„დიდნი საქმენი“

„დიდნი საქმენი“

„ეს წიგნი განსაკუთრებულია და ვფიქრობ, ამისთანა წიგნი ამ ბოლო ორ საუკუნეში არ ყოფილა“-ილია II

ასეთი შეფასება მისცა წიგნს „დიდნი საქმენი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მისივე თაოსნობითა და ლოცვა-კურთხევით შექმნილი გამოცემის პრეზენტაციაზე , რომელიც საქართველოს საპატრიარქოში შედგა. გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ახალგაზრდობა კარგავს კავშირს წარსულთან და მათშივე იკარგება იმედი მომავლისა. ამიტომ წარმოიშვა ეს იდეა, რომ კიდევ ერთხელ დაგვეწერა წიგნი, რომელიც შეახსენებს მათ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ შრომობდნენ და როგორ მოღვაწეობდნენ ისინი. 

ეს წიგნი ნამდვილად მოვლენაა. უნდა დაიწეროს ასეთი წიგნები, ასეთი სახელმძღვანელოები სკოლებისთვის, რათა ახალგაზრდობამ ისწავლოს ანალიტიკური და ფილოსოფიური აზროვნება და ამით აღარ დაუშვან ის შეცდომები, რომელთაც დღეს ჩვენ ვუშვებთ, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ახალ გამოცემაში მოცემულია ცალკეული ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები საქართველოს ისტორიიდან, მოთხრობილია სხვადასხვა განსაკუთრებული მოვლენისა და ფაქტის შესახებ, ნათლადაა წარმოაჩენილი „რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შეიძლება ვიყოთ კვლავადაც“, რამ გადაატანინა ისტორიის ქარტეხილები ამ პატარა ქვეყანასა და მცირერიცხოვან ერს. ამ გამოცემაში საოცრად უნიკალური მასალებია შესული საქართველოს ისტორიიდან. 

აქ საქმე გვაქვს როგორც სხვადასხვა სახის მძიმე ბრძოლებთან, ღრმა დრამატიზმთან, ასევე საეტაპო წარმატებებთან, რომელთა წყალობითაც საქართველომ გარკვეულ პერიოდში პოლიტიკურ ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მიაღწია. ქართული ენის, ამ უნიკალური ფენომენისადმია მიძღვნილი რანდენიმე ნარკვევი. 

ასევე დიდი ადგილი ეთმობა ქართული ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ადგილსა და როლს ქართველთა ისტორიაში, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებსა და მათ ავტორებს, წმინდანებს. ცალკეულ ნარკვევებში დიდი ადგილი უკავია ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პრობლემას. საგანგებოდაა წარმოჩენილი ქართველი მეფეების როლი ქვეყნის გაერთიანების, პოლიტიკური გაძლიერებისა და კულტურული აღმავლობის მიღწევაში.

წიგნში განსაკუთრებულადაა წარმოჩენილი მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მამულიშვილების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების დამსახურება ერის წინაშე.  

„დიდნი საქმენი“-ოცდაათსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ერის, უძველესი საკუთარი დამწერლობის დამამკვიდრებელი ხალხის, „ვეფხისტყაოსნის“ შემქმნელი, სვეტიცხოველისა და გელათის, ოშკისა და ხახულის, წმიდა სამების ტაძრების ამგები ადამიანების, დიდგორის, შამქორის, ბასიანისა და მარტყოფის ბრძოლებში გამარჯვებული ქვეყნის, მთელს მსოფლიოში ქრისტიანობის მტკიცე ბურჯად აღიარებული სახელმწიფოს ქრონოლოგიურად დალაგებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიზოდური ისტორიაა.  

წიგნზე მრავალი ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი, ხელოვნებათმცოდნე გამოცემის მთავარი რედაქტორის როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. „დიდნი საქმენის“ პრეზენტაციაზე ქართულ საისტორიო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის როინ მეტრეველი უმაღლესი საეკლესიო ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ჯვრის მედლით დაჯილდოვდა. 

ეს უნიკალური გამოცემა გამომცემლობა „არტანუჯმა“ ბუბა კუდავას ხელმძღვანელობით გამოსცა, გამოცემის დიზაინერი გახლავთ ბაჩა მალაზონია, გამოცემის მენეჯერი -ბადრი ბერაია. წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა გამოცემული და უხვადაა ილუსტრირებული უნიკალური ფოტო და საარქივო მასალით.  

პროექტის წარმატებით განხორციელებას განსაკუთრებული ამაგი დასდო ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა, რომლის უშუალო შემწეობითაც იხილა წიგნმა მზის სინათლე. მისივე წინადადებით, პროექტი გაგრძელდება. II ეტაპი ითვალიწინებს წიგნის „დიდნი საქმენი“ სამენოვანი ელექტრონული ვერსიის ვებ-გვერდის შექმნას. საიტი გაფორმდება მაღალ დონეზე შესაბამისი აუდიო და ვიდეო მასალებით. შემდეგში საიტი ჩამოყალიბდება ენციკლოპედიურ გზამკვლევად საქართველოსა და ქართული მათლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღოს საქართველოს შესახებ. 

ამით ასევე სათანადო პასუხი გაეცემა ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ გავრცელებულ სიცრუესა და სიყალბეს. დიდი ყურადღება დაეთმობა ქართული ეკლესიის ისტორიასა და დღევანდელობას, პატრიარქის ქადაგებებს, ქართულ საეკლესიო გალობასა და ფოლკლორს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ქართული ემიგრაციისათვის, რათა ისინი სულიერად არ მოწყდნენ სამშობლოსა და დედა ეკლესიას. საიტი მუდმივად განახლებადი და შევსებადი იქნება.

მისასალმებელია, რომ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და თანამედროვე დონეზე დადგება მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში ქართული საისტორიო და მართლმადიდებული ეკლესიის იფორმაციული ჩართულობის საკითხი.