„ვფიქრობ, ყველა საფუძველი არსებობს, რომ თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისია ამ საქმეში არსებული განუკითხაობით დაინტერესდეს. ჩვენი სურვილია, შუამდგომლობის საფუძველზე ერთობლივად მივმართოთ მთავარ პროკურორს, რათა გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყოს“, - აცხადებს ხიდაშელი.
დაზარალებულთა მიერ წარდგენილი ფაქტების საფუძველზე, ხიდაშელი მიიჩნევს, რომ „ცენტრ-პოინტმა“ საკუთარი კლიენტების უფლებები, განსაკუთრებით საკუთრების ნაწილში, დაარღვია. შესაბამისად, თინა ხიდაშელის აზრით, თბილისის საკრებულო ვალდებულია, გაერკვეს საქმის ვითარებაში და დაიცვას მოქალაქეები. მით უფრო, როცა ათასობით თბილისელი თვლის, რომ მათი უფლებები უკანონოდ ილახება.
„მიუხედავად მტკიცებისა, რომ ეს დავა თურმე კერძო პირებს შორის არის ამტყდარი და სახელმწიფოს არაფერი ესაქმება, რეალურად, შეუძლებელია, ქალაქის თვითმმართველობამ ამაზე თვალი დახუჭოს. როდესაც 6 ათასზე მეტი დაზარალებული გყავს ერთ ქალაქში, სიმართლე უნდა გაირკვას. ძალიან ბევრი ტყუილი და სიმართლე ვრცელდება „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების შესახებ, პრესა და მედიის საშუალებები კი გაჯერებულია მათი საწინააღმდეგო კამპანიით“,-აცხადებს რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი. ამ მიზნით მან საკრებულოს სხდომათა დარბაზში სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებული 6200 ოჯახის 55 წარმომადგენელი მიიწვია და თაღლითური სქემის შესახებ მტკიცებულებების წარდგენას შეეცადა, რომელსაც წლების მანძილზე „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლები ახორციელებენ.
ხიდაშელის მიზანია, როგორც მინიმუმ, საკრებულომ თბილისის ზედამხედველობის სამსახურთან მიმართებით მაინც მიიღოს გადაწყვეტილებები. მისი აზრით, პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ერთადერთი დაბრკოლება ეღობება. კერძოდ, ამ საქმეს „ცენტრ-პოინტის“ მხრიდან ძალიან მაღალი თანამდებობის პირები მფარველობენ.
„სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე დიდი ხანია, თაღლითობის მუხლით საქმე აღძრული იქნებოდა და ეს საქმე წარმოებით წარმატებით დასრულდებოდა“, - მიიჩნევს საკრებულოს წევრი.
მისი აზრით, პრობლემად იქცა, რომ ეს საქმე 100 %-ით მომგებიანია და „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულები სასამართლოში იმარჯვებენ.
„დაზარალებულები იგებდნენ სასამართლოში საქმეებს, მაგრამ აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, რადგან ეუბნებიან, რომ მათ კუთვნილ შპს-ებს ქონება არ გააჩნიათ. თაღლითობის საქმის აღძვრის შემთხვევაში, სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება უკვე დამფუძნებლების ქონებით ანუ სხვა საწარმოების ქონებით, რომლებიც ამავე ადამიანების საკუთრებაშია. ეს კარგად იცის ხელისუფლებამ და დაზარალებულთა დახმარებისგან ამიტომაც იკავებს თავს.
ამას ერიდება პროკურატურა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღონისძიებებით, იმ არაერთი მცდელობით, რასაც დაზარალებულები ახორციელებენ, შევძლებთ, დავაინტერესოთ ძალიან ბევრი უწყება. მათ შორის, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციებიც, რათა ზეწოლა მოვახდინოთ პროკურატურაზე, რომ მან თავისი საქმის გაკეთება დაიწყოს“, - ასეთია ხიდაშელის პოზიცია.
თავის მხრივ, დაზარალებულები კომპანიის მხრიდან სერიულ დარღვევაზე საუბრობენ. „ჩვენ ქალბატონ კერვალიშვილს მოვუწერეთ ხელი, მან კი „დექსუსთან“ გადაგვამისამართა. სწორედ ესაა თაღლითობა, 2-3 ოჯახის კეთილდღეობისთვის ამდენი ხალხი არ უნდა დავზარალდეთ. თუ არასწორი მენეჯმენტი ჰქონდა კომპანიას, დაე, თვითონ აგოს პასუხი“, - აცხადებენ კომპანიის მომჩივანნი.
