ჯონ ბასის მიმართვის სრული ტექსტი

ჯონ ბასის მიმართვის სრული ტექსტი

[ნინო მიქიაშვილი]

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას რბილად, რომ ვთქვათ, მკაცრი გაფრთხილება მისცა - თუ ჭკუით არ იქნებით, მხარს იმას დავუჭერთ, ვინც ჩვენს ღირებულებებს და საკუთარ ხალხს პატივს უფრო მეტად სცემსო.

ასე აღვიქვით ვიდეომიმართვა ინგლისურ ენაზე, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩმა გაავრცელა, შემდეგ მისამართზე:

http://www.youtube.com/user/USEmbassyTbilisi#p/a/u/0/ReKsI7YQ1Mo

ამ მიმართვას ქართული ტექსტიც ახლავს, რაც დიდწილად სავარაუდოა, რომ მავანის მხრიდან სხვადასხვაგარად და სათავისოდ გადმოთარგმნის შესაძლო მცდელობის თავიდან ასაცილებლად მოხდა.

მაშ ასე, გთავაზობთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის მიმართვის ტექსტის სრულ ვერსიას:

”დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს და უყურებთ ამ ვიდეომიმართვას. მსურს ვისაუბრო ადამიანის უფლებებსა და ჩვენი ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ. ამ ანგარიშს ჩვენ ფაქტიურად მსოფლიოს ყველა ქვეყნის შესახებ ვამზადებთ. ეს გულისხმობს ასევე შეერთებული შტატების მდგომარეობის შეფასებასაც.

საქართველოს ამ წელს ჰქონდა გარკვეული მნიშვნელოვანი მიღწევები. თუმცა, კვლავ რჩება წინსვლის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით.

ჩვენ კვლავ გვაღელვებს მოწოდებული ანგარიშები კანონის შერჩევით გამოყენებაზე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის ნაკლებობაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მთავრობის ჩარევაზე პროფესიული კავშირების საქმიანობაში.

ეს ტენდენციები იწვევს განსაკუთრებით წუხილს ჩვენი ადმინისტრაციის მიერ აღებული ვალდებულების ფონზე, ჩართოს თანამშრომლობაში, მხარი დაუჭიროს და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოების და ადამიანის უფლებების დამცველები.

მდივანმა კლინტონმა უკანასკნელ პერიოდში მოუწოდა ლიდერებს და მთავრობებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება აღიქვან ”პარტნიორად და არა მოწინააღმდეგედ”.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია სხვა სამწუხარო ტენდენცია - მრავალი გამოძიება მთავრობის წარმომადგენლების მიერ მიმდინარე და გასული წლის განმავლობაში, სავარაუდო არასამართლებრივი, ან უკანონო ქმედების შესახებ წლის ბოლოსთვის დაუსრულებელია. საპირისპიროდ, საქმეები მთავრობის ოპონენტების მიერ ანალოგიური ქმედებების ჩადენის შესახებ, სწრაფად სრულდებოდა და გადაეცემოდა ბრალდებით სასამართლოს.

მსურს აღვნიშნო ასევე პოზიტიური ტენდენციებიც. 2010 წელს იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ეს მოიცავდა:

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს; სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებისკენ მიმართულ საკანონმდებლო დამატებებს; საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი ახალი ციხეების აგებას და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებს, რაც პირველად მოხდა.

ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონები რჩება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა. კვლავ შემოდიოდა ანგარიშები რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. გვჭირდება მეტი გამჭვირვალობა, მათ შორის განახლებული საერთაშორისო წარმომადგენლების ყოფნის ჩათვლით ტერიტორიებზე, რაც მოგვცემს ჩვენ ყველას საშუალებას უკეთ შევაფასოთ მდგომარეობა ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროში.

მიგვაჩნია, რომ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო  არჩევნებისთვის. ამიტომ, საქართველოსთვის ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი (მათ შორის, წელს ახალ ინვესტიციებად გამოყოფილი 60 მილიონი დოლარი) მიმართულია საარჩევნო რეფორმის და კანონის უზენაესობის განმტკიცების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერაზე.

აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ვიცე-პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ჩათვლით, საუბრობდნენ და კვლავ გააგრძელებენ საუბარს საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში.

ჩვენ ასევე ვსაუბრობთ იმ საკითხების შესახებ, რომელიც გვაღელვებს აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის საკითხების სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დროს; შემდეგი შეხვედრა თბილისში გაიმართება მიმდინარე თვის ბოლოს.

მსურს დავასრულო ჩემი მიმართვა ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებით. როგორც პრეზიდენტ ობამამ აღნიშნა, ლიბიის მოვლენების განხილვისას, შეერთებული შტატები უნდა დადგეს მათთან, ვისაც სჯერა იგივე ძირითადი პრინციპების, რომლებითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით მრავალი ქარტეხილის დროს:

ჩვენი წინააღმდეგობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის მიმართ; ჩვენი მხარდაჭერა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების მიმართ, მათ შორის ხალხის ნების გამოხატვის და საკუთარი ლიდერების არჩევის თავისუფლება; ჩვენი მხარდაჭერა იმ მთავრობების მიმართ, რომლებიც საკუთარი ხალხის მისწრაფებებს გამოხატავენ.   

მჯერა, რომ საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, როგორც მთავრობაში, ისე - საზოგადოებაში, რომლებიც ხელმძღვანელობენ იგივე პრინციპებით. დისკუსია საქართველოში კონცენტრირებულია იმის გარშემო, თუ როგორ მოხდეს მათი საუკეთესო ფორმით განხორციელება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის სასარგებლოდ.

ზუსტად ამ სულისკვეთებით გთავაზობთ ჩვენს ხედვას, რჩევას და მეგობრობას, რომ დავეხმაროთ თქვენი ქვეყნის მოსახლეობას დემოკრატიის განმტკიცებაში, ეკონომიკის გაუმჯობესებასა და მეტად რეალიზებული ცხოვრებით ცხოვრებაში.

ანგარიშის ასლი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.  ანგარიშის თარგმანი ქართულ ენაზე ერთი თვის ვადაში იქნება ხელმისაწვდომი. მადლობა, რომ შემოგვიერთდით დღეს”.