For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
ჩვენთვის მთავარი იყო, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მშვიდად მივსულიყავით. კონსტიტუციით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს - ნინო ბურჯანაძეს - უფლება არ ჰქონდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა სახელმწიფო და ძალოვანი მინისტრები. ამდენად, შესაძლებელი იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვითარება შევარდნაძის გუნდს ეკონტროლებინა.
25 ნოემბერს სახელმწიფო მინისტრი ჯორბენაძე გადადგა. მასთან სააკაშვილს ჰქონდა ურთიერთობა და მან გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი გაჯიუტდა და გადადგომას არ აპირებდა. მინისტრი, რომლის ბრძანებით კახეთიდან მომავალ მომიტინგეებს ფეხებში ტყვია ესროლეს, გადაკეტეს რიკოთის უღელტეხილი, მისი მითითებით სცემდნენ ჟურნალისტებს, აზერბაიჯანიდან მომიტინგეების დასაშლელად შემოჰქონდათ ცრემლსადენი გაზი, დაუპირისპირდა პირადად მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობას აგრძელებდა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
“მერიოტში” შეხვედრა მქონდა, როცა მითხრეს, რომ ნარჩემაშვილი გადადგომას არ აპირებდა. ამ დროს თან მახლდნენ ნიკა რურუა და გიგა ბოკერია. სასწრაფოდ დავურეკე ნარჩემაშვილს და ვუთხარი:
- კობა, როგორ ბედავ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ პოსტიდან გადადგომას არ აპირებ? გაძლევ 20 წუთს, ამ პერიოდში თუ შენ ტელევიზიით გადადგომის თაობაზე განცხადებას არ გააკეთებ, ჩემი ფეხით მოვალ სამინისტროში და ყურით ჩაგათრევ შენს მეხუთე იზოლატორში.
ამ ტონით მას სულიერად გასატეხად ვესაუბრე, სხვები თხოვდნენ, მე მოვთხოვე რომ პოსტიდან დაუყოვნებლივ გადამდგარიყო.
ნარჩემაშვილი 15 წუთში გადადგა. ტელევიზიით ყვებოდა, ტელეფონზე მირეკავენ და მემუქრებიან გადადექიო, ცრემლებს აღვარვარებდა, უნდა გადავდგეო.
დეზორიენტირებული ჯარისკაცები პარლამენტის წინ მოდიოდნენ და ჩაგბარდითო, გვეუბნებოდნენ, ამას აკეთებდნენ რიგითი პოლიციელებიც. ეს ძალიან სახალისო საცქერი იყო.
ნარჩემაშვილის გადადგომის მოთხოვნა მე არ ამიხირებია. სააკაშვილმა დამირეკა და შემომჩივლა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგომას არ აპირებდა. ამიტომ გავხდი იძულებული, რომ კობას მკაცრად მოვთხოვე პოსტი დაეტოვებინა. ჩემი მონაწილეობა ამგვარ ისტორიებში საყმაწვილო ჟურნალ “ერალაშის” ერთ სერიას მაგონებდა, “ჩემპიონი” ჰქვია. პიონერები ბანაკში ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან. ბანაკის ჩემპიონი მაღალი, გამხდარი ბიჭია და მწვრთვნელად ჰყავს, დაბალი, “შუსტრი” თანატოლი. ეს მწვრთვნელი მიდის და შეგირდის კონკურენტებს ზვერავს, თუ ვინ როგორ ფორმაშია, მერე მოდის და ჩემპიონს აკვალიანებს, თუ ვინ შეიძლება მას აჯობოს. მარათონი იწყება და მწვრთვნელი შეგირდს თან მისდევს. გაიქცევა, სადღაციდან გასაგრილებლად წყალს მოუტანს, მერე კიდევ გაასწრებს, გაიგებს ვინ არის მის შეგირდზე წინ წასული, მობრუნდება, ეტყვის რა მანძილით ასწრებს კონკურენტი, ბოლოს კიდევ გაასწრებს და ფინიშზე დახვდება და გამარჯვებული ხელში აჰყავს.
მეც, ზუსტად ასეთი როლი მქონდა, ჩემს მარათონს ხომ დავრბოდი, ესენიც ხელში აყვანილები დამყავდა და ფინიშის გადაკვეთისას მათ უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს ვულოცავდი. ეს უბრალოდ კომედია იყო.
მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ამ პერიოდში მივიღე უშიშროების მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირაკლი ალასანიას უკავშირდება. ნინო ბურჯანაძეს მისი უშიშროების მინისტრად დანიშნვა სურდა. მინისტრი ხაბურძანია ბოლო ხანს რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნებთან აქტიურად მეგობრობდა, კერძოდ პატრუშევთან. მე ამ დანიშნვას არ დავეთანხმე, მეშინოდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ალასანია ძალაუფლების ხელში აღებას ვერ მოასწრებდა და რამე ცუდი თუ მოხდებოდა, ხაბურძანიას პასუხს ვეღარ მოვთხოვდით. ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე ალასანიას თავად ვუთხარი. ირაკლი ალასანიას გზა შემდეგ სხვანაირად განვითარდა. მას ბოკერია და ოქრუაშვილი დაუპირისპირდნენ და რომ არა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, საერთოდ უმუშევარი დარჩებოდა. მოგვიანებით, მან ცოტა ხანს თავდაცვის სამინისტროში იმუშავა.
მთავარ საფრთხედ პატარკაციშვილს განვიხილავდი. სააკაშვილს ვურჩევდი, რომ ბადრი ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენდა და ვითხოვდი, რომ მას თავისი ტელევიზია “იმედი” თავის შენობიან-აპარატურიანად საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის ეჩუქებინა. სანაცვლოდ, ჩვენ ბადრის კომპენსაციას გადავუხდიდით და შემდეგ რაც უნდოდა ის ეკეთებინა, უნდა ბიზნესში დარჩეს უნდა პოლიტიკაში. მას ვითხოვდი, არა როგორც ბიზნესმენი ან ტელევიზიის მფლობელი, არამედ როგორც რევოლუციით მოსული ერთ-ერთი ხელისუფალი, რომლისთვისაც მთავარი რევოლუციის შედეგის შენარჩუნება იყო.
მაშინ “იმედი” რევანშიზმის ბუდეს წარმოადგენდა. ბადრის იქ დაბოღმილი ადამიანები გადაჰყავდა - გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, მათე კირვალიძე და გაზეთ “ალიას” სხვა შავბნელი ჟურნალისტები. რევოლუციის დროს “იმედი” სასტიკად პროსახელისუფლებო კურსს ატარებდა. მთავარი ომი “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ აწარმოეს არა გაზეთებმა, არამედ ამ ტელეკომპანიამ. მომიტინგეებს ისეთი რაკურსით აჩვენებდნენ, რომ კადრში რაც შეიძლება ცოტა ხალხი გამოჩენილიყო. მათი მაშინდელი კორესპოდენტი და დღეს უკვე, სააკაშვილი მთავარი საყრდენი სატელევიზიო სივრცეში - ალეკო ფარულავა, ოპოზიციური მიტინგის მონაწილეებს - „ეგრეთ წოდებულ ხალხს“ ეძახდა.
ბადრი გაწბილებული იყო, ვინაიდან თუკი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დამტკიცდებოდა, ის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას შექმნიდა და “ვარდების რევოლუციამ” მას გეგმები ჩაუშალა. გავიხსენოთ, ვის რა შედეგი ჰქონდა იმ არჩევნებში. ამერიკელების ეგზიტპოლის მიხედვით - ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა- 20,8%, ბლოკი “ახალი საქართველოსათვის” - 12, 9%. ამ ბლოკს მთლიანად ბადრი აკონტროლებდა, გარდა სულხან პაპაშვილის ერთი ფრაქციისა, მას ეკუთვნოდა ლეიბორისტული პარტიის გამსვლელი სიის ნახევარი და ამ პარტიამ მიიღო - 12,8%. ჟვანიასთან კავშირით ის აკონტროლებდა “ბურჯანაძე-დემოკრატებს,” მთლიანად მისი იყო “ახალი მემერჯვენეები”, რომლებიც დაახლოებით ხმების 7%-ს აგროვებდნენ. “აღორძინებაც” არ იქნებოდა ბადრისგან შორს მდგომი ძალა.