„პრესაგე.ტვ“-სთან კომენტირებისას კი ერთი ქალბატონი აცხადებდა, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სახლის ასაშენებელი თანხა 100%-ით დაფარა, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. „რჩეულიშვილი მარწმუნებდა, საძირკველია ჩაყრილი და ეს მშენებლობის 40%-იაო. სინამდვილეში, 2009 წლის მარტში უნდა ჩაგვბარებოდა კორპუსი, ახლა კი ბინების მთლიანი ღირებულების 18%-ს დღგ-ს გვთხოვენ. მას შემდეგ, რაც 2010 წლის სექტემბრიდან „ცენტრ-პოინტმა“ შპს-ები სამართავად გადასცა „დექსუსს“, „დექსუსი“ მომგებიან ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდა. რასაც უნდა, იმას აკეთებს. ჯიქიას, ღრმაღელის, კრწანისის პროექტები კი განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ამ ობიექტებზე მშენებლობა არცკი დაწყებულა“.
შპს. „ჯიქიას ობიექტის“ წარმომადგენელის დიმიტრი ყურაშვილის დავას ამჟამად სასამართლო განიხილავს. როგორც ყურაშვილი აცხადებს, სტანდარტული ხელშეკრულებები 2006 წლიდან გააფორმეს, რაც მშენებარე ობიექტზე წინასწარი თანხის შეტანას გულისხმობდა.
„თუმცა შემდგომ გავარკვიეთ, რომ მშენებლობა 2006 წელს ვერაფრით დაიწყებოდა. მშენებლობა დაიწყო 2008 წლიდან, ამას მოწმობს მერიის საბუთები, რომელიც გამოვითხოვეთ მშენებლობის ნებართვისთვის. სავარაუდოდ, ეს ორწლიანი პერიოდი თანხების არადანიშნულებისამებრ ხარჯვას ხმარდებოდა. 2010 წელს ამ სამშენებლო კომპანიამ თავის კლიენტებს კონტრაქტი დაუდო, რომლის ერთ-ერთ პირობაში ეწერა, რომ მიწა, რომელზეც შენდება ჩვენი ობიექტი, დაყადაღებული არ არის. გვარწმუნებდნენ, რომ მის მიმართ არავის, ანუ მესამე პირს, არანაირი ფინანსური პრეტენზია არ ჰქონდა. სინამდვილეში, ეს ტყუილი იყო, რადგან ზუსტად იმ პერიოდში, როცა ეს ხელშეკრულებები იდებოდა, ამ მიწას 6 ყადაღა ედო. ეს ხელმოწერილი დოკუმენტია, რაც პირდაპირ დანაშაულს მიუთითებს. კომპანიას შეცდომაში შეჰყავდა კლიენტები, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. აგრეთვე, გადახდის უნარობის საქმეში შემაშფოთებელი გარემოება გამოიკვეთა. კერძოდ, შპს. „დექსუსი“ყველანაირად ცდილობს ჩვენთვის გადმოსაცემი „ცენტრ-პოინტის“ მასალების დამალვას. ცხადია, სრული დოკუმენტაციის მოცემა არ აწყობს, რადგან დანაშაულებრივი ნიშნები გამოიკვეთება“,-განმარტავს დიმიტრი ყურაშვილი.
„ცენტრ-პოინტის“ კიდევ ერთი კლიენტი შემოგვჩივის, რომ კომპანიამ მათ მუქარა შეუთვალა,- პროკურატურის არ გვეშინიაო.
„როცა ხალხმა შეკითხვით მიმართა „ცენტრ-პოინტს“, თუ სად წავიდა შეტანილი დანაზოგი თანხები, პასუხი სხვადასხვაგვარი იყო. ხელს იშვერდნენ, მთავრობას მოჰკითხეთ, არჩევნებისთვის გავიღეთ, არამიზნობრივი ხარჯვა გვქონდაო. 2010 წლის სექტემბერში „ცენტრ-პოინტმა“ შემოიყვანა და შპს-ები სამართავად გადასცა „დექსუსს“, რისი უფლებაც ინვესტორების თანხმობის გარეშე არ ჰქონდა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორთა წერილობითი თანხმობა იყო საჭირო. თუმცა ამ ხალხის სრული იგნორირება მოხდა. აქვე გაუგებარია, რა ვალდებულება აქვს აღებული „დექსუსს“ ინვესტიციის ნაწილში“.
