„გლობალ ალიანსის“  ამოცანაა დადოს დოკუმენტები ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით

„გლობალ ალიანსის“ ამოცანაა დადოს დოკუმენტები ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით

2015 წლის 6 აპრილს საქართველოს ჯანდაცვისმინისტრმა, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსთან“, გრძელვადიან ხელშეკრულებას მოაწერახელი. აღნიშნული შეთანხმების მიზანია: ჯანდაცვის სისტემის მართვის ინოვაციური  პროგრამის შემუშავება, საქართველოს ჯანდაცვის სტანდარტების, ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე, გარანტირებულ და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

ამ შეთანხმების ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭო, რომელიც  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსისა“ და საქართველოს  ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან შედგება.

for.ge  საბჭოს წევრს, „გლობალ ალიანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, რუფათ იანსუპოვს ესაუბრა.

ბატონო რუფათ, რა არის ჯანდაცვის სისტემის რეორგანიზაციის საერთაშორისო პროექტის მართვის საბჭოს ამოცანა?

- საქართველოში „ალიანსი“ რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ამ მიმართულებების ფორმირება ხდება მუშა ჯგუფებში, რომლებიც აყალიებებენ ტექნიკურ ამოცანებს, შემდეგ ხდება მიზნის ფორმირება და  მუშავდება პროექტები. საუბარია იმაზე, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის გენერალური პროგრამა და კიდევ 20 ვიწროპროფილური პროგრამა, რომელთაც აფინასებს სახელმწიფო ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, ამის მიუხედავად, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არის მთელი რიგი მიმართულებები, რომელთაც ჯანდაცვის სიტემა ვერ ფარავს, ვერ აფინანსებს, და რომლებიც ითხოვენ მეტ ყურადღებას.

გარდა ამისა, არსებული პროგრამებიც საჭიროებენ გაღრმავებას და ეფექტიანობის გაზრდას. ნურავინ გაიგებსისე, რომ ჩვენი რეკომენდაციები იქნება რევულუციურ ცვლილებებზე ორიენტირებული. ეს ასე არ არის.  ჩვენი ამოცანაა, დავდოთ დოკუმენტები, თუ რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიმართულებით.

ამ მიზნის მისაღწევად და ხარისხიანი კოორდინაციის მიზნით არის სწორედ შექმნილი პროექტის მართვის საბჭო, რომელშიც პარიტეტულ საწყისებზე შესულია ექვსი წარმომადგენელი „ალიანსის“ და ექვსიც - ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. საბჭოს ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე, ბატონი ვალერი კვარაცხელია გახლავთ. ეს საბჭო გაუწევს მონიტორინგს მუშა პროცესის მიმდინარეობას და ფაქტობრივად იქნება „ალიანსის“ მიერ შექმნილი ანალიტიკური პროდუქტის მიმღები.

რამდენადაც ცნობილია, უკვე შექმნილია 14 სამუშაო ჯგუფი. ბუნებრივია, ყველა მათგანს ექნება თავისი ამოცანა და მიმართულება. ამ მიმართულებებიდან ყველაზე პრიორიტეტულად რომლებს დაასახელებდით?

- ყველა 14–ვე მიმართულება პრიორიტეტულია. მე ვისაუბრებ არსებული პრობლემების შესახებ, თუმცა, მანამდე, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული სამედიცინო საზოგადოების ერთმა ნაწილმა, კერძოდ, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებმა სიამოვნებით მიიღეს „ალიანსის“ წინადადება და აქტიურად ითანამშრომლებენ მუშა ჯგუფებთან და, მთელ რიგ შემთხვევებში, ამ ჯგუფების წევრებიც იქნებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს ჯგუფები შექმნილია საიმისოდ, რომ მოიცვას ჯანდაცვის ყველა ის მიმართულება, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. აქ საუბარია სისტემურ სამუშაობზე, რამდენადაც ჯანდაცვა ,თავის მხრივ, მთელი რიგი სისტემებისგან შედგება როგორებიცაა: დაფინანსების სისტემა, კადრების მომზადების სისტემა, მომსახურების სისტემა და ა.შ. ამ ჯგუფების ამოცანაა, რომ შექმნან გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები. შემდგომში, სწორედ ამ ინსტრუმენტების ამოქმედებამ უნდა შექმნას სისტემის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი.

