საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან იკითხა, მაჩვენეთ ქვეყანაში ელიტური კორუფცია სად არისო? სად არის და აჭარაში, სადაც ელიტურ კორუფციასთან ერთად ნეპოტიზმიც ყვავის.
საქართველოში ყველამ ზეპირად იცის, თუ რომელი თანამდებობის პირის ნათესავი თუ მეგობარი სად არის დასაქმებული. ნეპოტიმზი ქართულ პოლიტიკაში უცხო არც არასდროს ყოფილა. თუმცა, გამორჩეულად, ნათესავ-მეგობრობის ნიშნით, სახელისუფლებო მმართველ წრეებში ასლან აბაშიძის დროს ხვდებოდნენ. ამ ტრადიციას ლევან ვარშალომიძე აშკარად აგრძელებს. არადა, აბაშიძესთან ბრძოლის და მის მიმართ რევოლუციური ქმედებების დაწყების მიზეზთაგანი აბაშიძის კლანური მმართველობის მოსპობა იყო.
აჭარაში ამბობენ, რომ ამ მხრივ, მამა-შვილის, ლევან და გურამ ვარშალომიძეების მოწადინებამ აბაშიძისას გადააჭარბა.
მამა-შვილმა ვარშალომიძეები ფავორიტი ბიზნესმენების სიუხვითაც გამოირჩევიან. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე ამგვარადაა - თუ ამ გვართან დაახლოებული პირი არ ხარ, აჭარაში ვერც სამსახურს იშოვი და ბიზნესის აწყობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ნეპოტიზმი აჭარულად, ანუ ვარშალომიძის კადრები
“ვერსია” ექსკლუზიურად გთავაზობთ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს, რომელთაც, რატომღაც, მაღალი პოსტებზე მოკალათებისა და საპასუხისმგებლო საქმეების გაძღოლის უნარი, ვარშალომიძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმოაჩნდათ.
მაშ ასე, ლევან ვარშალომიძის კლასელები არიან ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ლევან ანთაძე. ისინი ბათუმის მე-9 სკოლაში სწავლობდნენ ერთად. ხელვაჩაურის გამგებელი, თემურ დუმბაძე კი, გურამ ვარშალომიძეს ენათესავება - დუმბაძის დედა გურამ ვარშალომიძის მამის მამიდაშვილია. მერიის კულტურის სამსახურის უფროსია ნათია სურგულაძე, ლევან ვარშალომიძის კლასელის, კახა სურგულაძის და. კახა სურგულაძე აჭარის წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო, ხოლო ნათია სურგულაძე, ერთხანს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გახლდათ.
ვარშალომიძეებს ნათესავად ერგება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად მინისტრთა საბჭოს პროტოკოლის უფროსი. გურამ ვარშალომიძის დეიდაშვილია მალხაზ ნაკაშიძე - რესუპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი. ასევე, გურამ ვარშალომიძის პროტეჟეები არიან ზაზა ცინცქალაძე - მინისტრთა საბჭოს საქმეთა ყოფილი მმართველი და ამჟამად საარქივო სამმართველოს უფროსი. აჭარის წყალკანალის უფროსი, ზაზას გარებიძაშვილია და ესეც გურამ ვარშალომიძის პროტეჟე გახლავთ. სხვათა შორის, ორივენი ასლან აბაშიძის მთავრობაში მუშაობდნენ, როცა აჭარის სტატისტიკის დეპარტამენტს გურამ ვარშალომიძე ხელმძღვანელობდა. საერთოდ, იმ სტატისტიკის დეპარტამენტიდან, რომლის გახსენება ვარშალომიძეებს დიდად არ უხარიათ, ოც კაცზე მეტია დასაქმებული სხვადასხვა პოსტებზე. აჭარაში ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს, რომ საკადრო პოლიტიკას რეგიონში გურამ ვარშალომიძე განაგებს. ლევანს კი, მხოლდ მამის რეკომენდაციების გათვალისწინების უფლება და ფუნქცია აქვს. ბათუმში ვერ იხსენიებენ ერთ შემთხვევასაც კი, რომ მამა-ვარშალომიძის კადრი შვილ-ვარშალომიძეს დაებლოკოს.
