„გაოცებული“ ალასანია და „ზნედაცემული“ სააკაშვილი

„გაოცებული“ ალასანია და „ზნედაცემული“ სააკაშვილი

[გვანცა გიორგობიანი]

მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლებას ევრობონდების გამოშვებასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციაც დაუფიქსირა და მიხეილ სააკაშვილს საკუთარი აზრი მოახსენა უზნეობასთან დაკავშირებით.

ეს ყველაფერი 18 აპრილს „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოხდა. იმავე დღეს, ირაკლი ალასანიას ჟურნალისტებმა ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამებზეც დაუსვეს შეკითხვები, რაზეც ალასანიამ მოკლე, მაგრამ მრავამნიშვნელოვანი პასუხი გასცა. ალასანიას განცხადებას „ქართული პარტიიდან“ სოზარ სუბარი გამოეხმაურა და პასუხის პასუხად განაცხადა: „რვა თვე ვიყავი ალასანიას გვერდით, მაგრამ გადაბრუნებული სიტყვა ვერ ვათქმევიეთ ვერც გიგი უგულავაზე, ვერც სააკაშვილზე“.

ახლა კი, როგორც ჩანს, ერთი მხრივ სააკაშვილმა, მეორე მხრივ ოქრუაშვილმა ალასანიას სხვა გზა არ დაუტოვეს და ისიც თანდათან ითვისებს რეალური, ქართული პოლიტიკის ანბანს. ალასანიას განცხადებები, შეიძლება ითქვას, მკაცრი და მისთვის უჩვეულოც კი იყო, მაგრამ ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.    

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალასანიამ საკუთარი პოზიცია თავდაპირველად, ევრობონდებზე გამოთქვა:

„ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არკვალიფიციურმა, ფსევდო ლიბერალურმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში შეიყვანა. უმუშევრობამ ეროვნული კატასტროფის მასშტაბი მიიღო და ფასების ზრდამ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვრამდე მიიყვანა. ეკონომიკის ნგრევის კიდევ ერთი ამის ნათელი მაგალითია საგარეო ვალების კოლოსალური ზრდა, რომელიც არა სააკაშვილის და მისი გაკოტრებული მთავრობის, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასახდელია.

2011 წლისთვის საქართველოს საგარეო ვალმა უკვე 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა. მაშინ როდესაც 2008 წლისათვის 2 მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო.

ყველას კარგად გვახსოვს თუ რა პირობით იღებდა 2008 წელს საქართველოს მთავრობა 500 მილიონ დოლარინ სესხს წლიური 7,5%–ით , რომელსაც ფინანსურ ენაზე  ევრობონდს ეძახიან. ფაქტია, რომ ეს თანხა გაცხადებული გაზსაცავის მშენებულობაზე არ დახარჯულა. დღემდე არავის არ დაკისრებია პასუხისმგებლობა ამ არასახელმწიფოებრივ და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯზე, ხოლო თუ სად წვიდა ეს ფული, გაურკვეველია.“

ალასანიას განმარტებით, 2013 წლისთვის სააკაშვილის ხელისუფლება ვალდებული იყო დაეფარა ეს ვალი, მაგრამ პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ ვალის გასტუმრებას არ აპირებს და ამიტომ, 2 წლით ადრე მთავრობამ  კიდევ ერთი 500 მილიონი დოლარის ახალი ევრობონდი აიღო.

„ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანამ საგარეო ვალის ხარჯზე იცხოვროს. ამ ვალის გადამხდელი დღევანდელი დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში ჩვენი ხელისუფლება რომ არ არის, ცხადია. შესაბამისად, აღნიშნული ვალი მთლიანად დააწვება და მისი გასტუმრება მოუწევს მომავალ თაობებს. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ სააკაშვილი მომავალ თაობებს მხოლოდ ვალებს უტოვებს“. – განაცხადა ალასანიამ.

მისივე განმარტებით, მომავალი ათი წლის მანძილზე, მხოლოდ არსებული ვალის პროცენტის სახით, საქართველოს მინიმუმ 430 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს 10 წლის განმავლობაში.