მთავარი ის არის, რომ წინა ხანგრძლივი პერიოდისგან განსხვავებით, ჩვენ ჯანდაცვის  განვითარების პრინციპულად სხვა ხედვა გვაქვს. კერძოდ, მრავალი წლის მანძილზე ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების გასაღებს საქართველოში სისტემის შემსუბუქებაში ხედავდნენ, ანუ ყველა იმ მექანიზმის იგნორირებასა და პრაქტიკულად მოსპობაში, რაც განაპირობებს ხარისხის კონტროლს და სისტემის მართვასა და ფუნქციონირებას. ამ გზით, სურდათ ბიუროკრატიის მოსპობა სისტემაში. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ გზას შედეგი არ მოაქვს.

აუცილებლად აღსადგენია გარკვეული მექანიზმები, რომელთა ამუშავებაც ქაოტურობას გამორიცხავს. მაგრამ, ეს მექანიზმები შესამუშავებელია არა მექანიკურად, არამედ მსოფლიო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით. სწორედ იმიტომ არის „გლობალური ალიანსის“ ექსპერტები მისაღები საქართველოს მთავრობისთვის, რადგან ყველა მათგანს აქვს ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებით სისტემური მიდგომების შექმნის უნიკალური და წარმატებული გამოცდილება.

რა ვადებია განსაზღვრული „გლობალური ალიანსისთვის“, რომ გაწეული სამუშაოს პირველი შედეგები წარმოადგინოთ?

- ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ 31 დეკემბრამდე წარმოვადგინოთ გარკვეული შედეგი. ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად 31 დეკემბერს მომზადდება პრეზენტაცია. ცხადია, ამ პერიოდში, შემუშავებული დოკუმენტების კვალდაკვალ, ჩვენ წარმოვადგენთ შედეგებს. ეს იქნება გეგმები, რეკომენდაციები, გრაფიკები და სხვა კონკრეტული პროდუქტები.

„ალიანსის ექსპერტები“ უკვე გარკვეული პერიოდია მუშაობენ საქართველოში.  ხომ არ შეგიძლიათ გამოყოთ რამდენიმე საკითხი, რაც, თქვენი აზრით, პირველ რიგში, საჭიროებს გაუმჯობესებას?

- ასეთია ყველა საკითხი, მაგრამ, ამ ეტაპზე, ვისაუბრებ პირველადი ჯანდაცვის თემაზე. აქ მთავარია, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, პირველადი ჯანდაცვის ობიექტში მისულმა პაციენტმა მიიღოს იმ დონის სამედიცინო სერვისი და კონსულტაცია, რომ მას ობიექტურად დარჩეს კმაყოფილების განცდა. თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად, სწორედ ამაზე მუშაობენ „ალიანსის“ ექსპერტები. როგორც ყველა მიმართულებაში, აქაც მულტისექტორალური სამუშაოა განსახორციელებელი.

კიდევ ერთ საკითხს გამოვყოფდი. ეს არის დიპლომის შედგომი განათლება. საუბარია ექიმის კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლების პროცესზე. დღეს ასევეა უცილებელია ზოგადი პრაქტიკის ექიმების მომზადების პროცესზე ყურადღების გამახვილება, რათა ისინი  თანაბრად ძლიერნი გახდნენ, როგორც პედიატრიაში, ისე თერაპიაში, ისე ქირურგიასა თუ გინეკოლოგიაში და ა.შ. ამ მიმართულებით, აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის და განათლების სისტემის კოორდინაციის გაუმჯობესება.