რაც შეეხება ნეპოტიზმს ვარშალომიძეთა პოლიტშემოქმედებაში - გურამ ვარშალომიძის პროტექციით დაინიშნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გივი აბაშიძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ავთანდილ აბაშიძე, ასევე - სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი რამაზ სურმანიძე. სხვათა შორის, შერვაშიძე და აბაშიძე, “სტატდეპარტამენტიდან” მოჰყვებიან გურამ ვარშალომიძეს. ამავე სამსახურში მამა-ვარშალომიძის თანაშემწე იყო ბადრი შარაბიძე და ახლა სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარეა. მალხაზ ფარტენაძესაც გაუმართლა, რომ “სტატდეპარტამენტში” მცირე ხნით აჭარის ლიდერის მამასთან მუშაობა. ამჟამად ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეა. თუმცა, მალხაზ ფარტენაძე შემთხვევით არ მოხვედრილა ვარშალომიძეთა კლანში, მამამისი, მოედინ ფარტენაძე და “აჭარის კადრების სამმართველოს უფროსი” კლასელები იყვნენ.
ძალიან გაუმართლა ზურაბ ვერძაძეს, რომელიც სწორედ მამა-ვარშალომიძის პროტექციით დაინიშნა ქართული ხელისუფლების წარმომადგენლად ბათუმის პორტში. ვარშალომიძეებთან ნათესაური კავშირის გამო დაინიშნა აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარედ მალხაზ ნაკაშიძე. აჭარის კუდ-ის უფროსის მოადგილე, ალეკო ბალაძის მამის, ნური ბალაძის და გურამ ვარშალომიძის მეგობრობის წყალობით მოხვდა ამ პოსტზე. აჭარის პატრულის უფროსი, ჯონი ბაკურიძე ლევან ვარშალომიძის მამის კლასელია. სხვათა შორის, ის ასლან აბაშიძის “გაის” უფროსიც იყო და ამბობენ, რომ მაშინაც გურამ ვარშამლოძის პროტექციით დაინიშნაო.
ლევანის ბიძაშვილი, ელდარ ვარშალომიძე, აჭარის საგადასახდოს უფროსის მოადგილეა, მაგრამ როგორც ამბობენ, მთელს ამ სისტემას სწორედ ის აკონტროლებს. ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის ნათლობის წყალობით მოხვდა “აჭარგანათების” უფროსად ნიკა თოფურიძე. სხვათა შორის, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველა უმსხვილეს ტენდერს იგებს აჭარაში და ოპოზიციამ “ნაცმოძრაობისთვის” წინასაარჩევნოდ გადახდილ 100 000 ლარშიც ამხილა. რობერტ ჩხაიძეს არც ნათლიმამა დაუტოვებია უყურადღებოდ - ნიკა თოფურიძის მამა ბათუმის საკრებულოს წევრია.
მოკლედ, აჭარაში ნეპოტიზმი ყვავის. ასე შორს, ასლან აბაშიძეც არ წასულა. მართალია, მისი მმართველობისას არც სამთავრობო სტრუქტურები იყო ასე მრავალრიცხოვანი, მაგრამ აბაშიძე საკუთარი სანათესაოს ვიწრო წრეს ასაქმებდა, ბიზნესსაც ისინი ფლობდნენ, მაგრამ ეს იყო საკვანძო პოსტები, ყველაზე მომგებიანი ბიზნესი. დღეს, პრაქტიკულად, გურამ ვარშალომიძე წყვეტს, ვთქვათ, ხულოს რაიონის სოციალური სამსახურის უფროსად ვინ უნდა დაინიშნოს.