„ხელისუფლება, როგორც მას ჩვევია, უმალავს თავის მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ როდის მოხდება მათ მიერ გაცხადებული რეფინანსირების დასრულება. რადგანაც დიდი ალბათობით გამომდინარე რეფინანსირბისთვის განკუთვნილი ნაწილი კვლავ გაიხარჯება არამიზნობრივად და საქართველოს საგარეო ვალი კიდევ უფრო გაიზრდება.

„თავისუფალი დემოკრატები“ მოვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას საგარეო ვალის ზრდასთან დაკავშირებით. მთავრობა ვალდებულია წარმოადგინოს დეტალური ანგარიში ევრობონდების რეფინანსირების ვადებსა და მის მიმდინარეობასთან მიმართებაში.  ასევე, ჩვენ შესაბამისი მოთხოვნით წერილობით მივმართავთ ფინანსთა სამინისტროს“, – ასე დაასრულა ევრობნდებთან დაკავშირებული გამოსვლა ალასანიამ და ამის შედეგ, სააკაშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტის დახასიათებაზე გადავიდა.

მკითხველს შევახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ სიუჟეტს – „გაოცებული ალასანია“, რომელიც 10 თებერვალს ალასანიას"Chatham house"-ში გამოსვლას ეხებოდა.

„გაოცებული ვარ იმით, თუ რამხელა საერთაშორისო ყურადღება ეთმობა საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სტრატეგიულად საკმაოდ უმნიშვნელო ქვეყანაა, ამიტომ ქართველმა პოლიტიკოსებმა უფრო რეალისტურად უნდა შეხედონ ქვეყნის ადგილს საერთაშორისო სისტემაში და არ უნდა შექმნან ისეთი არარეალური მოლოდინები, როგორც ეს სააკაშვილმა შექმნა ბუქარესტის სამიტზე.“ – „იმედის“ ვერსიით, ეს ფრაზა „გაოცებულ“ ალასანიას ეკუთვნოდა, თუმცა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით ბევრი ვერეფერი გაიგო მაყურებელმა.

როგორც ჩანს, „იმედმა“ ფონი მოუმზადა სააკაშვილს ალასანიაზე თავდასხმისთვის, რადგან „რვიანმა“ საარჩევნო გარემოს ცვლილებიბის მოთხოვნებით, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა „დემოკრატიული შუქურის“ ლიდერი. წესით, სააკაშვილი ჯერ, 2007 წლის ნოემბრის, ხოლო შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მარცხის გამო, საარჩევნო გარემოს გამო, მართლაც უხერხულია, რომ უხერხულობას გრძნობდეს, მაგრამ ფაქტი დაფიქსირდა და ამას ვერსად წაუვალთ.    

მოკლედ, „იმედის“ სიუჟეტიდან რამდენიმე წუთში, სააკაშვილმა ტელეეთერით გააკეთა კომენტარი: „ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოსულა უცხოეთში რაღაც კონფერენციაზე და უთქვამს, რომ ჩვენს ქვეყანას არანაირი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს და ევროპისთვის ჩვენი პრობლემების თავზე მოხვევა უნდა შევწყვიტოთ. ხვალ ეს პოლიტიკოსი მოვა და თავის 3%-იან რეიტინგს გააპროტესტებს, თუმცა დღეს ირწმუნებოდა, რომ არა 3, არამედ 35 %-იანი რეიტინგი აქვს და მესამე ადგილზეა. სწორედ ამიტომ ვითხოვ, რომ გავაძლიეროთ ტექნიკური საგნების სწავლა. ამ ხალხს არითმეტიკა მაინც უნდა ვასწავლოთ, თუ ტრიგონომეტრიას, ალგებრას და უმაღლეს მათემატიკას ვერ აითვისებენ. 35%-ით მესამე ადგილზე როგორ უნდა აღმოჩნდე - ამას მაინც ისწავლიან. თუ ასეთი უმნიშვნელო ქვეყანა ვართ, რუსეთი რატომ იბრდღვნის ყველაფერს?! რატომ არის, რომ მოლდოვაში, უკრაინაში, აზერბაიჯანში და ყველგან ყველა ლაპარაკობს საქართველოს მნიშვნელობაზე?!“.

