დავით ზურაბიშვილი: საპროტესტოდ გამოსული ხალხი ასე უბრალოდ სახლში აღარ წავა

დავით ზურაბიშვილი: საპროტესტოდ გამოსული ხალხი ასე უბრალოდ სახლში აღარ წავა

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს; მისი აზრით, ფსიქოლოგიური კანონით, ადამიანს მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა არ შეუძლია და ერთ დღესაც, შესაძლოა, ყველაფერი აფეთქდეს.

 

ბოლო დროს ცალკეული პარტიები რევოლუციურ მოდელზე საუბრობენ. როგორ გგონიათ, რას ეფუძნება ზოგიერთ ოპოზიციონერთა განცხადება და ამის საპირწონედ, რა  რესურსი აქვს ხელისუფლებას?

- რაც შეეხება რევოლუციურ მოდელებს, ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერი ვიცით. ერთადერთი თუ მოხერხდება, ე.წ. ოპოზიციური რვიანის პარტიები ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაღაცნაირად, საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებით და კიდევ სხვა ბერკეტებითაც, მოხერხდეს საარჩევნო გარემოს იმგვარი ცვლილება, რომ აზრი ჰქონდეს არჩევნების ჩატარებას. ეს საშუალებას მოგვცემს, შედეგიც მეტ-ნაკლებად განწყობის ადექვატური იყოს. ეს იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი. თუ ეს ვერ მოხერხდება და ხელისუფლება, როგორც იტყვიან, ვირზე შეჯდება, არაფერს დათმობს და კვლავ შეეცდება კვლავაც აბსოლუტურად უზურპირებული ჰქონდეს ყველაფერი ხელში, ამას კარგი შედეგები არ მოჰყვება.

 

დააპირებს კი საზოგადოება უკვე მერამდენედ ქუჩაში გასვლას?

- საზოგადოების განწყობები დამოკიდებულია სწორედ ხელისუფლების პოლიტიკაზე. თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა და გარკვეულ დათმობებზე  წამოსვლა ვერ ვაიძულეთ, ეს უკმაყოფილება, ბუნებრივია, მომწიფდება და აფეთქდება. რა ფორმით აფეთქდება და საით წავა მერე ეს ნიაღვარი, არავინ იცის.

 

იმ შემთხვევაში, თუ აფეთქდება, დასავლეთის რეაქცია როგორი იქნება? ჩაერევიან ჩვენს საქმეებში?

-  ძნელი სათქმელია, თუ როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ  მომენტსა და ძალიან ბევრ ფაქტორზე, რაზეც ახლა მიჭირს საუბარი. პრობლემა არის ის, რომ ახლა თუ მოხდა აფეთქება, ეს არ იქნება 2007 ან 2009 წელი.

 

უარეს აფეთქებას უნდა ველოდოთ?

- რა თქმა უნდა, იქნება უარესი, რადგან ხალხს წარსულის ძალიან მწარე გამოცდილება აქვს. კერძოდ, ამდენი ხალხი ერთხელ უკვე ვნახეთ გამოსული, მეორედ, მესამედაც გამოვიდა, არაფერი შედეგი არ მიუღიათ და, თუ კიდევ მოხდა გამოსვლა, ბუნებრივია, ასე უბრალოდ სახლში აღარ წავლენ. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ასე არ მოხდეს, რადგან ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, საერთოდ, მთელი ქვეყნისთვის, არა მარტო ხელისუფლებისთვის.

 

ამ ეტაპზე დასავლეთი რამდენად არის ჩართული  ქართული საზოგადოების ფორმირების საქმეში? რამდენად ქმედითია ოპოზიციის სასარგებლო რეკომენდაციები თუ მხოლოდ განცხადებების დონეზე რჩება?

- ჯერჯერობით, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ დიდი ილუზიები საერთოდ არ მაქვს, რომ ჩვენს საქმეს გააკეთებს გინდა ამერიკა, გინდა ევროპა. ზეწოლას ახდენენ საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით იმავე ამერიკის შეერთებული შტატებისგან მომდინარეობს. ასევე, შეგიძლიათ ნახოთ ბატონი ბასის გამოსვლები, ვიდეომიმართვა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. ასეთი ზეწოლა ადრე ნამდვილად არ მახსოვს სააკაშვილის ხელისუფლებაზე.

 

ბოლო დროს საფრანგეთის ელჩს ორმხრივი შეფასებების გამო საყვედურობენ.

