მთავრობა ლარის კურსთან მიმართებაში 3-კვირიან დაპირებას იძლევა

მთავრობა ლარის კურსთან მიმართებაში 3-კვირიან დაპირებას იძლევა

მთავრობა ივნისიდან ლარის კურსის დასტაბილურების პირობას იძლევა. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამის თაობაზე პარლამენტში ვრცლად ისაუბრა და კონკრეტული ვადაც დაასახელა - 2-3 კვირა. თუკი ზაფხულიდან ეროვნული ვალუტის კურსმა გამყარება არ დაიწყო, მთავრობა მორიგი ფუჭი დაპირების ამარა დარჩება.

„ლართან დაკავშირებული პრობლემა არის ძალიან სერიოზული. ჩვენ ამას არ გავურბივართ და არასდროს არ გვითქვამს, რომ ამას არ ვაღიარებთ. სამწუხაროდ, საქართველო, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა გამონაკლისი ქვეყანა. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ეკონომიკა, რომელიც მიერთებულია მსოფლიო ეკონომიკასთან და, რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული სიტუაცია პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მე ვგულისხმობ რუსეთის კრიზისს, უკრაინის კრიზისს. საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ევროპის შუაგულში. თუნდაც ჩვენს სამეზობლოში არსებული ვითარება – მე შეგახსენებთ აზერბაიჯანის სიტუაციას, აზერბაიჯანმა ერთ დღეში გააუფასურა ვალუტა 34%–ით.

რაც შეეხება ჩვენს გეგმას თუ როგორ გვესახება ამ პრობლემის მართვა, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები უნდა შეფასდეს ექსპერტების მიერ, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ბუნებრივია, მთავრობა ერთ ნაწილში იღებს პასუხისმგებლობას და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს დაწყებული მთელი რიგი ღონისძიებები. ვამბობთ, რომ სწორი პოლიტიკა განვახორციელეთ ამ თვეების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა აპირებს გაააქტიუროს ობიექტების რეალიზაცია, ჩამოყალიბებული აქვს ხედვა, თუ რომელი ობიექტების გასხვისება უნდა მოხდეს უახლოესი დღეების განმავლობაში. მოხდება გარდაბნის თბოელექტროსადგურის გასხვისება, რაც დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში და ეს დიდი შვება იქნება ამ მიმართულებით.

გარდა ამისა, ექსპორტის წახალისების ხედვაც არსებობს, ევროკავშირის ბაზრზე ექსპორტი პირველ კვარტალში 21%–ით გაიზარდა, აპრილში იმპორტის მიმართულებით კლება დაფიქსირდა, რაც, მთავრობის ვარაუდით, დაეხმარება ლარის გამყარებას.

ეროვნული ბანკისა და მთავრობის პროგნოზით, ლარის გამყარება უახლოესი კვირების განმავლობაში დაიწყება. „ჩვენ ველოდებით, რომ ზაფხულიდან, ივნისის თვიდან უნდა მოხდეს ლარის დასტაბილურება“, – განაცხადა პრემიერმა.

პარლამენტში მისული ეკონომიკის მინისტრი კი ადასტურებს, რომ მოქალაქეების ცხოვრება გაუარესდა.

„დიახ, გაუარესდა და ძალიან ვწუხვართ ამაზე. მართლა გულწრფელად ძალიან ვწუხვართ, მაგრამ თქვენ დაუსვამთ იმავე შეკითხვას იმ სახელმწიფოების ხელმძღვანელებს, რომლებშიც ასევე 30%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა?! შეგიძლიათ დასვათ იგივე შეკითხვა ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიმართ, ჩვენი მეგობარი თურქეთის ხელმძღვანელობის მიმართ, სადაც ვალუტა ზუსტად ისევე გაუფასურდა.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება, ჩვენგან შეცდომები არის და არ არის ყველაფერი იდეალური, მაგრამ ასეთი დონის, ასე გამრავლება პრობლების, მე მგონია, რომ არაობიექტურია და ამითი ჩვენ საუკეთესო შედეგს ნამდვილად ვერ მივიღებთ“, - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას გიორგი კვირიკაშვილმა.

ექსპეტების ერთი ნაწილი ლარის დასტაბილურების სერიოზულ საფუძველს ვერ ხედავს.

„ჯერჯერობით სტაბილიზაციის რაიმე სერიოზული საფუძველი არ არსებობს. უბრალოდ, ყველა გარუკვევლობაშია. ის ადამიანები, ვინც ლარის კურსის ფორმირებას ახდენენ, უწევენ ამას ანგარიშს, წინაღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით რთული მდგომარეობა იქნებოდა“, - ამბობს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

„საზოგადოება 20/30”-ის წევრი მიხეილ დუნდუა კი გაცილებით მწვავე შეფასებას აკეთებს. იგი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ლარის კურის გაუფასურებას შესაძლოა, ერთგვარად ხელი შეუწყო. ლარი მნიშვნელოვნად გაუჯობესებული იქნებოდა, ეროვნული ბანკის სათავეში რომ ქადაგიძე არ ყოფილიყო.

დუნდუა საზოგადოებას ახსენებს, რომ ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის კადრია, რაც ბადებს ეჭვს, რომ ის ამ მდგომარეობას შეგნებულად უწყობს ხელს.

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი რომ ქადაგიძე არ ყოფილიყო, ლარის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ის ადეიშვილის კადრია. ადეიშვილის კადრები არიან საბჭოშიც. რატომ უნდა ვენდოთ მას? ვეჭვობ, რომ ის ამ მდგომარეობას შეგნებულად უწყობს ხელს. ჩვენ გვახსოვს, მან რა მოქმედებები ჩაატარა 2012 წელს „ქართუს” წინააღმდეგ. გვახსოვს მისი განცხადებები, როგორ მოექცნენ „სტანდარტ ბანკს” , რა ეჭვები არსებობს „სახალხო ბანკის” წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ გვახსოვს, როგორ შეიძლება გაკეთილშობილდეს ადამიანი?!

მის მიმართ მმართველ გუნდს სრული უნდობლობა აქვს. პროცესები არ არის გამჭვირვალე და არ ვიცით, არის თუ არა სპეკულაციური შეტევები ლარზე. ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ამას დავაკვირდეთ. უბრალოდ, უნდა ვენდოთ სიტყვაზე. ამ პროცესის კონტროლის მექანიზმი კანონმდებლობით არ არსებობს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.