ინტერნეტკაზინოებმა და ვირტუალურმა ტოტალიზატორებმა თავისი ნეგატიური შედეგით სათამაშო ბიზნესის ყველა მიმართულებას გადააჭარბეს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა სააღდგომო ეპისტოლეში სათამაშო ბიზნესს „საშიში და სერიოზული პრობლემა“ უწოდა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ მისი სრული აკრძალვით გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ სამორინეებისა და ტოტალიზატორების მუშაობა ბიუჯეტისთვის ძალიან მომგებიანია.
„თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტსივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს. ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან. კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე. ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა... ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით და შესაძლებლობისამებრ დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი“, - აღნიშნულია პატრიარქის ეპისტოლეში.
კათალიკოს-პატრიარქის სულისკვეთებას სავსებით იზიარებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე. მისი თქმით, მოსაფიქრებელია ისეთი რეგულაცია, რომელიც ერთდროულად, დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს და არ დააზარალებს ბიზნესს.
„მე ისევე ვეწინააღმდეგები სათამაშო ბიზნესს, როგორც თამბაქოსას! ამ ეტაპზე უნდა შეიქმნას სპეციალური ზონა, რომელიც მოშორებული იქნება დედაქალაქიდან, რათა არ იყოს იმის საშუალება, რომ გაჭირვებული ადამიანები, თუნდაც ახალგაზრდები, წავიდნენ იქა და დაიღუპონ თავი... შესაძლებელია იმაზეც ვიფიქროთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ სამორინეებში შესვლის უფლება. ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელშიც თავიანთ მოქალაქეებს არ უშვებენ სამორინეებში.
რაც შეეხება ბიუჯეტის დაზარალებას, მთავარია, მოქალაქეების კეთილდღეობა და არა ბიუჯეტი! თუ მოსახლეობის კეთილდღეობას სჭირდება, მაშინ ეს სფერო უნდა შეიზღუდოს. ბიუჯეტი უნდა ივსებოდეს ყველა იმ საშუალებებით, რაც, იმავდროულად, მოსახლეობის კეთილდღეობას უწყობს ხელს“, - განუცხადა ზურაბ ტყემალაძემ „რადიო თავისუფლებას“.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე კი საზოგადოებას პატრიარქის მიერ გაკეთებული მოწოდებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ყველას მოვუწოდებ შეასრულოს ის, რასაც პატრიარქი ამბობს. ყურადღებით მოვისმინე პატრიარქის ეპისტოლე და ყველას მოვუწოდებ შეასრულოს ის, რასაც პატრიარქი ქადაგებს, მათ შორის, ჩემ თავსაც“, - განაცხადა გვენეტაძემ.
არაოფიციალური მონაცემებით, სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხა საერთო შემოსავლების ერთ პროცენტს, ანუ დაახლოებით 80 მილიონ ლარს, შეადგენს. სამორინეები ყოველწლიურად იხდიან სანებართვო მოსაკრებელს, რომელიც, ტერიტორიის მიხედვით, 250 ათასი ლარიდან 5 მილიონ ლარამდე იცვლება. სამორინეები ასევე იხდიან ფიქსირებულ მოსაკრებელს სათამაშო მაგიდებისა და აპარატების მიხედვით. სამორინეებისა და ტოტალიზატორების დიდი ნაწილი თავმოყრილია თბილისში, შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის ეფექტიანი რეგულაცია მნიშვნელოვანია დედაქალაქის მერისთვისაც:
„რეგულაციები არსებობს და კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს, რათა არასრულწლოვნებისთვის დაწესდეს კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები. ჩვენთანაც, ისევე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაში, ცივილიზებული ფორმით უნდა არსებობდეს ეს ბიზნესი“, - ამბობს დავით ნარმანია.
არასამთავრობო ორგანიზაციის „თაობათა დიალოგის“ მონაცემებით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჩართულია აზარტულ თამაშებში. „ვიყავით ქუთაისის 5 საჯარო სკოლაში და 14-18 წლამდე მოზარდებმა მიიღეს მონაწილეობა კვლევაში. გამოკითხულთა 41% ზოგჯერ თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ხოლო 7% კი უკვე არის აქტიური მომხმარებელი. სულ გამოვკითხეთ 400-ზე მეტი მოზარდი“, - ამბობს „თაობათა დიალოგის“ გენერალური მდივანი, გვანცა თოთაძე.
მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან მოზარდთა ეს ჯგუფი უკვე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების თვალსაზრისით, მაღალი რისკის მატარებელია. გამოკითხულთა 75%-ზე მეტის მეგობარი იყო აზარტული თამაშების მომხმარებელი - ონლაინ ან „სლოტკლუბის“.
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ ერთი ქალაქის - ქუთაისის - მონაცემებია. კიდევ უფრო საგანგაშო მდგომარეობა იქნება დედაქალაქის და მერე უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ჯერ კიდევ ორი წლის წინათ შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მიზანია მოამზადოს ცვლილებები საქართველოს კანონში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ, თუმცა მას შემდეგ, საქმე ვერაფრით დაიძრა.