რუსულმა ავიაკომპანიებმა თავისი გაიტანეს

რუსულმა ავიაკომპანიებმა თავისი გაიტანეს

მთავრობამ ქართული ავიაციის თხოვნა არ გაითვალისწინა და რუსულ ავიაგიგანტებს კარი ფართოდ გაუღო. ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსკოვი-თბილისის საავიაციო ხაზზე კვირაში ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე 21 სიხშირე განისაზღვრა. გარდა ამისა, რეგულარული რეისები რუსეთის კიდევ 6 ქალაქში შესრულდება.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ავიბაზარზე უამრავი რუსული ავიაკომპანია გამოჩნდება. “აეროფლოტის”, “სიბირის” და “ტრანსაეროს” გარდა, ავიარეისების შესრულებისთვის სხვა რუსული გადამზიდავებიც ემზადებოდნენ. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებამ მათ გზა გაუხსნა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე აღნიშნავს, რომ გაჭიანურებული კონსულტაციების შემდეგ, საბოლოო შეთანხმება შედგა. ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მგზავრთ ნაკადი 49%-ით გაიზრდება და ამ გადაწყვეტილების შემდეგ კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი.

“აღნიშნული სიხშირეები სრულად იქნება ათვისებული. ქართული კომპანიების, მომხმარებლების, ქვეყნის ინტერესები - ეს ყველაფერი, ვფიქრობთ, ერთობლიობაში იქნება დაცული. პირველ რიგში, აქ საუბარია მომხმარებლებზე, ქვეყნის ინტერესებზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე და რა თქმა უნდა, ქართული ავიაკომპანიების ინტერესებზე, რომ კონკურენტულ გარემოში შეძლონ მათ ამ მიმართულებით ფრენა”, - განაცხადა მიქელაძემ.

თბილისი-მოსკოვის გარდა შეთანხმება შედგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც, კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რუსეთის 7 ქალაქში - მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი - რეგულარული რეისები განახორციელონ, ხოლო რუსული კომპანიები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით იფრენენ.

“ეს არის საბოლოო შეთანხმება. ქართული ავიაკომპანიების ინტერესის გარდა, ჩვენ გავითვალისწინეთ მომხმარებეთა ინტერესი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით ტურისტული ნაკადის ზრდა, რომელსაც ჩვენ ზაფხულის სეზონზე ველოდებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და შეთანხმებული მეორე მხარესთან”, - განაცხადა მიქელაძემ.

რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს ცალმხრივად შეწყდა და 2010 წლიდან ქვეყნებს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდებოდა. 2014 წლის 27 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა, თუმცა მხოლოდ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. 2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, თბილისში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ, ფრენის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ზემოაღნიშნული მოლაპარაკებების შედეგია, რომ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეიზს” უკვე მიეცა შესაძლებლობა, 2015 წლის 10 აპრილს დაეწყო რეისების შესრულება თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით. აპრილის ბოლოდან კი ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-სამარას მიმართულებითაც.

ეკონომიკის სამინისტროს ამგვარ პოზიციას უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგება ქართული ავიაკომპანია “აირზენა”, მაგრამ კვირიკაშვილის უწყების ამგვარმა გადაწყვეტილებამ უკვე უცხოური ავიაგდამზიდავების უკმაყოფილებაც გამოიწვია.

Pegasus Airwayes-ის საბაზრო პოზიციების შესაძლო დასუსტებას კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ელიზბარაშვილი გამორიცხავს.

„ვნახოთ ერთი თურქეთის ეკონომიკა უფრო ძლიერია თუ რუსეთის”, - აცხადებს ის.

„მოსკოვი, ხელსაყრელი ჰაბია და მეტი სიხშირის შემთხვევაში ნაკადების სტამბოლიდან მოსკოვში გადანაცვლების შესაძლებლობა ჩნდება, სადაც მგზავრებს უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, თურქულ ავიაგადამზიდავებთან კონკურენცია კი ტარიფების შემცირების საწინდარი გახდება”, - რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ამ მოლოდინს Pegasus-ის წარმომადგენელი საქართველოში მხოლოდ ფრენების გაიაფების ნაწილში იზიარებს.

ელიზბარაშვილის განცხადებით, გეოგრაფიულად, ევროპის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებით მგზავრისთვის სტამბოლის გავლით ფრენა უფრო მოსახერხებელია, კარგი სერვისის და ხელსაყრელი ფასის შეთავაზება კი თავად Pegasus-ის არჩევანია.

სტამბოლის აეროპორტები საქართველოს ბაზარზე ოპერირებადი 3 თურქული ავიაკომპანიისთვის (Turkish Airlines, Pegasus Airwayes, AtlasJet) წარმოადგენს ჰაბს.

2014 წლის ავიანაკადის 27%-მდე წილი თურქული ავიაკომპანიებზე მოდის.