ახლა მთავრობის ეგზიტპოლის, ანუ “ნიკოლო ემის” მონაცემები ვნახოთ: ბლოკი “ახალი საქართველოსათვის” - 22,1%, ბურჯანაძე-დემოკრატები - 16,4%, ლეიბორისტები - 13,5%, ნაციონალური მოძრაობა - 13,2%, “ახალი მემარჯვენეები” - 11,3%, პლუს მაჟორიტარები. ბადრის 75 მაჟორიტარიდან 50 გარანტირებულად მხარს უჭერდა. მოგვიანებით, როცა მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ძალაში დატოვეს, ამ ფრაქციას ბადრის უახლოესი მეგობარი ვანო ჩხარტიშვილი ჩაუდგა სათავეში. 235 დეპუტატიდან საკონსტიტუციო უმრავლესობა 160 კაცი გამოდიოდა. ძალიან უხეში გათვლებით, ჟვანია-სააკაშვილი ერთადაც რომ ყოფილიყვნენ და ჟვანია პატარკაციშვილს განდგომოდა, მათ მხოლოდ 40-45 პროპორციული მანდატი ექნებოდათ, დანარჩენ დეპუტატებს კი ბადრი გააკონტროლებდა. “აღორძინების” ლიდერი ასლან აბაშიძე ივაჭრებდა, მაგრამ ბადრისთან მაინც ითანამშრომლებდა. ბადრი 160-170 კაცს ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობას თავისუფლად აგროვებდა.
ამას დავუმატოთ, ისიც რომ პარლამენტის თავმჯდომარე მისი მეგობარი - ვაჟა ლორთქიფანიძე ხდებოდა, ხოლო “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე - პრემიერ-მინისტრი. ამიტომ დათანხმდა გამყრელიძე შევარდნაძეს და ბოლო მომენტში სესიაზე ქვორუმის შესაკრებად პარლამენტში შევიდა.
ბადრი არჩევნებიდან 6 თვის თავზე აბსოლუტურად ქმედუუნარო შევარდნაძეს პოსტიდან გადააყენებდა, ისევე როგორც მან და ბერეზოვსკიმ რუსეთში ელცინი გადააყენეს დაAამის შემდეგ პრეზიდენტი თავად გახდებოდა. ბადრი რუსეთში დაშვებული შეცდომის გამეორებას აღარ აპირებდა, მან ერთხელ მეც მითხრა, რომ პუტინზე კომპრომატები გვქონდა და ამიტომ ვფიქრობდით, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ ის ერთგულად გვემსახურებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდაო.
ბადრის პრეზიდენტად გახდომის პირველი მცდელობა ჩაეშალა და ის შევარდნაძის ელიტასთან ერთად რევანშისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა. მათი რუპორი “იმედი” გახლდათ და ამას უკავშირდებოდა ჩემი სიფრთხილეც. ამასთან, არ გვემორჩილებოდა ჯარი, იქით კოდორის ხეობის გუბერნატორი და შეიარაღებული ფორმირება “მონადირის” მეთაური ემზარ კვიციანი აქტიურობდა, პარტიზანების დაჯგუფება “ტყის ძმების” ლიდერი დათო შენგელიაც მასთან ერთად მოძრაობდა.
ჩვენი მტერი კრწანისის რეზიდენციაში გამოკეტილი შევარდნაძე აღარ იყო, მტრულად განეწყო მისი კორუმპირებული ელიტა, მთელი სისტემა. ჩვენ არ გვყავდა პოლიცია, სპეცსამსახური, არ გვქონდა ფინანსები და გვიპირისპირდებოდა კარგად ორგანიზებული ძალა.
ამის გამო, მივდივარ მიშასთან და ვეუბნები - მიშა, თუ ჩვენ გვინდა რევოლუციის შედეგების შენარჩუნება, რაღაც უნდა გავითვალისწინოთ. მაკიაველის მიხედვით, თუ გინდა ქალაქი შეინარჩუნო, ორი ალტერნატივაა, ან უნდა გაურიგდე არსებულ ელიტას, ან უნდა გაჟლიტო ის და ახალი ელიტა შექმნა. გაჟლეტაში დახვრეტას არ ვგულისხმობდი, შევარდნაძის ე.წ ინტელიგენციისთვის ელიტის ფუნქცია უნდა წაგვერთმია და ახალი ელიტა შეგვექმნა.
