2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდისთვის ერთ-ერთი წამყვანი ლოზუნგი, მმართველი კოალიციისთვის ისევ სამართლიანობის აღდგენა იქნება. სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით გააქტიურებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ წინა ხელისუფლების დროს ქონების უკანონო ჩამორთმევისა და დაზარალებულებისთვის ავტომობილების უკან დაბრუნების საკითხზე იმსჯელეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ კუთხით ინტენსიურად იმუშავა მთავრობამ და პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა. მისივე თქმით, დღეიდან იწყება ქონების უკან დაბრუნების საკითხის განხილვა.
„როგორც ვიცი, რამდენიმე ავტომობილის დაბრუნებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ვერ შეეხება წინა წლების განმავლობაში წინამორბედი ხელისუფლების დროს დაზარალებულ ყველა ადამიანს, თუმცა პროცესი დაწყებულია და ის მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით დავალებებს ძირითადად, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გასცემდნენ. ირაკლი შოთაძის განცხადებით გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს.
„იყო სისტემური მიდგომა და დავალებები მომდინარეობდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. ამ შემთხვევაში საუბარია ორი სტრუქტურის ხელმძღვანელების მხრიდან - საქართველოს პროკურატურის და შს მინისტრის მხრიდან და, რა თქმა უნდა, გამოძიება ამ მიმართულებით გრძელდება. საუბარია იმჟამინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე და ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც მთავარ პროკურატურის სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას სრულად განსაზღვრავდა. გამოძიებით რაც დადგინდება, რა მტკიცებულებებიც იქნება მოპოვებული, პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, - აცხადებს ირაკლი შოთაძე.
რაც შეეხება არაძალადობრივი საქმეების გამოძიების დროს ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, შოთაძის განცხადებით, თუ ისინი ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, პროკურატურა არ აპირებს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას და გამოიყენებს დისკრეციას. ეს მიდგომები არ შეეხება უმაღლესი თანამდებობების პირებს, რომელთა მხრიდანაც მომდინარეობდა ისეთი მიდგომები, რის შედეგადაც ასეულობით და ათასეულობით საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევა განხორციელდა.
სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ხელისუფლების გააქტიურებას მოახლოებულ არჩევნებს უკვაშირებენ ექპერტები, რადგან მათივე თქმით, დაპირების მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ მმართველობიდან სამი წლის თავზე ვერ უზრუნველყო უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესის დაწყება. დაზარალებულები კი, ისევ სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.
იურიტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ სისტემური ცვლილების გარეშე პროკურატურისგან სამართლიანობის აღდგენის მოლოდნი, სწორი არ არის.
„პროკურატურა არ არის ყოვლისშემძლე. როგორც მინიმუმ, კანონზე მაღლა ვერ დადგება. როდესაც სადავო საკუთრებებთან დაკავშირებით არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენები, კეთილსინდისიერი მყიდველები, რა თქმა უნდა, პროკურატურა ამ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი და ეფექტური. საკანონმდებლო ბაზის განახლების გარეშე სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელი იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
მისივე თქმით, ამ თემის გააქტიურება უკავშირდება 2016 წლის არჩევნებს. მისივე თქმით, თუ 2012 წელს წინასაარჩევნო სლოგანი იყო სამართლიანობის აღდგენა, ამ შემთხვევაში ხელისუფლება აქცენტს სამართლიანობის აღდგენის გაგრძელებაზე გააკეთებს.
„ისევ აქტუალური გახდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი. როგორც ჩანს, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდისთვის სამართლიანობის აღდგენის დაწყებული პროცესის გაგრძელება ერთ-ერთი წამყვანი ლოზუნგი კვლავ იქნება მმართველი კოალიციისთვის. ძალიან მარტივი პიარ ხრიკია, მაგრამ ამან შეიძლება უფრო დიდ უფსკრულამდე მიიყვანოს საზოგადოება. იმედგაცრუებამ იმ დონეს მიაღწიოს, როდესაც ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ შემცირდება და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენაზე მოქალაქეები თავადვე იზრუნებენ“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
ექსპერტი სოსო ცისკარშვილი შიშობს, რომ პროკურატურის პრიორიტეტი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის დამძიმებაა, ვიდრე სამართლიანობის აღდგენა.
„იმ ვითარებაში, როდესაც მუდმივი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა, ნელ-ნელა შემოგვაპარეს, რომ ადამიანები, რომლებიც უკანონო დავალებებს ასრულებდენ, არ დაისჯებიან. ახლა გვეუბნებიან, რომ დაისჯება მხოლოდ ის, ვინც გასცემდა უკანონო განკარგულებასო. არ მესმის, რატომ უნდა იყოს ის სადიზმი დაუსჯელი. დარწმუნებული ვარ, პროკურატურა ვერც მერაბიშვილის და ვერც ადეიშვილის ხელმოწერით, ვერც ერთ წერილობით განკარგულებას ვერ მოიძიებს. იქნება ისევ უსუსური მცდელობა იმისა, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს დაუმტკიცონ ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა. ამიტომ, რასაც იძიებენ და რაც გამოიძიეს ჯერ იმის შედეგი დაგვანახონ, ამის მერე იოცნებონ ამ საქმეების ჩამოკიდებაზე იმ ადამიანების ყელზე, რომელთაგანაც წამოვიდა ეს ბრძანება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამის მტკიცებულება ექნებათ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.