სემეკმა კომუნალური ინფორმაციის ნაწილი დახურა

სემეკმა კომუნალური ინფორმაციის ნაწილი დახურა

სემეკმა პრემიერის შენიშვნა და კომპანიების თხოვნა ნაწილობრივ გაითვალისწინა და სატარიფო დოკუმენტაცია ნაწილობრივ დახურა. ეს საკმაოდ ცუდი პრეცედენტია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კომუნალური გადასახადების გაზრდის წინაშე დგას. გამორიცხული არ არის, დენი, წყალი და გაზი ისე მოულოდნელად გაძვირდეს, რომ მოსახლეობამ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწროს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სატარიფო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე კომპანიების მოთხოვნა სრულად არ დააკმაყოფილა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, პარასკევის სხდომაზე კომისიამ სხდომაზე იმსჯელა სს „ენერგო პრო ჯორჯიას”, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”, შპს „მცხეთის წყალის” მოთხოვნებზე და მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რომელიც შეეხება კომპანიების ტექნიკურ და ფინანსურ მონაცემებს საჯაროდ სცნო. სემეკი არ აკონკრეტებს, რა ტარიფებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ნაწილი დახურა და რა ნაწილი დატოვა საჯაროდ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინფორმაცია ღია ხდება ინფორმაციის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ თუ პირმა, რომლის საკუთრებაცაა ეს ინფორმაცია, ამ ვადის გასვლამდე სასამართლოში არ გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სამინისტროს, სემეკს და “ენერგო პრო ჯორჯიას” მოუწოდა, ტარიფთან დაკავშირებული განხილვა არ გაასაჯაროვონ.

“ძალიან გთხოვთ ყველას - “ენერგო-პროს” წარმომადგენლებს, ენერგეტიკის სამინისტროს და მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები არ გახდეს საჯარო. თქვენ შიგნით ისაუბრეთ, იმსჯელეთ ამა თუ იმ კომპანიის მომართვებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო და მოსახლეობას ნუ ძაბავთ, როცა ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფასის მატება”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე განმარტება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძესაც მოსთხოვა. იგი დაინტერესდა, რატომ მოხდა მარეგულირებელ კომისიაში შესული განაცხადის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და განმარტა, რომ აღნიშნულმა “ხელოვნურად ინსპირირებულის” შთაბეჭდილება შეუქმნა.

“რა საჭირო ამ თემის ასე საჯაროდ ატაცება? ამან მიმანიშნა, რომ ეს ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ჯერ არ არის განხილული არც ერთი წინადადება, ამ დროს კი მოსახლეობას ხელოვნურად ძაბავთ. ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურ სპექტაკლს და გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებისგან, სანამ არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით კი, “დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” კანონში ცალსახადაა აღნიშნული, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე საჯარო განხილვების მოწყობას ითვალისწინებს.

“კანონში ცალსახადაა აღნიშნული, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს იმ ვალდებულების შესახებ, რომელიც ტარიფების დადგენის, შეცვლის, ან გაუქმების თაობაზე საჯარო განხილვების მოწყობას ითვალისწინებს.

საჯარო განხილვებისას, უნდა გაცხადდეს წინასწარ, რომ იგეგმება განხილვა და რა საკითხები იქნება განხილვის საგანი, ამასთან, ნებისმიერ პირს აქვს უფლება დაესწროს სხდომას, გაგზავნოს თავისი მოსაზრებები, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით და ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში კი, სემეკი ვალდებულია, მოუსმინოს, გაეცნოს ამ მოსაზრებებს და გასცეს შესაბამისი პასუხები”, - აღნიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თამარ ციმაკურიძემ.

მისი აზრით, პრემიერის ასეთი განცხადება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის ერევა დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში. თუ ხელისუფლებას არ სურს, რომ საზოგადოებას დარჩეს შთაბეჭდილება თითქოსდა დამოუკიდებელი ორგანოები არ არიან რეალურად დამოუკიდებელნი, მათ ასეთი განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავონ.