მეხორბლეებისთვის 2 ამბავია: ერთი - კარგი, მეორე - ცუდი. კარგი ამბავი ისაა, რომ მათ დღგ-ს გადახდის ვადა გაუხანგძლივდებათ. ცუდი ამბავი კი დიდი ხანია იღებს სათავეს და ბაზრის მონოპოლისტობას უკავშირდება.
ხორბლის იმპორტიორები და ფქვილის ადგილობრივი მწარმოებლები აზერბაიჯანული კომპანია „კარატ-ჰოლდინგის“ ექსპანსიას აპროტესტებენ. მათ მონოპოლისტი კომპანიის შეზღუდვის თხოვნით ამჯერად უკვე პარლამენტს მიმართეს. დაინტერესდებიან თუ არა ამ საკითხით საკანონმდებლო ორგანოში, ჯერჯერობით უცნობია.
წისქვილკომბინატების მფლობელები ამბობენ, რომ აზერბაიჯანულ კომპანიასთან კონკურენციას ვერ უძლებენ და გაჩერების ზღვარზე არიან. ისინი ჩივიან, რომ „კარატ-ჰოლდინგი“ ფქვილს ბაზარზე დემპინგურ ფასებში ყიდის. აზერბაიჯანელთა საკუთრებაშია კაჭრეთის, გორის წისქვილკომბინატები და პურის ქარხანა „მზეკაბანი“.
„არის თუ არა „კარატ-ჰოლდინგი“ მონოპოლისტი, ამის დადგენა ძალიან მარტივია. მისი წილი ბაზარზე 50%-ზე მეტია. კომპანიის მფლობელი დიდ რესურსს ფლობს და რა ფასადაც უნდა, ფქვილს იმ ფასად გაყიდის. ბაზარზე 4 წისქვილკომბინატია დარჩენილი და მათაც გაჩერება ემუქრება. იმედი გვაქვს, კონკურენციის სააგენტო მოიკვლევს ამ თემას და ხელისუფლებაც შესაბამის ზომებს მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვეღარ გაუძლებენ კონკურენციას“, -აცხადებს კომპანია „აგრიკომის“ ხელმძღვანელი კოკი ოსიპოვი.
„კარატ-ჰოლდინგის“ დირექტორი რენა ბაბაევა მონოპოლისტობას უარყოფს და „ჯიბისისთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათი წილი ბაზარზე 40%-ს არ აღემატება. მისი თქმით, ყველა დოკუმენტი კონკურენციის სააგენტოს მიაწოდა და დარწმუნებულია, რომ მათ მონოპოლისტობას ვერც სააგენტო დაამტკიცებს.
მონოპოლისტი კომპანიის საქმიანობის შესწავლის თხოვნის განცხადება კონკურენციის სააგენტოში შარშან ოქტომბერში შევიდა. კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო და 3 თვის შემდეგ განცხადების ავტორებს მხოლოდ ის აცნობა, რომ კვლევა გრძელდება. საბოლოო პასუხისთვის და კვლევის შედეგების გამოსაქვეყნებლად სააგენტოს კანონით 10-თვიანი ვადა აქვს. ეს ვადა სექტემბერში იწურება.
შეჭირვებული მეხორბლეებისთვის პოზიტიური ინფორმაციაც გავრცელდა. მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ხორბლის იმპორტიორებს დღგ-ს გადახდის ვადა გაუხანგძლივდებათ. მეწარმეები ახალ ინიციატივას მიესალმებიან და ხორბალზე ფასის დასტაბილურებას პროგნოზირებენ.
მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვისას მიიღო. დღესდღეობით იმპორტიორებს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა პროდუქციის შემოტანიდან 30 დღეში უწევთ. ამიერიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, დღგ რეალიზაციის დროს გადაიხადონ, რაც ქვეყანაში ხორბლის დიდ მარაგს შექმნის და გაძვირების პერიოდში ფასს დააბალანსებს.
თავის დროზე დღგ-ს წესის გაუქმებამ იმპორტიორებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მეხორბლეთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ შეღავათის გაუქმებით მთავრობამ შეცდომა დაუშვა. თანხა, რომელიც ხორბლის საყიდლად უნდა გამოყენებულიყო, მთლიანად დღგ-ში მიდის. ამის გამო საქართველოში ხორბლის შედარებით ნაკლები მარაგი შემოდის, რამაც ფქვილი გააძვირა.
„შეღავათის დაწესება მთავრობის მხრიდან ძალიან კარგი ინიციატივაა. შესაძლოა, მან ფქვილის ფასზე გავლენა მყისიერად არ მოახდინოს, მაგრამ დროის გარკვეულ პერიოდში დაასტაბილურებს. სტრატეგიული მარაგის შექმნა არ გაგვიჭირდება. რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ხორბალს იმპორტიორები შეიძენენ იმ დროს, როდესაც მისი ფასი იქნება დაბალი. დასაწყობებულ ხორბალს კი მაშინ განვაბაჟებთ, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემა. ასე კომპანიებიც მშვიდად იქნებიან და ქვეყანაც“, - განაცხდა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.