ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

ელექტროენერგიის გაძვირება თბოსადგურებმაც მოითხოვეს

დენის ტარიფის გაზრდას უკვე თბოსადგურებიც ითხოვენ. სემეკს სექტემბრამდე აქვს ვადა და ზაფხულში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები გადაწყვეტილების მიღებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირების მიზნით, თბოელექტორსადგურებმა სემეკს უკვე მიმართეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომისიაში შემოსული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე, შპს „მტკვარი ენერგეტიკასა“ და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირიების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სემეკის ინფორმაციით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე კომისიაში წარმოსადგენი მოსაზრებების ბოლო ვადად 2015 წლის 29 მაისი განისაზღვრა. კომისიმ დადგენილება 2015 წლის 10 სექტემბრამდე უნდა გამოსცეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით აპრილში „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ მიმართა. ტარიფის საკითხი ამ შემთხვევაშიც 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს. ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია „თელასს“.

ენეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტარიფის შეცვლასთან დაკავშირებით პროგნოზს აღარ აკეთებს. მისი თქმით, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი. თუ ტარიფის მომატებაზე იქნება საუბარი, მთავრობამ უნდა იმსჯელოს მოხდება თუ არა სუბსიდირება იმ შემთხვევაში თუკი მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი მოიმატებს.

„კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში. სემეკი არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ის ვალდებულია დათვალოს, შეუქმნა თუ არა რაიმე პრობლემა ლარის დევალვაციამ კომპანიებს. შესაბამისად, მას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა მოახდინოს ტარიფის გადათვლა. თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის ცნობილი გახდება. მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს, ისევ სუბსიდირებას მოახდენს თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი გაიზრდება“, - განახცადა კალაძემ.

თავად მინისტრი სუბსიდირების მომხრე არ არის. „მე ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ეს გარკვეულ ეტაპზე მიზანშეწონილი იყო, მაგრამ გრძელვადიანად ეს იქნება მძიმე ჩვენი ბიუჯეტისთვის და მძიმე კომპანიებისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან კონფლიქტი არ ჰქონია. „არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. თუკი ვინმესთან მაქვს დაპირისპირება, ეს ხდება ღიად. მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობ“, - აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი, რეზო არველაძე არ გამორიცხავს, რომ სექტემბრამდე ლარის კურსი კიდევ შეიცვალოს და ტარიფის კორექტირების პროცესში მთავრობაც ჩაერიოს.

„მარეგულირებელ კომისიას 150-დღიანი ვადა აქვს მიცემული საკითხის განსახილველად. საბოლოო პასუხი სექტემბერში გვეცოდინება. ისიც არ არის გამორიცხული, რომ ლარის კურსი სექტემბრამდე კიდევ შეიცვალოს. ამიტომ ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ნოდარ ხადურიც ამბობს, რომ ლარი დასტაბილურდება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს „სტაბილიზაცია“ - ლარი გამყარდება და ძველ ნიშნულს მიუახლოვდება, თუ ახლანდელ დონეზე გაჩერდება?

აშკარაა, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სხვაობის სუბსიდირება მთავრობამ იკისროს, რომ გაზრდილი გადასახადი მოსახლეობას უფრო მძიმე ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნავს რეზო არველაძე.

2012 წლის დეკემბერში მთავრობამ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც ნ 300-კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, დენის ტარიფი 3,54 თეთრით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამისად, 2013 წლის იანვრიდან თბილისელები, ვინც 100 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარდნენ, 13.48 თეთრის ნაცვლად იხდიან 9.94 თეთრს; 101 კვტ-დან 300 კვტ-ის ჩათვლით, არსებული ტარიფი 16 თეთრიდან 12.46 თეთრამდე შემცირდა, ხოლო 301 კვტ–ს ზევით არსებული გადასახადი არ შეცვლილა და ის კვლავაც 17.69 თეთრია.

რეგიონების მოსახლეობა 100 კვტ/სთ-მდე მოხმარებულ დენზე, 12.98 თეთრის ნაცვლად, იხდის 9.44 თეთრს, 101-დან 300 კვტ/სთ-მდე, 16.52 თეთრის ნაცვლად, 12.98 თეთრს, ხოლო 300 კვტ-ს ზევით ტარიფი კვლავაც 17.49-თეთრიან ნიშნულზე შენარჩუნდა.