერაფერს იტყვი, საშური სიტყვებია. ოღონდ ეს სიტყვები იმ ადამიანის პირიდან მომდინარეობს, რომლის მთავრობიც ყველაფერს გადახდილი თანხის სიდიდით ზომავს (იქნება ეს ე.წ. უცხოური ინვესტიცია, საპროცესო გარიგებაში გადახდილი თანხა, გასაყიდად გამოსატანი ობიექტის პრივატიზება თუ სხვა).
პრეზიდენტის სიტყვით, ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტია, სხვა ქვეყნის მოსწავლეებთან შედარებით, ბავშვები ბევრად უფრო განათლებულნი იყვნენ. ამიტომაც დამატებითი სტიმულის მიზნით, სასერთიფიკატო გამოცდები შემოიღეს, რომლის ჩაბარების შემთხვევაშიც, პედაგოგს მეტი ხელფასი, უკეთესი თანამდებობა, მეტი დაფასება ექნება.
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შორის საუკეთესოების, საერთო რაოდენობის მეოთხედის, ხელფასი 1000 ლარი გახდება. ყველა მენტორი მასწავლებლის ხელფასი კი 160 ლარით მოიმატებს. მაღალმთიან რაიონებში პროგრამა ”ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე ყველა მასწავლებელი ხელფასზე დანამატის სახით მიიღებს 500 ლარს.
ქართულის, როგორც მეორე ენის პროგრამაში ჩართული ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი ხელფასზე დანამატის სახით მიიღებს 1000 ლარს. ბილინგვურ სწავლებაში ჩართული პედაგოგებს კი ხელფასზე დანამატის სახით მიიღებს 200 ლარს.
”ახლა ვუშვებთ სახელმძღვანელოებს, სადაც მათემატიკა ერთდროულად სომხურ და ქართულ, აზერბაიჯანულ და ქართულ, ოსურ და ქართულ, რუსულ და ქართულ ენებზე იქნება. თუ მასწავლებელი ამას ასწავლის, 200 ლარი დაემატება”, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოზიტიური სტიმულირება პედაგოგებთან ერთად, ბუნებრივია, თავად მოსწავლეებსაც სჭირდებათ, ამიტომ ყველა პირველკლასელი სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღებს ნოუთბუქს, რაც, დაახლოებით 60 000-ია. – ნოუთბუქები ასევე საჩუქრად გადაეცემა დაწყებითი კლასის 3 000 მასწავლებელს. ამასთანავე ყოველწლიურად 1000 ყველაზე წარჩინებულ მოსწავლეს სახელმწიფო საჩუქრად გადასცემს პერსონალურ კომპიუტერს.
აი, აქ კი, როგორც ჩანს, დიდ თანხებთან ჭიდილში პრეზიდენტს სათვალავი აერია. მის სიტყვებს თუ ვერწმუნებით, პედაგოგთა დიდი ნაწილი სულ მალე 1000 ლარამდე ხელფასით უნდა ”აღიჭურვოს”. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ზემოთნახსენებ რომელიმე პროგრამაში (”ასწავლე საქართველოსთვის”, სერთიფიცირება, ბილინგვური სწავლება, ინგლისურში გადამზადება და ა.შ.) მაინც მიიღებს მონაწილეობას. რადგანაც საქართველოში 72 ათასზე მეტი პედაგოგია, 1000-ლარიანი ხელფასის პირობებში ბიუჯეტიდან ერთ თვეში მარტო მასწავლებლებისთვის ანაზღაურების სახით, 72 მლნ ლარი უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთ წელიწადში კი საერთო თანხა 864 მლნ ლარს მიაღწევს.
მართალია, უკლებლივ ყველა პედაგოგი სააკაშვილის 1000-ლარიან თამასას ვერ გადაევლება, მაგრამ ასეთი ნახტომისებური ზრდის შემთხვევაში, ბიუჯეტს მაინც დიდი ჯაფა დაადგება. ჩვენი საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე კი, ასეთი რამ შეუძლებელია. რაოდენ დიდიც არ უნდა იყო პრეზიდენტის სურვილი, საბიუჯეტო რეალობა მასწავლებლებს სხვაგვარ პერსპექტივას უქადის.
პრეზიდენტის განცხადებით, ახალი სკოლების მშენებლობა გრძელდება, პარალელურად რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სასკოლო შენობებსაც. მისი თქმით, 2013 წლისთვის არ იქნება არცერთი სკოლა საქართველოში, რომელიც არ იქნება რეაბილიტირებული. სხვათა შორის, საქართველოში გაურემონტებელი სკოლების ეპოქის დასასრულად ადრე 2011 წელი იყო მიჩნეული, ახლა კი ვადამ შეუმჩნევლად 2 წლით გადაიწია.
სოფელ ტაძრისში მყოფი მიხეილ სააკაშვილს რა გული მოუთმენდა, რომ მანდატურების მნიშვნელობაზე არ ესაუბრა. ამის შანსი იმთავითვე მიზერული იყო და პრეზიდენტმაც გაამართლა მოლოდინი. მისი თქმით, სკოლებში მანდატურის გამოჩენამ დანაშაულის რიცხვი შეამცირა.
”მანდატურების მისვლის შემდეგ 80%-ით შემცირდა დანაშაული სკოლებში. ამას პოლიტიკურ სპექტრში ბევრი ეწინააღმდეგება და ებრძვის, ყოველთვის რთული პროცესია ახალი ელემენტის დანერგვა, მაგრამ დისციპლინა და წესრიგი დამყარდა, მეთორმეტეკლასელები დაბრუნდნენ სკოლაში”, - აღნიშნა სააკაშვილმა.