ინტრიგა, რომელიც საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს ახლავს, სულ უფრო საინტერესო ხდება. ეს არ ეხება არც რონი ფუქსის სასამართლო პროცესს და მის განაჩენს და არც ისრაელის სამხედრო წარმოება Elbit Systems-ს, რომელმაც ახლახანს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას მისი 100 მილიონი ამერიკული დოლარი მართებს იმ უპილოტო თვითმფრინავებისთვის, რომელიც ამ უკანასკნელმა შეიძინა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის უშიშროების სამსახურების კომპანია Global CST, რომელსაც 2008 წლის აგვისტომდე საქართველოსთან წვრთნის კონტაქტები ჰქონდა გაფორმებული, თანამშრომლობის გზებს აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან ეძებს.
ამბობენ, რომ უსაფრთხოების გარდა მოლაპარაკებები მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, რადგან კომპანიას ასევე აქვს სამოქალაქო განყოფილება და საკუთარი ბაზრები განვითარებადი ქვეყნებისთვის (ან როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაშია, კვაზი-სახელმწიფოებისთვის) ერთგვარი სრულყოფილი კონსულტაციების გასაწევად. საინტერესოა, რომ Apsny-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ისრაელის მთავრობის თანხმობით მიმდინარეობს.
სულ რაღაც ერთი თვის შუალედში, ეს საქართველოს და ისრაელს ანუ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან დაახლოვებულები იყვნენ, მესამე სერიოზული ინციდენტია. დიდი ხნის განმავლობაში, ისრაელის ეკონომიკური ზრდა და რთულ სამეზობლოში მისი გეოპოლიტიკური სიმამაცე, ბევრისთვის საქართველოში მისაბაძ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენდა. ამას ემატებოდა სამხედრო ვაჭრობა, როდესაც მთელი რიგი ისრაელური სამხედრო კომპანიები, როგორიცაა მაგალითაც Global CST საქართველოში მუშაობდნენ და ქართულ არმიას საბაზისო ტაქტიკებში წვრთნიდნენ. ეს ყველაფერი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასრულდა. საბოლოო ჯამში, ისრაელმა თავისი უპილოტო თვითმფრინავების მიყიდვა რუსეთისთვის დაიწყო – ნაბიჯი, რომელიც თბილისის აღფრთოვანებას ნამდვილად არ გამოიწვევდა.
მაგრამ საეჭვოა, რომ ეს იყოს იმ კრიზისის გამომწვევი მიზეზი, რომელიც დღეს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში აშკარად შეიმჩნევა. მაშინ როდესაც რონი ფუქსის საქმე შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ცალკეული ინციდენტი, Elbit Systems-ის ბრალდებები კი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაუარესება, თელ-ავივის აშკარა თანხმობით Global CST-ს სოხუმში გამოჩენა, ტენდენციაზე მიუთითებს.
საჯარო განცხადებების დონეზე არაფერი თქმულა, მაგრამ აღნიშნული მოვლენები ყოფილ მეგობრებს შორის გაღიზიანების ზრდის ინდიკატორია. დიდი დრო არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობები შეწყვიტა, რომ თბილისმა ირანთან დაახლოვება დაიწყო, ქვეყანასთან რომელსაც ისრაელში ბევრი ძალიან რეალურ ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. მაშინ როდესაც საქართველო, თბილისი-თეირანის ურთიერთობების ფასად, დასავლურ სამსახურებთან ეჭვმიტანილი ირანელი აგენტების დაკავების საქმეზე თანამშრომლობდა, აგვისტოს ომის შემდეგ თბილისმა მალევე მკვეთრად შეცვალა პოლიტიკა, რისი კულმინაციაც გახდა საქართველო-ირანს შორის მთელი რიგი შეთანხმებების გაფორმება, როგორც ახალი ეტაპის დასაწყისის ნიშანი ურთიერთობებში. ხომ არ გაჩნდა ეს თბილი ურთიერთობა თბილისს და თეირანს შორის ისრაელთან კავშირების ხარჯზე? რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის პასუხს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე. მან აღნიშნა, რომ ირანს, რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტის ხელმომწერია, უფლება აქვს ჰქონდეს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა და განაცხადა, რომ „მაგატეს“ კონტროლი ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ისრაელი ამ პაქტის ხელმომწერი არ არის. ნიშნავს თუ არა ეს შენიღბულად ისრაელისთვის კბენას?
