კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება ფეხების ბაკუნის ფონზე მიიღეს - ასე გამოხატეს პროტესტი იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც ”მედიაკლუბში” არიან გაერთიანებულები. ფეხების ბაკუნს სიტყვიერი მუქარა მოჰყვა; ჟურნალისტები საპროტესტო აქციებით, სასტვენებით და სასამართლოთი აპირებენ 18 აპრილს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტებას, რომლითაც კომისია ლიცენზიების გაცემისას, მომდევნო ორი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებს.
პროტესტის დამააანონსებლები აცხადებენ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 18 აპრილის სხდომაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით გააგრძელა სახელმწიფო ცენზურის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო და რომლითაც გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება.
კომისიამ გადაწყვიტა, რომ ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში, კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსები გამოცხადდება, როგორც საერთო, ისე სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის, მოთხოვნისა და თავისუფალი სიხშირული რესურსის გათვალისწინებით;
კომისიის მიერ არაპორიორიტეტულად განისაზღვრა ე.წ. სათემო მაუწყებლობა, ”ვინაიდან სათემო სამაუწყებლო არხის არსებობა გამართლებულად არ მიიჩნიეს, არც ერთ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამაუწყებლო ზონებში”.
ისე, ”სათემო მაუწყებლობის” შესახებ ინფორმაცია თავად ჟურნალისტებს არა აქვთ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საიდან და როგორ გაიგეს ამგვარი მაუწყებლობის შესახებ, ერთობ საინტერესოა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთსაათიან სხდომას კომისიის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარე, კახი ყურაშვილი უძღვებოდა - კომისიის დაკვეთით ჩატარებული ”ბისიჯის” კვლევის შედეგებიც მან წარადგინა, კომისიის გდაწყვეტილების პროექტიც მან გაგვაცნო და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზეც მან გასცა პასუხი.
იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ხშირად ესწრებიან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომებს, ჩვენი გაოცება გაუკვირდათ, იმაზე, რომ კომისიის არც ერთ წევრს, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, თუ არ ჩავთვლით სოფიო ბრიტანჩუკის აქტიურობას, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოხატავდა, როცა ესა თუ ის ჟურნალისტი, ან ჟურნალისტების დამცველი იურისტი კითხვებს სვამდნენ.
როგორც ჩანს, ქალბატონი სოფიო ძალიან გააღიზიანა ”აბეზარი” ჟურნალისტებისა და მათი დამცველების კითხვებმა. სხდომის ფაქტიურ თავმჯდომარესა და წამყვანს, კახი ყურაშვილს, დროდადრო, ძალიან დაბალი ხმით ახსენებდა, რომ ამა თუ იმ კითხვის დამსმელის რეგლამენტი იწურებოდა.
როგორც ჩვენმა კოლეგებმა განგვიმარტეს, თურმე, თითქმის ყველა სხდომაზე ასე ხდება - კომისიის წევრები ხმას არასდროს იღებენ, გაშეშებულები სხედან და მხოლოდ კენჭისყრის დროს ინძრევიან, ხელს წევენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, ხოლო დანარჩენს კახი ყურაშვილი აკეთებს - პროექტსაც ის წარადგენს, გადაწყვეტილების პროექტსაც ის კითხულობს და დასმულ კითხვებზე პასუხსაც ის სცემს.
18 აპრილს კომისიის სხდომა დანიშნულ დროს, 16 საათზე დაიწყო და როგორც მოგახსენეთ, ერთი საათი გაგრძელდა. დარბაზში 70-მდე ადამიანი იჯდა. მათ შორის ძირითადად სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. პოლიტიკური პარტიებიდან სხდომას მხოლოდ ”რესპუბლიკელები” დაესწრნენ.
კომისიის სხდომაზე იყვნენ შემდეგი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები:
სააგენტო ”მედიანიუსის”, ტელეკომპანიების: ”კავკასია”-ს, ”რუსთავი 2”-ის, ”მაესტრო”-ს, პირველი არხის, რადიო ”ჰერეთი”-ს, გაზეთ ”რეზონანსი”-ს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ”პრესაგე.ტვ”-ს, ჟურნალ ”ლიბერალი”-ს, სტუდია ”მონიტორი”-ს, ”ობიექტივი”-ს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ”მაგთიკომის”.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხუთი წევრიდან სხდომას ხუთივე ესწრებოდა (თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი; წევრები: სოფიო ბრიტანჩუკი, აკაკი სიხარულიძე, კარლო კვიტაიშვილი და ირაკლი მოსაშვილი). კენჭისყრისას გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ ერთმა, ირაკლი მოსაშვილმა არ დაუჭირა, რაც ასე ახსნა:
”ბისიჯის” მიერ წარმოდგენილი კვლევა მოძველებულია; კვლევაში მოცემული რამდენიმე არხი და გადაცემა ბუნებაში არ არსებობს. კვლევის მიხედვით განსაზღვრული პრიორიტეტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომავალი ორი წლის მანძილზე იფუნქციონირებს. არა მგონია საზოგადოებაში ის პრიორიტეტები არსებობდეს, რაც დროში დაგვიანებულმა კვლევამ მოგვცა”.
სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ, ჩვენთან საუბრისას, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასე შეაფასა:
”ხელისუფლებას ირაკლი მოსეშვილის ამ კომისიაში ყოფნა დემოკრატიულობის ანტურაჟის შესაქმნელად სჭირდება - ”ოთხი კაცი მომხრეა და ერთი წინააღმდეგი, მაგრამ რას ვიზამთ?! ოთხი ერთზე გავიდა”. ფაქტია, რომ აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის დღეს კომუნიკაციების კომისიამ ყველაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, თუ არ ჩავთვლით მაგალითად, თავის დროზე ”იმედის” დახურვასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ იქ თვითონ კომისია იყო ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ დღეს კომისიამ თავისი ნებით მიიღო ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება”.
ზვიად ქორიძე კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, იმ ნაწილში, რომლითაც კომისია უარს ამბობს სათემო მაუწყებლობის შესახებ ლიცენზიის გაცემაზე. ჩვენს კითხვაზე - რას ნიშნავს სათემო მაუწყებლობა, რეგიონალურ მაუწყებლობას? ქორიძე პასუხობს:
”ეს არ არის რეგიონალური მაუწყებლობა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ კომისიის წევრებს სათემო მაუწყებლობა გააზრებული არა აქვთ. სათემო მაუწყებლობა არის ის სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც იჩენენ თემის წევრები, რომლებიც თვითონ აფუძნებენ სათემო რადიოს, თვითონ ჰყვებიან თემის ამბებს და უყვებიან თემის სხვა წევრებს. აუცილებლად გავასაჩივრებ კახი ყურაშვილის იმ ბოლო რეპლიკას, რომლითაც მან თქვა, რომ თუ 500 მოქალაქე მიიტანს პეტიციას, რომ უნდათ სათემო მაუწყებლობა, კომისია ამაზე ეტყვის უარს. ამით კომუნიკაციების კომისიამ ღიად გვითხრა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება”.
სტუდია ”მონიტორის” ხელმძღვანელი, ნინო ზურიაშვილი მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომიის მიერ, 18 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება არის სახელმწიფო ცენზურის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2004 წლიდან დაიწყო.
”ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ არ იყოს ლიბერალური გარემო, ახალი ტელევიზიების წარმოქმნის საშუალება. რაც არის მათ ხომ არ დავუწყებთ ჭიდაობას?! დაე იყოს ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვინდა ახალი, კონკურენტული გარემო, სადაც რაღაც წარმოიქმნება და ამის საშუალებას არ იძლევიან.
მოგეხსენებათ, ახლახანს დავაფუძნეთ კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის”. ჩვენ იურისტიც გვყავს და კოალიციაში შემავალი სუბიექტები ვიმსჯელებთ ხვალ, ზეგ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ყველა ღონისძიებაზე წავალთ. ვგულისხმობ ჩივილს, ქუჩის აქციებს, სასტვენებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოება გვერდში დაგვიდგეს, მედიის გარემოს ლიბერალიზაციის მოთხოვნაში”, - გვითხრა ზურიაშვილმა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე მყოფმა ერთადერთმა პოლიტიკოსმა, ”რესპუბლიკელმა” ლევან ბერძენიშვილმა, კომისიის გადაწყვეტილება ასე განმარტა:
”ახლა საქართველოში ბევრგან ხდება ხოლმე გადაწყვეტილებების მიღება და ასეთი პატარა გადაწყვეტილებებით დიდი ნაბიჯები იდგმება. დღეს თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი პატარა ნაბიჯის მოწმე ვიყავით. მართალია ამით ქვეყანა არ დაიქცევა, რადგან საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, რომ ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ბევრს არაფერს დააკლებს, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ლიბერალური აზროვნების წინააღმდეგ იყო მიმართული.
განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როცა მივიღეთ განმარტება, რომ მაგალითად 500-მა კაცმა, რომ მოითხოვოს სათემო მაუწყებლობა, პოლიტიკურად ეს იქნება დაუშვებელი, რადგან ეს თურმე არ არის პრიორიტეტული რომელიღაც კვლევის მიხედვით, რომელმა კვლევამაც და თვითონ მოქალაქეებმაც შეიძლება, არც იციან ის სიკეთე, რაც თან ახლავს სათემო მაუწყებლობას. ჩემი აზრით, აი, ასეთ თემაზე პასუხი იურისტს კი არა, კომისიის რომელიმე წევრს უნდა გაეცა. ჩემი აზრით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში ეს სწორედ ის ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს”.
სათემო მაუწყებლობა ლევან ბერძენიშვილმა ”ბაუნტის” შეადარა:
”საბჭოთა კავშირში, რომ გეკითხა, გინდა თუ არა ”ბაუნტი”, არავინ არ იცოდა რა იყო ეს და ამიტომ, არავის უნდოდა, მაგრამ მერე შეიძლება ვიღაცას მოუნდეს”.