- პიროვნულად, საფრანგეთის ელჩს სჩვევია ხოლმე ასეთი რამ. რეალურად კი, სხვა დროს საქართველოს ხელისუფლებაზე ასეთი ზეწოლა არ მახსოვს. ამიტომაც ჭიანურდება ეს პროცესი, თორემ, ხელისუფლება ძალიან მარტივად იტყოდა უარს მასზე. დასავლეთის გავლენით ხელისუფლება იძულებულია ოპოზიციური ”რვიანის” კონკრეტულ წინადადებებს დათანხმდეს. ოპოზიციას აქვს შანსი, ხელისუფლების დამკვიდრებული თამაშის წესები  თავის სასიკეთოდ შეცვალოს და თავად გახდეს პროცესის მამოძრავებელი ძალა.  

 

რამდენად ადექვატურია ირაკლი ოქრუაშვილის საფრანგეთიდან მოცემული დირექტივები? იგი აცხადებს, რომ მხოლოდ „ქართულ პარტიას“ შეუძლია  სააკაშვილის რეჟიმისთვის მომაკვდინებელ დარტყმ მიყენება და, რომ მის გარეშე რეჟიმს ვერავინ შეცვლის.

- მე საერთოდ თავს ვიკავებ სხვა პოლიტიკური პარტიების განცხადებების შეფასებისგან და ვცდილობ მათი კომენტირება არ მოვახდინო.

 

ზოგადად, „ქართული პარტიის“ ამბიცია მის შესაძლებლობას შეესაბამება?

- ვერაფერს ვიტყვი, არ ვაფასებ სხვებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე და შევეცდებით, ეს საქმე კარგად გავაკეთოთ.

 

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას „ახალი ქართული კონსერვატიზის იდეა“ წარუდგინა, რაც კლასიკური ევროპული ტრადიციის საფუძველზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მოდელის შექმას ითვალისწინებს. ამასთან, ამ პროექტის საფუძველზე მაღრაძე სულიერი გენოციდისგან თანამემამულეების დახსნას ცდილობს.

- თავისთვად იმის ძიება, რომ ქართული იდენტობის გარკვეული საფუძველი მოინახოს, მისასალმებელია. კარგია, თუკი ეს მცდელობა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ადამიანს გააერთიანებს და ღირებულებათა სისტემაში მეტ-ნაკლებ საერთოს გამოუძებნის. კონკრეტულად, რამდენად შეასრულებს „ახალი ქართული კონსერვატიზმი“ ამ ფუნქციას, არ ვიცი. რთული სათქმელია, მით უმეტეს, მასში ჩემთვის ბევრი რამ სადაოა, რადგან ჩემი შეხედულებები უფრო კლასიკური ლიბერალიზმიდან მოდის.

 

იმ ფონზე, როცა ქვეყნის სათავეში ეს ხელისუფლებაა, ასეთი პროექტების დადება ნაადრევი ხომ არ არის?

- არა, ამგვარი ძიება, მე მგონი, ნებისმიერი ხელისუფლების დროს კარგია. ვიღაც დაეთანხმება, ვიღაც არა და განსხვავებულ  ხედვას წარმოადგენს. ამას მე პოლიტიკურად ნაკლებად ვაფასებ. ზუსტადაც, ჩვენს ქვეყანაში იდენტობის  პრობლემაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები საქართველოს მოქალაქეები, წარმომავლობით  ქართველები არიან, პრაქტიკულად, მათ საერთო არაფერი აქვთ, სულ სხვა არის ერთი მათგანის  საქართველო და სულ სხვა არის მეორის საქართველო. ტელევიზორიც რომ ჩავრთოთ, „რუსთავი 2“-ისა და  „იმედის“ ტელესაქართველო ერთი საქართველოა, „მაესტროსა“ და „კავკასიის“ საქართველო კი,  სხვა არის, რაც ძალიან დიდი სხვაობაა. კამათიც კი ჭირს ამ  ადამიანებთან, რადგან ასეთი განსხვავებებული შეხედულების გამო ეს   შეუძლებელია.

 

ჩვენი სახელმწიფოს იმიჯზე რამდენად იმოქმედებს ებრაელი ბიზნესმენების დაკავება?