საქართველოს თეირანისადმი ინტერესი დაემთხვა ანკარასთან ურთიერთობების გააქტიურებას, რომელიც წარსულში ისრაელის ყველაზე სანდო პარტნიორი იყო, თუმცა დღეს ეს ასე აღარ არის. თურქეთი, რომელიც ცდილობდა რეგიონში ძალის დამოუკიდებელ პოლუსად პოზიციონირებას, ყველაფერი იღონა თვითდამკვიდრებისთვის ახლო-აღმოსავლეთსა და კავკასიაში, რაც როგორც სჩანს ისრაელთან და უფრო ნაკლები დოზით აშშ-სთან და დასავლეთ-ევროპასთან მისი ურთიერთობების ფასად მოხდა. საქართველომ თავის მხრივ თურქეთში პოტენციური პატრონი აღმოაჩინა, რომელიც გაცილებით მეტად არის დაინტერესებული რუსეთის რეიმპერიალიზაციის შეზღუდვაში მის ახლო სამეზობლოში.
თბილისის და ანკარას საგარეო პოლიტიკათა სინქრონიზაციის ხარისხის დემონსტრირებისთვის ვაშაძემ ისეთი ცნობილი ფრაზაც კი გამოიყენა, როგორიცაა „zero problems“ (ნულოვანი პრობლემები) – რომლის ავტორიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავითოღლუა, რომელმაც ასე აღწერა თურქეთის გეოპოლიტიკური რეორიენტაცია, როდესაც თურქეთის მიერ შარშან ზაფხულში ინიცირებულ სადავო ბირთვული შეთანხმების მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობდა. თბილისი-ანკარას და, შესაძლოა, უფრო ნაკლები ხარისხით - თბილისი-თეირანის პოზიციების დაახლოება, ხომ არ გახდა იმის მიზეზი, რომ საქართველო-ისრაელის პარტნიორობამ პერიფერიაზე გადაინაცვლა?
ფაქტები ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. ცხადია რომ ისრაელს აღარ აქვს გავლენა თბილისზე, რომელსაც რონი ფუქსის სადავო სასამართლო პროცესთან დაკავშირებით გამოიყენებდა, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობის ჩინოვნიკებმა ფაქტობრივად დადასტურებულად იცოდნენ, რომ ისრაელის უკურეაქციას გამოიწვევდა და ისრაელის პასუხიც – მწვანე შუქის მიცემა Elbit Systems-ის პრეტენზიებისთვის და Global CST-სთვის აფხაზეთში ბიზნესის წარმოებაზე – ორი დედაქალაქის ურთიერთობებში, რომლებიც ერთ დროს ერთმანეთს მეგობრებად მიიჩნევდნენ, „კბილი კბილის წილ“ შთაბეჭდილებას ქმნის.
თუკი ეს მართლაც ასეა და სიტუაცია უფრო გამწვავდება, გარდატეხამ შესაძლოა თბილისს პრობლემები მის ვაშინგტონელ მოკავშირეებთან შეუქმნას, რომელთა მხარდაჭერაც ისრაელისადმი დიდი ხნის და ორპარტიული ღირებულებაა, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან მოქნილი აღმოჩნდა. საქართველოს, რომელიც ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში საკვანძო ჯგუფებთან მეგობრობის კულტივირებას ახდენს და დიდწილად მაღალი რანგის ლობისტების მომსახურებას ეყრდნობა, ძალიან ცოტა შანსი აქვს იმისა, რომ ებრაულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულებას მოუწონებენ. მეორეს მხრივ იმ შთაბეჭდილების გამო, რაც საქართველო-ისრაელის განხეთქილებით იქმნება (და აშშ-სთან გაყრამ), საქართველოს ბევრ ახლო-აღმოსავლელ მეზობელში თბილისისადმი შეიძლება კეთილგანწყობა გაიზარდოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით გაურკვეველია არის თუ არა მიმდინარე კრიზისი ისრაელთან დროებითი პრობლემა თუ პერმანენტული ტენდენციის დასაწყისი, ცხადია, რომ საქართველო-ისრაელის მეგობრობა ამიერიდან უდაო ფაქტად ვეღარ ჩაითვლება.
[foreignpress.ge]