„დექსუსის“ შემოსვლისას, როცა კრედიტორები დაინტერესდნენ ამ კომპანიის შემოსვლით, „დექსუსის“ ხელმძღვანელის გიორგი ქანანაშვილის პასუხი ასეთი იყო, -რატომ შემოგქონდათ ეს თანხები, გადაყრილები რომ ხართ, ვერ ხედავთო? „დექსუსმა“ინვესტორებს შეთანხმების ისეთი ფორმა შესთავაზა, რაც სამართლებრივად აბსურდულია და კაბალურ მდგომარეობაში შეიძლება ჩააყენოს ნებისმიერი კრედიტორი. ფაქტობრივად, ამ შეთანხმებით უარს ამბობ წინამდებარე ხელშეკრულებაზე. საერთოდ, „ცენტრ-პოინტ ინვესტის“ მიერ აღებულ ყველა ვალდებულებაზე უარი უნდა თქვა. „დექსუსმა“ შემოგვთავაზა ფართობი, რომლის კვადრატულ მეტრსაც 700 დოლარად ყიდიან. თუმცა კრედიტორებს 2500 დოლარად ანუ გაოთხმაგებულ და გახუთმაგებულ ფასად შემოგვთავაზა“, - აცხადებენ დაზარალებულები.
მათი თქმით, აშკარა თაღლითობის ნიშნების გამო ინვესტორებმა პროკურატურას წერილობით უკვე არაერთხელ მიმართეს. თუმცა პროკურატურას ელემენტარული მოკვლევა არ ჩაუტარებია და დღემდე პასუხი არ მიუღიათ. სასამართლოს ობიექტურობაში კი დაზარალებულთა ნაწილს ეჭვი ეპარება.
„ვფიქრობთ, სასამართლო მიკერძოებული იქნება, რადგან მას უკვე მიმართა ერთმა კრედიტორმა და სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფა მოითხოვა. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფა. გარდა ამისა, სასამართლოს ტენდენციურობაზე მიუთითებს ისიც, რომ, მიუხედავად იმისა, „დექსუსი“ ყველაფერს ყიდის, რატომღაც მას ყადაღას არავინ ადებს. არადა, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „დექსუსი“ ქონების გაყიდვას აპირებს“.
„ცენტრ-პოინტის“ საქმიანობით უკმაყოფილო ადამიანებს ამავე კომპანიის მიერ ფორსმაჟორული მდგომარეობით აპელირების არ სჯერათ.
„აცხადებენ, თითქოს ვალდებულებების შეუსრულებლობა საქართველოში არსებულმა ფორსმაჟორულმა მდგომარეობამ გამოიწვია. ამის პასუხად გეტყვით, რომ მრავალი შენობა უნდა დამთავრებულიყო 2005, 2006, 2007 წლებში. პირადად მე 2008 წლის 9 სექტემბერს ბოლო გადასახადი შევიტანე, როცა მართლაც ფორსმაჟორული სიტუაცია იყო საქართველოში, ამიტომ ეს მიზეზი ჩვენთვის მიუღებელია“,-აცხადებს „ცენტრ-პოინტის“ კლიენტი.
მისი თქმით, სამშენებლო ბაზარზე ახლად შემოსულმა კომპანია „დექსუსმა“, ნაცვლად იმისა, „ცენტრ-პოინტსა“ და კლიენტებს შორის დადებული ვალდებულების შესრულება დაეწყო, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას შეუდგა, რაც კლიენტებისთვის საშინელი დარტყმა იყო.
„მაშინვე ვიკითხე, სად არის გარანტიები ამ ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც, შემიძლია თქვენ გენდოთ? ამას მოყვა პასუხი, ქალბატონო, თქვენ არც წაკითხულის შინაარსის გაგების უნარი შეგწევთ, არც მოსმენის უნარი გაგაჩნიათო. ასეთი ცინიკური დამოკიდებულება დღემდე გრძელდება. ე.წ. ჩაბარებულ შენობებში- არანაირი ექსპერტიზა, სეისმომედეგობის შესახებ არანაირი დოკუმენტი, გარანტია არ არსებობს, რომ თუნდაც ის ჩაბარებული შენობები ხვალ თუ ზეგ თავზე არ ჩამოენგრევა კლიენტებს. იმ კლიენტებს, რომლებსაც მხოლოდ გასაღები გადასცეს და არანაირი იურიდიული უფლება არ მოუპოვებიათ. ერთ-ერთმა ადვოკატმა „ცენტრ-პოინტის“ საქმიანობას ხელოვნების რანგში აყვანილი თაღლითობა უწოდა, რასაც სრულად ვეთანხმები. ჩვენს შორის არიან ძლიერად, ნაკლებად ან უსაშველოდ დაზარალებულები.“
“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დაზარალებულმა მარინა მეტრეველმა კი განაცხადა, რომ დიდი დიღმის ობიექტში მშენებლობა 2010 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. რაც შეეხება ობიექტის მდგომარეობას, მხოლოდ გარე კარკასია აშენებული და მას შემდეგ მშენებლობა გაჩერებულია. ამ დროს კი ბინების მეპატრონეთა უმრავლესობას თანხა ბოლომდე გადახდილი აქვს.