ობიექტურობა მოითხოვს შევნიშნოთ, რომ ელემენტარული არითმეტიკის სწავლა არც სააკაშვილის მინისტრებს და ტაშის დამკვრელებს აწყენდათ. როცა ქვეყანაში 75% უმუშევარია, 4 მლნ ადამიანიდან 1,800,000 ადამიანი სიღატაკის ზღვარს ქვევით იმყოფება, ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის, მედია და ბიზნესის ტერორშია და მთელი საზოგადოებრივი სიმდიდრე ერთი, მცირერიხოვანი ჯგუფის ხელშია თავმოყრილი, „ნაციონალური მოძრაობას“, როგორც თავად ამბობდნენ მოსახლეობის 53% როგორ უჭერს მხარს?   

ეს ისე, სიტყვამ მოიტანა და ვახსენეთ, ხოლო რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, სააკაშვილის გამონათქვამებმა აიძულა მისთვის უჩვეულო ტერმინოლოგიით დაეხასიათებინა ამ სიტყვების ავტორი:

„სააკაშვილმა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ადამიანური სახეც დაკარგა. მისი განცხადებები ზნედაცემული პოლიტიკოსის უსუსური მცდელობაა, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს დარტყმა მიაყენოს. გარანტიას ვიძლევი, რომ ამ ბრძოლაში სააკაშვილი დამარცხებულია. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. სააკაშვილის პრობლემა ის არის, რომ მას მომავლის ეშინია, რადგან მომავლის პოლიტიკაში სააკაშვილს ადგილი არ აქვს. უცხოეთში ყველა ჩემი შეხვედრა საქართველოს ინტერესების დაცვისათვის იმართება. სწორედ სააკაშვილის მიერ იმიჯშელახული საქართველო გვსურს, ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ალბათ, სააკაშვილის განცხადებების მოტივაციაც ეს არის, რადგან ის საფრთხეს გრძნობს“, - რამენიმე ფრაზით ასე დაახასიათა ალასანიამ პოლიტიკური მოწინააღმდეგე.

აქვე უნდა თქვას, როგორც ჩანს, სააკაშვილი მართაც რთულ მდგომარეობაშია, რადგან საარჩევნო გარემოს დათმობით იგი დროზე ადრე დაკარგავს ძალაუფლებას. მისი მხრიდან საარჩევნო გარემოს დათმობა ხელისუფლებიდან წასვლის განცხადების ტოლფასი იქნება და ამ შემთხვევაში, როგორც თავად უყვარს თქმა, მთლიანად ჩამოეშლება სახელისუფლებო ვერტიკალი. თუმცა არდათმობის შემთხვევაში, სააკაშვილის მმართველობას ოპოზიციის ე.წ. რადიკალური ფრთა შეუქმნის საფრთხეს, რაც გამორიცხული არაა საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის გააქტიურების საბაბი გახდეს.

სააკაშვილი, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც დაკარგავს ძალაუფლებას, რადგან „რვიანი“ მთლიანად მას აჰკიდებს პასუხისმგებლობას და ასევე დიდი ალბათობით, „რადიკალების“ მოთხოვნას – საქართველო სააკაშვილის გარეშე – დაუჭერს მხარს.

შესაძლოა, სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, დროებით მოახერხოს ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურად ისედაც გაკოტრებულმა  პრეზიდენტმა, საეჭვოა დასაყრდენი საერთაშორისო ასპარეზზე იპოვოს.

და კიდევ ერთი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სააკაშვილი პირდაპირ არასოდეს ესხმოდა თავს ალასანიას, რითაც კიდევ უფრო უწყობდა ხელს იმ მითქმა–მოთქმას, რომ ალასანია სააკაშვილის თამაშს თამაშობდა. პიარში გაწაფულმა სააკაშვილმა შეცდომაც კი დაუშვა, როცა ალასანიაზე იერიში მიიტანა, რადგან ამით დაამსხვრია მითი „ალასანია მიშა–2“.  კრიტიკოსებმა შესაძლოა, თქვან, რომ სააკაშვილი ალასანიაზე თავდასხმებით მის „გათეთრებას“ ცდილობს, მაგრამ მაშინ რა ახსნა შეიძლება მოენახოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და ამერიკის ელჩის ვიდეო–გამოსვლას?

