გასაყიდად გადადებული „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას ითხოვს. სემეკს ვადა სექტემბრამდე აქვს და თუკი „ენერგო-პროს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დენი 1 მლნ აბონენტს გაუძვირდება. პრემიერი ღარიბაშვილი ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას გამორიცხავს.
ენერგოსადისტრიბუციო კომპანიამ შესაბამისი განაცხადით სემეკ-ს უკვე მიმართა. ტარიფის კორექტირების საკითხის განხილვას მარეგულირებელი კომისია ხუთშაბათს იწყებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, განაცხადის შეტანის მიზეზი იმპორტირებული ელექტროენერგიის გაძვირება გახდა, რაც თავის მხრივ, ლარის დევალვაციამ განაპირობა.
„ჩვენ მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულებამ იმდენად მოიმატა, რომ ყველა ფინანსური რესურსი ამოვწურეთ. ბოლო თვეების განმავლობაში კომპანიის ფინანსური საშუალებები მთლიანად ესკო-გან ელექტროენერგიის შესყიდვისკენ იყო მიმართული. კომპანიის შემოსავლები გაძვირებულ რესურსს ვეღარ გაწვდებოდა. ამიტომ მივმართეთ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით“ , - აცხადებს „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი.
სემეკ-ს საკითხის განსახილველად 40-დღიანი ვადა აქვს. საბოლოო გადაწყვეტილება კი 10 სექტემბრამდე უნდა მიიღოს. „ენერგო-პრო ჯორჯია“, თბილისისა და კახეთის გარდა, მილიონამდე აბონენტს ემსახურება.
ამჟამად კომპანიის საყოფაცხოვრებო მომხმარებლები საფასურს დიფერენცირებული ტარიფით იხდიან: 101 კვტსთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ-ის საფასური 9,0034 თეთრია, 101-დან 301 კვტ/სთ-მდე - 12,98 თეთრი. 301 კვტ/სთ-დან და მეტი ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ტარიფი17.50 თეთრია.
გარდა ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის კორექტირებას მისი შვილობილი კომპანია - „ჯიფაუერისთვისაც“ ითხოვს, რომელსაც შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაუძვირდა.
„ელექტროენერგიის წარმოების მიზნით შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასი არსებითად განსხვავდება დაგეგმილი-შესასყიდი ბუნებრივი გაზის ღირებულებისაგან“, - ნათქვამია კომპანიის მიერ შეტანილ განაცხადში. სხვათა შორის, ტარიფის კორექტირებას „მტკვარი ენერგეტიკაც“ ითხოვს.
ელექსტროენერგიის ტარიფის შესაძლო მატებას მსწრაფლ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან ენერგეტიკის სამინისტროს, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა, შიდა საუბრები საჯარო აღარ გახადონ, ვინაიდან მოსახლეობას ძაბავს.
„მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ელექტროენერგიის ფასის მომატება. ძალიან გთხოვთ ყველას – „ენერგო-პროს“ წარმომადგენლებს, ენერგეტიკის სამინისტროს და მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები არ გახდეს საჯარო. თქვენ შიგნით ისაუბრეთ, იმსჯელეთ ამა თუ იმ კომპანიის მომართვებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო და მოსახლეობას ნუ ძაბავთ, როცა ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფასის მატება“, - აღნიშნა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილი დაინტერესდა, რატომ მოხდა მარეგულირებელ კომისიაში შესული განაცხადის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება და დაასკვნა, რომ აღნიშნულმა „ხელოვნურად ინსპირირებულის“ შთაბეჭდილება შეუქმნა.
„რა საჭიროა ამ თემის ასე საჯაროდ ატაცება? ამან მიმანიშნა, რომ ეს ხელოვნურად იყო ინსპირირებული. ჯერ არ არის განხილული არც ერთი წინადადება, ამ დროს კი მოსახლეობას ხელოვნურად ძაბავთ. ეს ძალიან ჰგავს ხელოვნურ სპექტაკლს და გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებისგან, სანამ არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ გუშინ მოხდა მხოლოდ განაცხადების განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
„უბრალოდ მედიასაშუალებებში გავრცელდა ეს ინფორმაცია. არც ერთი წინადადება ჯერ შინაარსობრივად განხილული არ არის და ვერანაირ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით კი, ყველაფერი მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება. როგორც დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, ლარის დევალვაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რამაც მოსახლეობა არა მარტო გააღარიბა, არამედ მთავრობაც ტარიფის გადახედვის აუცილებლობის წინაშე დააყენა.
„სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რომ მან არა მარტო ვერც ერთი ენერგეტიკული პროექტი ვერ განახორციელა, არამედ ენერგეტიკის სფერო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაკეთებული განცხადებაც სწორედ საქართველოს მთავრობის ენერგეტიკის სფეროში არსებული არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რადგანაც გაძვირების ერთ-ერთ ფაქტორად ლარის კურსი დასახელდა. საქმე ისაა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი დათვლილი იყო დაბალ კურსზე. დღევანდელი კურსის პირობებში კი, ენერგოდისტრიბუციის კომპანიები იძულებულები არიან სხვა ქვეყნებში, მყარ ვალუტაში შეძენილი ელექტროენერგია გააძვირონ ლარის კურსის ცვლილების გამო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“ იყიდება. მისი აქტივების მიმართ ინტერესი რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ გამოხატა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ დვალიშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები პრაღაში, კომპანიის სათავო ოფისში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია კომპანია ნაწილობრივ გაიყიდება, თუ სრულად, ან გაიყიდება გენერაციიის ობიექტები თუ დისტრიბუცია. მოლაპარაკებები უკვე 1 კვირაა მიმდინარეობს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ ინტერესი რამდენიმე უცხოურ კომპანიას აქვს. მათ შორის არ არიან ის ენერგოკომპანიები, რომლებიც საქართველოში უკვე მუშაობენ.