მართალია ზაფხულია და წესით და რიგით “ყაზტრანსგაზი” სადამსჯელო ღონისძიებებს არ უნდა ატარებდეს (რადგან ამ პერიოდში ეფექტური არ არის), მაგრამ როგორც ირკვევა რაც მთლად ასეა საქმე. ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პერმანენტულად არღვევს აბონენტების უფლებებს. ასეთი ქმედების წინააღმდეგ, ოპოზიციონერები კომპანიის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
“ხალხის პარტია” გაზის ტარიფის დავალიანების გამო, მოსახლეობისადმი “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ გამოყენებულ “სადამსჯელო ღონისძიებებს” აპროტესტებს და კომპანიას არაჰუმანურობასა და არაკორექტულობაში ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით “ხალხის პარტიის” პოლიტიკური მდივანი ალეკო შალამბერიძე და პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე როინ ხიჯაკაძე კომპანიის შენობასთან, საპროტესტო აქციის გამართავასაც გეგმავენ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” წარმოადგენს თბილისში გაზის მიწოდებაზე მონოპოლისტ ორგანიზაციას, რომელსაც აქვს დელეგირებული უფლება თბილისის მერიისგან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე შეადგინოს ოქმები და საჯარიმო ქვითრები, თუმცა ეს ორგანიზაცია ამ უფლებებს ბოროტად იყენებს.
კერძოდ, “ყაზტრანსგაზ თბილისის” წარმომადგენლები საჯარიმო ქვითრებს ავსებენ რეალურად დარღვევის არარსებობის დროს; იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც რეალურად აქვს ადგილი დარღვევას, ზარალის დაანგარიშება ხდება არაადეკვატურად, ანუ გაცილებით დიდი ოდენობით, ვიდრე რეალურად ამას შეიძლება ჰქონოდა ადგილი;
”ყაზტრანსგაზ-თბილისი” არ ავრცელებს არანაირ შეღავათს და არ იყენებს არავითარ ღონისძიებას, რათა აბონენტს შესაძლებლობა მიეცეს დაფაროს დავალიანება, დავალიანების დაფარვის შემდეგ კი ითხოვს გარკვეული მნიშვნელოვანი თანხის შეტანას ანგარიშზე მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რაც, მათივე განცხადებით, წარმოადგენს არა მარტო უბრალო უკანონობას, არამედ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ან მცდელობას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” უსაფუძვლო მოთხოვნით საქართველოში მისი შემოსავლიდან რამდენიმე დღეში მარეგულირებელმა კომპანიამ გაზზე ტარიფი არაადეკვატურად გაზარდა. “ხალხის პარტია” კომპანიის მმართველსაც აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ანა თაქთაქიშვილი აბონენტების მიმართ განსაკუთრებული უხეშობით და ცინიზმით გამოირჩევა და მისივე მოთხოვნით, ანალოგიურად იქცევიან სერვისცენტრების ხელმძღვანელებიც.
ეს “ყაზტრანგაზის” წინააღმდეგ გამოთქმული პრტენზიების არც პირველი შემთხვევაა და ალბათ არც უკანასკნელი. ამ კომპანიის მიერ მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები საკმაოდ ხშირად გამოდის სააშკარაოზე.
მაგალითად, ამ 3 თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისი” აბონენტებს კოლექტიურად სჯიდა. კომპანიამ საბურთალოს რაიონში ერთი ოჯახის 300-ლარიანი დავალიანების გამო, მთელ სადარბაზოს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” აბონენტების განმარტებით, კომპანიის თანამშრომლებმა საყვირით გააფრთხილეს, რომ ერთის მიერ დავალიანების გადაუხდელობის გამო, გაზი მთელ სადარბაზოში გაითიშებოდა.
კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა გადაჭრილი მილი მხოლოდ დავალიანების გადახდის შემდეგ აღადგინა. საქმე ისაა, რომ ამ ფაქტით არც სემეკი და არც ენეგოომბუდსმენი დაინტერესებულა, რომელთა უშუალო მოვალეობაა მომხმარებელთა უფლებების დაცვა და თავგასული კომპანიების დასჯა.
გარდა ამისა, “ყაზტრანსგაზმა” იანვრიდან გადახდის ახალი წესი აამოქმედა. თუ აბონენტი 3-ჯერ დაგვიანებით გადაიხდის, გაზის ფასს, მომდევნო ერთი წელი თანხის წინასწარ, დეპოზიტზე განთავსებას მოსთხოვენ.