ამინდს ისეთი პირი უჩანს, რომ შარშანდელი გაზაფხულის მეორდება. თუკი სტიქია კიდევ 2-3 დღეს იბობოქრებს, ყველაფერის გაფუჭებას მოსაწრებს, რისი გაფუჭებაც ბუნებას ხელეწიფება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული განვითარების განყოფილებამ პრევენციის მიზნით ქალაქში იმ ხეების მოჭრა დაიწყო, რომლებმაც შესაძლოა, მოსახლეობას პრობლემები შეუქმნას. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თბილისში ძლიერმა ქარმა ქალაქის რამდენიმე რაიონში ხეები მოგლიჯა და მანქანები დააზიანა
აღმაშენებლის გამზირზე, ჰიდრომეტეოროგიული ცენტრის ეზოში ხე “ბეემვეს” მარკის ავტომანქანას დაეცა. შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იყო. ქარისგან წაქცეული ხე ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში მდგომ ავტომობილსაც დაეცა. ამ დროს მანქანაში მისი მეპატრონე იმყოფებოდა, მაგრამ მას სხეულის დაზიანება არ მიუღია.
როგორც ვაჟა-ფშაველას III კვარტლის მაცხოვრებლები აცხადებენ, ამ რაიონში ქარის შედეგად ხშირია ანალოგიური შემთხვევები და ისინი ითხოვენ, რომ ხეები რომლებიც შესაძლოა ქარის დროს წაიქცეს, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოჭრას. თბილისის მერიის გამწვანების სამსახურმა III კვარტლის ამ კონკრეტულ უბანში, სადაც დღეს ეს ინციდენტი მოხდა, ხეების ნაწილი უკვე მოჭრა.
მერიის საგანგებო სიტუაციების, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების სამსახურები ძლიერი ქარის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. მერიაში სპეციალური ცხელი ხაზი მუშაობს, რომელიც მოსახლეობისგან შეტყობინებებს იღებს.
იქ, სადაც უამინდობა რამე პრობლემებს ქმნის, სიტუაციას რაიონების გამგებლებიც სწავლობენ. ძლიერი ქარის გამო თბილისის საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოში უკვე 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
რადგანაც თბილისის შემოგარენში მდებარე სოფლებიც დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა, უგულავას უწყებას თავსატეხი იქაც გაუჩნდა. წყნეთში, კიკეთსა და კოჯორში საკმაოდ ჩამოთოვა და მოჭარბებული ნალექის გამო გზებზე გადაადგილება შეფერხებულია.
სოფლების მიმართულებით წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი იყრებოდა. “ბუნებამ სიურპრიზი მოგვიმზადა, თუმცა თოვლის გამწმენდი და მარილის მომწყრელი ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, რის გამოც როგორც ტრანსპორტით, ისე ფეხით გადაადგილება უკვე უსაფრთხოდაა შესაძლებელი”, - განაცხადა თბილსიის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თორნიკე შიოლაშვილმა.
გლდანის რაიონში კი სტიქიამ წყლის მიწოდებაში შეფერხებები გამოიწვია. ერთ კვირაზე მეტია დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 4-5 საათი მიეწოდება წყალი. გლდანის მოსახლეობა ჩივის, რომ რამდენჯერმე მიმართეს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცხელ ხაზს, სადაც შეკითხვაზე პასუხი არ გასცეს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ უამინდობის გამო პრობლემები შეექმნა არაგვის ხეობაში განთავსებული სათავე ნაგებობების მუშაობას და შეფერხებაც სწორენ ამან განაპირობა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” იმედოვნებს, რომ აღნიშნული პრობლემა უამინდობასთან ერთად გადაიჭრება”, - განმარტავენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ რადგან დედაქალაქის წყალმომარაგებაში არსებული შეფერხებები გამოწვეულია კომპანიისგან დამოუკიდებლად, გაუთვალისწინებელი გარემოებებით, ის ვერ აისახება მიმდინარე თვის სააბონენტო გადასახადზე.
გაცილებით დიდი პრობლემები შექმნა სტიქიამ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში. მაგალითად, პანკისის ხეობის სოფლებში თოვლის საფარი 10-15 სანტიმეტრს აღწევს. თოვლის გამო ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
ამასთან, ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ილტო ადიდდა და სოფელ ქვემო ალვანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა, გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი კი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვას სახანძრო მანქანები ცდილობენ.
თოვლმა და ძლიერმა წვიმამ მოკლე ჩართვები გამოიწვია, რის გამოც ახმეტის და ლაგოდეხის რაიონების სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ახმეტის რაიონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფლები ჯოყოლო, დუისი, ბირკიანი, ქვემო ომალო და დუმასტური.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა 15 აპრილამდე გაგრძელდება. ამაღამ თელავის და გურჯაანის რაიონებში ყინვაა მოსალოდნელი და ტემპერატურა - 3 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსების თქმით, მოსალოდნელი ყინვის გამო კურკოვანი ჯიშის მცენარეებს, რომლებიც ადრე ყვავილობენ, საფრთხე ექმნება.