სხვათა შორის, მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ ის ადამიანებიც, რომლებიც აჭარის რევოლუციის ბოლო წუთებამდე, ჩოლოქთან იდგნენ ავტომატით ხელში (იგივე - რობერტ ჩხაიძე, ბათუმის მერი). იმ ადამიანებს კი, რომელთაც მართლა გაწირეს თავი და აბაშიძის რეჟიმს დაუპირისპირდნენ, თანამდებობას ვინ ჩივის, უბრალო სამსახურიც არა აქვთ. აღარაფერს ვამბობთ, “ნაციონალების” პოლიტიკურ ოპონენტებზე.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რას აკეთებს ქვეყნის პრეზიდენტი და ცენტრალური ხელისუფლება? პასუხი მარტივია - ჩანს, მიხეილ სააკაშვილს აჭარაში სჭირდება მორჩილი მმართველი, მისი ნების უსიტყვო აღმასრულებელი... ლევან ვარშალომიძე ამ ტიპის პოლიტ-ფიგურაა. აჭარაში ხუმრობენ, მგონი ლევანს აღარც ელაპარაკება მიშა, გურამ ვარშალომიძის პირით აძლევს დავალებებს მის შვილსო.
მამა-შვილ ვარშალომიძეების ფავორიტი ბიზნესმენები
მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოლიგარქების ბიზნესინტერესები სრულიად დაცულია აჭარაში. მაგალითისთვის, კახა ბენდუქიძის სამშენებლო პროექტებიც კმარა. ამდენად, შეიძლება ითქვას, სააკაშვილი თავს არ იტკიებს, აჭარა იმართება გურამ ვარშალომიძის ხელით, მაგრამ იმას აღარავინ კითხულობს, შეიძლება თუ არა უკეთ მართვა. ელიტური კორუფციის ის მასშტაბები კი, რაც აჭარაშია, დანარჩენ საქართველოში არ შეგხვდებათ.
აჭარაში ყველა მომგებიან და მსხვილ ბიზნესს ადგილობრივი კლანები აკონტროლებენ. ეს ადამიანები, უბრალოდ, არც კი ცდილობენ, ზრდილობის გულისათვის მაინც მოახდინონ საკუთარი ბიზნესის ფორსირება. ზოგი მათგანი, ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში თავდადებისთვის გახდა გამორჩეული ბიზნესმენი, არადა, მანამდე კაპიკი არ უჭყაოდა ჯიბეში. ისეთებიც არიან, ასლან აბაშიძეს ლამის მოსკოვში რომ გაჰყვნენ, მაგრამ ლევან ვარშალომიძის ხელისუფლებამ მაინც შეუნარჩუნა ბიზნესი. მეტიც, ბევრმა ბიზნესი გააფართოვა კიდეც. ამ ხალხის ერთი ნაწილი იყო სწორედ, აბაშიძეს ფულით, იარაღით რომ ამარაგებდა და იმაზეც თანახმანი იყვნენ, რომ აჭარის დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნების საფასურად.
ალბათ, მოვა დრო და ჩვენი არაპროგნოზირებადი ხელისუფლება მათაც მოჰკითხავს. “ნაიცონალები” ხომ, ფეხი თუ გადაუბრუნდათ, ასლანის მომხრეებს კი არა, თავის გუნდის წევრებს არ ინდობენ. ვის რა “მოეთხოვება”, ამას მომავალი გვიჩვენებს. დღესდღეობით კი, აჭარაში, უმსხვილეს ბიზნესს ეს ხალხი აკონტროლებს:
თენგიზ ბაკურიძე აჭარის სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ მუშაობს. მან ასლან აბაშიძის პერიოდში შაქრისა და ფქვილის ბიზნესით იშოვნა დიდი ფული. 2006-08 წლებში, ლევან ვარშალომიძე გვერდიდან არ იშორებდა ბაკურიძეს, ყველა უცხოური ვოიაჟისას თან დაჰყავდა. ბათუმში ამბობდნენ, რომ ვარშალომიძეს ბაკურიძის ბიზნეს-ნიჭი და უცხო ენების ცოდნა არაფრად სჭირდებოდა. უცხოეთში ბაკურიძე ლევანის კაპრიზებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებს. როგორც ფავორიტ ბიზნესმენს, თენგიზ ბაკურიძეს, აჭარის მკვიდრთა ენით რომ ვთქვათ, ჯერ კინოთეატრი “თბილისი” “შეტენეს”, მერე - ცირკი. ამგვარ ხარკს ყველა იღებს სხვადასხვა დროს, ვინც “ნაცმოძრაობის” ხელდასხმით შოულობს ფულს.