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ დასავლეთიც პოსტსააკაშვილისეული ეპოქისთვის ემზადება. თუ აქამდე ისინი ვერც კი ამჩნევდნენ ქართულ ოპოზიციას და მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას აღიარებდნენ, დღეს სურათი რადიკალურად შეიცვალა. გარდა ამისა, გაუგებარი რჩება, რა რჯიდა ალასანიას, რომელიც გაეროში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს, სააკაშვილის გადასარჩენად რადომ უნდა მოვლენილიყო საქართველოში, როგორც ამას ოპოზიცის ნაწილი ნერგავს საზოგადოებაში?

რატომ დატოვა ალასანიამ პროტესტის ნიშნად თანამდებობა სააკაშვილისთვის ყველაზე მძიმე მომენტში?  გაუგებარი რჩება ასევე, რატომ უნდა დაასრულოს ალასანიამ საკუთარი პოლიტიკური კარიერა დამარცხებული და წარმავალი სააკაშვილის გამო? ეს ის კითხვებია, რაზეც პასუხი ვფიქრობთ დიდი ხანია გაცემულია, მაგრამ ალასანიას „დანაშაული“ ის იყო, რომ ქართული პოლიტიკის დასავლურად მოქცევას ლამობდა.    

ქართულ პოლიტიკას დასავალურამდე ბევრი უკლია, მაგრამ „რვიანმა“ ბრძოლის ცივილური მეთოდებით მაინც მოახერხა, რომ სააკაშვილი ჩიხშია მოქცეული და მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ამაში ლომის წილი სწორედ იმ „რვიანს“ მუძღვის, რომლის დისკრედიტაციის მცდელობა ერთი მხრივ ხელისუფლებას და მეორე მხრივ ოპოზიციის ნაწილს აქვს.

ახლა კი, ისევ ბრიფინგს დავუბრუნდეთ, სადაც ყველაფერი ალასანიას და სააკაშვილის დაპირისპიებით არ დასრულებულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟურნალისტებმა ხელიდან არ გაუშვეს სიტუაცია, რომ ალასანიასთვის ოქრუაშვილის გამონათქვემები შეეხსენებინათ.

საქმე ეხება „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ირაკლი ოქრუაშვილის ინტერვიუს, რომელმაც „რვიანს“ ტაქტიკა დაუწუნა, ხოლო ალასანია შემდეგნაირად მოიხსენია:

„ალასანია ერთადერთი ქალწული იყო ქართულ პოლიტიკაში უდავოდ დიდი მოლოდინითა და მხარდაჭერის იმხელა რესურსით, რომელსაც მეც კი ვინატრებდი 2007 წელს,  მაგრამ ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა მიშამ უბიწოება, რომ მგონი, თვითონაც ვერ მიხვდა“.

ალასანიამ ჟურნალისტების შეკითხვასმოკლედ უპასუხა: „ირაკლი ოქრუაშვილი ისეთივე უღირსი და მხდალი ადამიანია, როგორც სააკაშვილი. ის პასუხის ღირსიც არ არის. როდესაც პირადად შევხვდები, მაშინ გავცემ საკადრის პასუხს.“

სააკაშვილზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ოქრუაშვილის და ალასანიას დაპირისპირება, აშკარად უნდა სცილდებოდეს პოლიტიკურ ჩარჩოებს. რატომ და საიდან მოდის ეს დაპირისპირება, ამას ალბათ, დრო გამოაჩენს. ყოველ შემთხვევაში, იმედი ვიქონიოთ გაუგებარი არ დარჩება რას ეტყვის ალასანია ოქრუაშვილს პირისპირ შეხვედრისას და რა პასუხი ექნება ამაზე ოქრუაშვილს. ასე გასრულდა ბრიფინგი, რომელიც სხვა ბრიფინგებისგან განსხვავებით, მრავლის მომცველი და მრავლის მთქმელი იყო.