ბათუმის პრესკაფეში ყოფილმა ”რესპუბლიკელებმა” ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია - ”ემსახურე საქართველოს” დააფუძნეს, რომელშიც მათთან ერთად პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყოფილი პარლამენტარები და სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები გაერთიანდნენ.
”ემსახურე საქართველოს” თავმჯდომარე ”რესპუბლიკური პარტიიდან” ერთი თვის წინ გარიცხული მურმან დუმბაძეა, ხოლო თანათავმჯდომარე, ასევე ყოფილი ”რესპუბლიკელი” ავთანდილ ბერიძე, რომელიც ამავდროულად, ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს წევრია.
”ობიექტივი.ნეტ”-ს ახლადდაფუძნებული ორგანიზაციის გეგმებსა და მიზნებზე მურმან დუმბაძე ესაუბრა.
ვისთან ერთად დააფუძნეთ ახალი ორგანიზაცია?
მურმან დუმბაძე: ბათუმის პრესკაფეში დავაფუძნეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახელად ”ემსახურე საქართველოს”, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში შემოვლენ, თუ მას გარედან უგულშემატკივრებენ, ყველას გვავალდებულებს ვემსახუროთ ჩვენს სახელმწიფოს და სამშობლოს.
”ემსახურე საქართველოს” 50-მა ადამიანმა დააფუძნა და უკვე 100-ზე მეტის განცხადებაა შემოსული. ბედნიერი ვარ იმით, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის ყოფილ ”რესპუბლიკელებთან” ერთად არიან სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები, წევრები, ბათუმის კოლორიტები, რეგიონში ცნობილი და პატივცემული ადამიანები.
მაგალითად, ვისი დასახელება შეგიძლიათ?
- ”ემსახურე საქართველოს” დამფუძნებლები და, ამავდროულად, მმართველი საბჭოს წევრები არიან: მუზეუმის სიძველეთა ცნობილი ექსპერტი, ბიძინა აფხაზავა; ყოფილი პარლამენტარი გურამ თურმანიძე; ცნობილი ფოტოგრაფი და ბათუმის კოლორიტი გიზო ჩიგოგიძე; ”კონსერვატორების” ლიდერი დავით ბაციკაძე; ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი, პაატა მგელაძე...
ასე რომ, ახლადდაფუძნებულ ორგანიზაციაში ძალიან საინტერესო სახეები გაერთიანდნენ და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ამ ამბავს საინტერესო განვითარება მოჰყვება.
კონკრეტულად რა საქმით იქნება დაკავებული თქვენი ორგანიზაცია?
- ორგანზაციის დასახელებიდან გამომდინარეობს, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს სამსახური, ზოგადად, დაწყებული ადამიანის უფლებებით, დამთავრებული უმარტივესი სოციალური პრობლემით, რომელიც მოსაგვარებელი აქვს ადამიანს ყოფით, კომუნალურ დონეზე.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ისევე აქტიურად ჩავერევით, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. ანუ გაჩერებას არ ვაპირებთ, ერთი წუთით არ შევჩერდებით; ვდგევართ მტკიცედ, შეურყევლად და ვაგრძელებთ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც პარტია თქვენი გარიცხვის შემდეგ დატოვეს? 200 კაცი გამოვიდა ”რესპუბლიკური პარტიიდანო”, - განაცხადეთ და ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია 50-მა კაცმა დააფუძნა.
- ეს 200 ადამიანი ჩვენს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში გაერთიანდება. მათთან ერთად ისინიც ჩვენი ორგანიზაციის წევრები იქნებიან, რომლებმაც ”რესპუბლიკური პარტია” ახლახანს დატოვეს და ასეთი ორ ათეულამდე ადამიანია.
ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქნება ასე ვთქვათ, ბათუმური ორგანიზაცია - ვაპირებთ რეგიონი და შემდეგ მთელი საქართველო მოვიცვათ.
და შემდეგ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, ხომ?!
- ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების სათავეში ისეთი ძალა მოვიყვანოთ, რომელიც საქართველოს მოემსახურება და არა ვიწრო პარტიულ, ან პიროვნულ ინტერესებს.
კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებასთან მიმართებაში?
-ისინი, ვინც ამ ორგანიზაციას გულშემატკივრობენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორმით შეფუთულ თურქეთ-საქართველოს პოლიტიკურ ხელშეკრულებას ავტომატურად ეწინააღმდეგებიან. რეგიონში ”რესპუბლიკური პარტიის” დაშლამ, რაც მოგეხსენებათ, სწორედ ამ ხელშეკრულებასთან არის პირდაპირ კავშირში, დიდი რეზონანსი და ჩვენი პოპულარობის მნიშვნელოვნად გაზრდა გამოიწვია.
მძიმე მარხვის დღეების დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი ორგანიზაციის პირველ სხდომებს ჩავატარებთ და ერთ-ერთი მთავარი სხდომა სწორედ თურქეთ-საქართველოს პოლიტიკურ ხელშეკრულებას მიეძღვნება. გეგმაში გვაქვს დიდი კონფერენციის მოწვევა ბათუმში, რისთვისაც მასალებს ვამზადებთ.
რის საფუძველზე განაცხადეთ, ტვ25-ის ეთერში, რომ თქვენთან თანამშრომლობას მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც აპირებენ?
- ნამდვილად ასე იყო - ”ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი წევრის უახლოესმა ადამიანმა, მისი სახელით მომმართა და მითხრა, რომ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში ის ”ნაცმოძრაობას” წარმოადგენს. ამ პარლამენტარს თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულებასთან მიმართებაში იგივე პოზიცია აქვს, რაც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია.
როგორ მოიქცევით, თქვენთან გაწევრიანების სურვილი, რომ გამოხატოს ”ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა?
- არ არის განმოირიცხული, რომ ეს ადამიანი მოვიდეს და გაწევრიანდეს. პოლიტიკური პარტიის, მათ შორის ”ნაცმოძრაობის” წევრი შეიძლება გახდეს ჩვენი ორგანიზაციის წევრი, თუ მას ექნება გულწრფელი სურვილი, რომ სამშობლოს ემსახუროს იმდაგვარად, როგორადაც ჩვენ ვფიქრობთ, მაგრამ უპირველესად ამაში ჩვენ უნდა დაგვაწრმუნოს.