თენგიზ ბაკურიძე სხვაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, კინოთეატრი რომ გაარემონტა, ბათუმის ცენტრში მისცეს მიწის ფართი, სადაც მან მრავალსართულიანი კორპუსი ააგო და გაყიდა. ხოლო ცირკის საფასურად, საყოფაცხოვრებო სახლის (“დომბიტა”) ყოფილი შენობა მისცეს. ახლა ამ შენობას ანგრევენ და ბაკურიძე იქაც მრავალსართულიანი სახლის აშენებას აპირებს. ამბობენ, რომ ბაკურიძე ჩინებულად ლავირებს მამა-შვილ ვარშალომიძეთა შორის, ლევანის “ხელის ბიზნესმენის” იმიჯიც მოიცილა და ახლა, საკუთარი თანხების სამშენებლო ბიზნესში გადასროლას აპირებს, რომელიც, ბათუმში მეტად მომგებიანია. თენგიზ ბაკურიძე კვლავ აკონტროლებს აჭარაში შაქრის ბიზნესს - ამას ადგილობრივები აცხადებენ.
ვარშალომიძეთა მეორე ფავორიტი ბიზნესმენი, რომლის სახელიც მთელ აჭარას პირზე აკერია, გია ჭყონიაა. ჭყონია შპს “გზას” დირექტორია. სწორედ ლევანთან მეგობრობის წყალობით, ბათუმში თუ სადმე გზა იგება, 10 ტენდერიდან, ნახევარს მაინც “გზა” იგებს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ტენდერის მოგების საფასური, გია ჭყონიამ ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს გადაუხადა საკმაოდ ორიგინალურად - ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კორპუსში, 450 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი გამოუყო. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ჩხაიძე ჭყონიას საგზაო ტენდერის მოგებაში კი არა, ჯავახიშვილის ქუჩაზე 2000 კვ.მ. ფართის ჩალის ფასად ხელში ჩაგდებაში დაეხმარაო.
გაზის ბიზნესს აჭარაში გოჩა ქოქოლაძე აკონტროლებს. აჭარელთა თქმით, ეს ის ქოქოლაძეა, რომელიც თავის დროზე “სონის” სკანდალში გაეხვია და ამ სკანდალმა საერთაშორისო ხასიათიც მიიღო. ამბობენ, ეს ხელისუფლების კომპენსაციაა, რადგან ეს კაცი თავის დროზე, უსამართლოდ დაჩაგრესო. გოჩა ქოქოლაძესვე ეკუთვნის ტექნიკის რამდენიმე მაღაზია ბათუმში.
თხევად გაზის ბიზნესი კი, ანზორ გოგიტიძის ხელშია. სხვათა შორის, ასლან აბაშიძის დროს, ანზორ გოგიტიძე შუახევის გამგებელი, შემდეგ საგადასახადოს უფროსი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. თხევადი გაზის ბიზნესში ის ასლანის დროიდან იყო ჩართული, მერე კი, გურამ ვარშალომიძის წყალობით გავლენა არათუ შეინარჩუნა, გაიფართოვა კიდეც.