სააკაშვილმა მოგვიანებით ეს თეორიები ერთმანეთში აურია, თავისი ელიტის შექმნაც დაიწყო და, ნაწილობრივ, ძველსაც გაურიგდა. ფაქტიურად, მან ამ ელიტების ცუდი ნაზავი მიიღო. ამას უკავშირდება მისი ახლანდელი პრობლემები ეკონომიკაში და საზოგადოებრივ გავლენებშიც. მას დასაყრდენი აღარ ჰყავს. დარჩა მხოლოდ ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, რომელთა ლოიალობა მხოლოდ ხელფასთანაა დაკავშირებული. ნუგზარ წიკლაურის და ეკა ხერხეულიძის, ანუ ზვიადიზმის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი გამოვლინებების და ხათუნა ოჩიაურის გარდა, იდეური მხარდამჭერები აღარ ჰყავს. გიგა ბოკერია მისი ერთ-ერთი უკანასკნელი დამცველია. წარმოგიდგენიათ? მან მოახერხა და ის ხალხი, რომლებიც მის სიახლოვეს ათასობით იდგნენ საერთოდ შემოეფანტა. ის ახლა მხარდამჭერებს ყიდულობს, ამიტომ ამ მოსყიდულებს მასთან არანაირი იდეური სიახლოვე არ აკავშირებთ.
ახლა, რა გააკეთეს ჟვანიამ და სააკაშვილმა? მომკიდეს ხელი და ბადრისთან შესარიგებლად “ქაჯეთის ციხეში” ძალით წამათრიეს. ჩემი და ბადრის შეხვედრას ჩხარტიშვილი, სააკაშვილი, ჟვანია და ჩუბინიშვილი ესწრებოდნენ.
მახსოვს, ბადრის სტილიზებული კუთხე ჰქონდა - თავისი ბავშვობის იტალიური ეზო, სახლის აივანზე კი არღნით ხელში, იპოლიტე ხვიჩიას ცვილის ფიგურა იდგა.
ამ შეხვედრის შემდეგ მე და ბადრი ერთმანეთს აღარ უნდა დავპირისპირებოდით, ვინაიდან ჩვენ ორივენი ჟვანია-სააკაშვილის მეგობრები ვიყავით. ამან შოკი მომგვარა. ბადრი აღიარებდა, რომ შერიგება სურდა და ამის დასტურად დამპირდა, რომ კომუნიკაციების სფეროში ერთი თეთრის ინვესტიციასაც არ განახორციელებდა. პირველი ორი დაპირება მან არ შეასრულა. დამპირდა, რომ ტელევიზიას არ შექმნიდა და “რუსთავი 2”-ის საწინააღმდეგოდ “იმედი” შექმნა, “ჯორჯიან ონლაინს” “ტელენეტი” დაუპირისპირა. ახლა, მაიძულებდნენ, მისთვის მესამედ დამეჯერებინა. რევოლუციის შემდეგ ყველაფერი უცებ დაავიწყდათ, თითქოს ბადრი არ იყო მათი, ამ შემთხვევაში რევოლუციონერების, სამკვდრო-სასიცოცხლო მტერი. ყველაფერი დალაგდა და მე გავხდი დასაწყნარებელი. ამის გამო თითქოს “სოსკა” მომცეს, აჰა, შენ ტელეკომუნიკაციებიო.
შევთანხმდით, რომ ბადრი ტელეკომუნიკაციების სფეროს მითმობდა. მოგვიანებით მე და დათო დვალმა მართლა ჩავიბარეთ ელექტროკავშირის მენეჯმენტი და კომპანიის საშემოსავლო ნაწილი ისე გავზარდეთ, რომ არც ერთი თეთრი აქედან მოგება არ მიგვიღია. ელექტროკავშირი ზარალიდან უზარმაზარ მოგებაზე გავიყვანეთ.
იმავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბადრი ტელებიზნესში დარჩებოდა. ჩემი აზრით, ეს ჟვანიას იდეა იყო. მან სააკაშვილი დაარწმუნა, რომ მათთვის მე ბადრიზე საშიში ვიყავი და „რუსთავი 2“-ის საპირწონედ “იმედი” მოიაზრეს. „რუსთავი 2“-ის პოპულარობა არც ჟვანიას ეწერებოდა, არც სააკაშვილს. მე მეწერებოდა და ამას საფრთხედ მიიჩნევდნენ. ბურჯანაძეს ამ კონტექსტში საერთოდ არ განიხილავდნენ. ისინი მას სერიოზულ ფიგურად არ აღიქვამდნენ და ეს პარლამენტის როლის დაკნინებით მალევე გამოჩნდა.
(გაგრძელება იქნება)