ეროვნული ვალუტის დაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ბაზარზე სტაბილიზაციის ნიშნები არ ჩანს. კურსი წლიურ მაქსიმუმს მიუახლოვდა. მთავრობისა და ეროვნული ბანკის დაპირება კურსის დასტაბილურებისა და შემდეგ გამყარების შესახებ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა.
ერთი წლის განმავლობაში, 2014 წლის პირველი აპრილიდან 2015 წლის პირველ აპრილამდე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურების მასშტაბების მიხედვით საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს დევალვაციის 27,4%–იანი მაჩვენებლით. ბოლო 2 წელიწადში კი ლარი 36%-ით გაუფასურდა.
პირველ პოზიციაზეა უკრაინა, სადაც ეროვნული ვალუტა, გრივნა 82,9 პროცენტით დაეცა, მას მოსდევს რუსული რუბლი 61,9%–იანი გაუფასურებით, მესამეა ბელორუსული რუბლი (54,4), მოლდავური ლეი (35,4), აზერბაიჯანული მანათი (34,6), მეექვსე, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოა, რომელსაც თურქმენული მანათი (22,8%), ყირგიზული სომი (17,2%), სომხური დრამი (14%), უზბეკური სუმი (10%) და ყაზახური ტენგე (1,8%) მოსდევენ.
სხვათა შორის, აზერბაიჯანი ეროვნული ვალუტის მართვად მცურავ კურსზე გადასვლისთვის ემზადება. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით თავისუფალ კურსზე გადასვლა არ მოხდება და მარეგულირებელი გააგრძელებს ინტერვენციას საკურსო რყევების შესარბილებლად.
საქართველოში კი ვითარება სულ უფრო მძიმდება. ლარის კურსი წლის ანტირეკორდს მიუხლოვდა და მალე შეიძლება გასცდეს კიდეც. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაპირება, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდებოდა, მხოლოდ ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. არ გამართლდა არც ეკონომიკის მინისტრის პროგნოზი, გიორგი კვირიკაშვილის დაპირებული სავალუტო სტაბილიზაცია, რომელიც აპრილში უნდა დაწყებულიყო, არ ჩანს.
დასუსტებულ ეროვნულ ვალუტას დევალვაციის მიმართულებით ბიძგს სებ-ის მიერ მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდაც აძლევს. მარტო 2 აპრილს სებ-მა რეფინანსირების აუქციონზე ისტორიულად მაქსიმალური თანხა - 1 მლრდ-მდე ლარი გამოიტანა. იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების სესხების გაცემა ასეთი ტემპით გაგრძელდა და სავალუტო ბაზარზეც დოლარი-ლარის ბალანსი უფრო მეტად დაირღვა, ლარის კიდევ უფრო გაუფასურება გარდაუვალი იქნება.
ლარის გაუფასურებას თან სდევს პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირება.
კარგა ხანია ფასი გაიზარდა მედიკამენტებზე და იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე. უკვე დაიწყო საწვავის გაძვირებაც. ბოლო 3 კვირაში ბენზინი და დიზელი 10-12 თეთრით გაძვირდა. მორიგი 5-თეთრიანი ცვლილება მენავთობეებმა 3 აპრილს მოახდინეს.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე პირდაპირ აცხადებს, რომ ლარის კურსზე პასუხისმგებელი ჯერ მთავრობაა და შემდეგ - ეროვნული ბანკი. ვალუტის კურსის ფორმირებისას მონეტარული პოლიტიკაა მთავარი. ლარის გამყარება ერთ წუთშია შესაძლებელი, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი სერიოზულ, სისტემურ ცვლილებებს გაატარებენ.
„ამისთვის ზაფხულის ან ტურისტების მოლოდინი საჭირო სულაც არ არის, საჭიროა მხოლოდ სწორი მიდგომა. ეროვნული ვალუტის დაცემა ხელოვნური პროცესი იყო და მისი კურსი არც ზაფხულზეა დამოკიდებული, არც კარგ ამინდზე და არც ტურისტების რაოდენობაზე. მონეტარული პოლიტიკა იმიტომ არსებობს, რომ ეს კურსი გააკონტროლოს და თუ ასე არ ხდება, მაშ, რაში გვჭირდება ეროვნული ბანკი? სებ-ი იმიტომ არსებობს, რომ მოსახლეობა დაიცვას და მან პირველ რიგში, სწორედ ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს“, - აცხადებს შეშელიძე.
იგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლარის გაუფასურებით მარტო კომერციულმა ბანკებმა ისარგებლეს. „ამ პროცესით მარტო ბანკებს არ უხეირიათ, რადგან ისინი დავალებებს ასრულებენ, თავისი ფულით კი არ ვაჭრობენ, უბრალო შუამავლები არიან. ეს სიტუაცია შექმნა ჯერ მთავრობამ და მერე - ეროვნულმა ბანკმა. დამნაშავე ის არის, ვინც სპეკულაციების საშუალება გააჩინა. ტექნიკურად ლარის გამყარება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, მაგრამ ეს თითის დაწკაპუნებით არ მოხდება, ამას დანახარჯი და სერიოზული სისტემური ცვლილებები სჭირდება“, - აცხადებს „ბიპიენთან“ საუბრისას პაატა შეშელიძე.