აჭარგაზის მმართველი ავთო გოგიტიძეა, ის გამორჩეული ოლიგარქია და ცხადია - ლევან ვარშალომიძის კადრი. სხვათა შორის, ავთო გოგიტიძეს, ასლან აბაშიძის პერიოდში, 3 მილიონი დანაკლისი უპოვნეს, ლამის დაიჭირეს, მაგრამ პოსტზე მაინც ის დატოვეს - ავთო გოგიტიძე და ლევან ვარშალომიძე ხომ კიევის უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ.
ბათუმში საუკეთესო მიწებს, ამბობენ, რომ ზაზა გოგიტიშვილი განკარგავდა. მან ამ ბიზნესით სოლიდური ფული იშოვნა, ცხადია, სწორედ ის უნაწილებდა ვარშალომიძის კლანის წევრებს საუკეთესო მიწებს სასტუმროების, სახლების თუ ბიზნესობიექტების ასაშენებლად. თუმცა, აჭარაში ხმები დაირხა, ზაზა გოგოტიშვილის საქმე ცუდად მიდის, ფინანსური კრიზისისა და სხვა მიზეზთა გამო, 18 მილიონი აქვს ბანკის ვალი და ალბათ, მთელ მის ბიზნესს ბანკი წაიღებს, ლევან ვარშალომიძე კი მის შველას არ აპირებსო.
აჭარის პატრულის სამმართველოს უფროსი ჯონი ბაკურიძე გამორჩეული ფიგურაა. მისი ბიძაშვილი, ალიკა ბაკურიძე, ასლან აბაშიძის შს მინისტრის მოადგილე იყო. ბათუმში ამბობენ, რომ ალიკა დავითაძემ რუსეთში დაამთავრა უშიშროების სკოლა და რუსეთის პრემიერის, ვლადიმირ პუტინის თანაკურსელიც გახლდათ. ფაქტი კი ისაა, რომ მისი ბიძაშვილი, არა მარტო საპატრულოს უფროსია, მას, გაურკვეველი დამსახურებისათვის, სიმბოლურ ფასად მისცეს 4000 კვ.მ. მიწის ფართი შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ბათუმში ვარაუდობენ, რომ იქ მალე რამდენიმე სადარბაზოიანი კორპუსი აშენდება.
მეტად მომგებიანი ბიზნესია აჭარაში გამწვანების სფერო. ცხადია, მარტო პალმებს არ ვგულისხმობ. ბოლო პერიოდში, ბათუმსა და ქობულეთში უამრავი სკვერი და პარკი გაშენდა. ამ საქმეს რობერტ ჩხაიძე კურირებს. სწორედ მისი ლობისტი კომპანიები იმარჯვებენ ყველაზე ძვირადღირებულ სახელმწიფო ტენდერებში. ამბობენ, რომ ბათუმის მერიამ და მისმა ხელმძღვანელობამ, მარტო ახალი ბულვარის კეთილმოწყობა-გამწვანების საქმეში, 5 მილიონი დოლარი მოხსნა. ეს მაშინ, როცა უკრაინიდან, ყირიმიდან ჩამოიტანა სუბტროპიკული მცენარეები და უკრაინელებთან საკმაოდ სარფიანი მაქინაციებიც გაათამაშა.
ცხადია, ჩხაიძე ამ საქმეში მხოლოდ შემსრულებელია. მთავარ ფიგურას კი, გურამ ვარშალომიძე წარმოადგენსო. თურმე, სწორედ ვარშალომიძე წყვეტს, რომელმა კომპანიებმა რომელ ტენდერებში უნდა გაიმარჯვონო. თუმცა, ოლიგარქთა ნება-სურვილის ასრულება მათი ბიზნეს-ინტერესების რიგიანად მოვლა-პატრონობა ჩვენში საკმაოდ სოლიდური ფული ღირს. რამდენი დარჩა ჩხაიძეს იმ 5 მილიონიანი საქმიდან, ამას ვერ ამტკიცებენ ბათუმელები, თუმცა, მერიის კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, თანხის 10 პროცენტი - 500 000 დოლარი სწორედ ჩხაიძეს ერგო.