-  მე მგონი, ეს უკვე მოქმედებს და ძალიან ცუდად. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. რაც მოხდა, ასეთ რამეს შუასაუკუნეებში აკეთებდნენ. რომელიღაც შაჰი რომ დაპატიჟებდა ვინმეს, ჩამოდი ჩემთან სტუმრადო, მიიტყუებდა, მერე კი დაიჭერდა და მძევლად აიყვანდა. 21-ე საუკუნის პოლიტიკაში, თანაც ამ შუასაუკუნეობრივი მეთოდებით, ასეთი რამ  არ ხდება. თუ ვინმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ოფიციალური მიმართვის საფუძველზე ხდება დამნაშავის ჩამოყვანა და არა- პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოტყუებით.

 

ფორმა არ მოგწონთ?

- არც ფორმა მომწონს, არც - შინაარსი. ცალკე საკითხია, ის ხალხი რამდენად დამნაშავეა. მთავარია, როგორ იქნა დაპატიმრებული. ისრაელი უკანასკნელი სახელმწიფო არაა ამ ქვეყანაზე, ასე რომ გადაიკიდო. ყველა ქვეყანა თავის ბიზნესმენებს, თავის მოქალაქეებს იცავს და უდგას მხარში. ამ შემთხვევაში, ისრაელიც ამის მაგალითს გვიჩვენებს.    

 

ქართული ოპოზიციური სპექტრი ერთმანეთთან კონსოლიდირებას ვერ ახერხებს. თქვენი აზრით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ასეთი ეკლექტური ძალების იმედი, რომ ერთიანი ფრონტით გამოვლენ საბრძოლველად?

- საერთოდ, ასეთი ერთიანი გამოსვლა - როცა ყველა ერთად დგება - ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის ძალიან პოლარიზებული სიტუაცია. როგორც რუსები იტყვიან, „სტენკა ნა სტენკუ“, ანუ არავითარი სხვა გზა არ დარჩა და ერთმანეთს უნდა შეეჯახონ. ან უნდა წახვიდე და შეეგუო ბედს, ან უნდა გამოხვიდე ქუჩაში და დაეჯახო ხელუსუფლებას. თუ აქამდე მივიდა საქმე, ბუნებრივია, მეორე გზა რჩება.

 

ამ შემთხვევაში, ხელისუფლება სისხლს დაღვრის?

- ამის წინასწარ თქმა ძალიან რთულია. ზოგან სისხლს ღვრიან, ზოგან - არა. ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მან არ უნდა მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ ეს პროცესი დაიწყოს. თორემ თუ საქმე აქამდე მივა, ეს პროცესი გარდაუვალია, თავისთავად მოხდება. ახლა რომელიღაც პოლიტიკური ძალა შეიძლება არ შეუერთდეს ხალხს, ვიღაც - შეუერთდეს, მაგრამ ასე მოხდება. ეს გახლავთ ფსიქოლოგიური კანონი, ადამიანის ბუნებაა ასეთი. ადამიანს არ შეუძლია მუდმივად იმყოფებოდეს მძიმე, სტრესულ მდგომარეობაში, მას ამ სტრესის განმუხტვა აუცილებლად სჭირდება. რადენიც უნდა დააშინო და დათრგუნო, ერთ მშვენიერ დღეს დათრგუნვა დაგროვდება და მერე უცებ ნაპერწკალიც საკმარისია, რომ ეს ყველაფერი აფეთქდეს.

 

როგორ შეაფასებთ შეფიცულების რაზმის ჩამოყალიბებას? მოვლენების გართულების შემთხვევაში, ისინი იარაღს აიღებენ?

- სხვების ქმედებას არ ვაფასებ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ გაამართლეს, რაც ამ ეტაპზე ასეც ჩანს და ხალხი ვერ აიყოლიეს, გამოსავალი რაშია? ხალხი სრულიად ახალ ძალებს მოსინჯავს?

- არავინ უშლის დღეს ხელს არავის, რომ გახდეს ლიდერი ან ასპარეზზე გამოვიდეს და საკუთარი პოზიცია განაცხადოს. ოპოზიციაში ვინ იქნება წინ და ვინ - უკან, ეს რთული საკითხია. თუ გადავხედავთ წარსულს, ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც ვიღაც ყოფილა ძალიან მაღლა, მერე უცებ ჩამოვარდნილა, მერე ისევ მაღლა ასულა და ასე,- დაუსრულებად. ამიტომ ეს ცვალებადია.

 

ამ ლიდერებში ხედავთ ისეთს, ვინც მაღლა აღმოჩნდება?

- კაცმა არ იცის, რა მოხდება. ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. ბოლოსდაბოლოს, 9 აპრილის შემდეგ პატიაშვილი გახდა ყველაზე რეიტინგული პიროვნება.