დედაქალაქში მოძრავი ყვითელი „მარშრუტკები“ ბუნებრივ აირზე გადაჰყავთ. ამისათვის მას უცვლიან ძრავს, ამონტაჟებენ გაზის ბალონებს და ამ ყველაფერს ტექნოლოგიური პარამეტრების დარღვევით სჩადიან. თბილისში უკვე ასეთი 10 მიკროავტობუსი ემსახურება მგზავრებს. „თბილისის მიკროავტობუსში“ ამბობენ, რომ ავტომობილების გაზზე გადაყვანა საპილოტე პროექტი იყო, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია.
„კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა“-ს წარმომადგენლის ვასო ურუშაძის ინფორმაციით, თბილისში მოძრავი „ფორდის“ მარკის, ყვითელი, შიდაწვის ძრავიანი დიზელზე მომუშავე სამარშრუტო მიკროავტობუსები, ჩვენი დაკვირვებით, მასიურად გადაჰყავთ ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე. ეს ფაქტი წარმოადგენს ძალიან დიდ საფრთხეს მიკროავტობუსის მგზავრებისთვის, შესაბამისად, არ არის დაცული მგზავრების უსაფრთხოება.
„მეტიც, „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსებში შეცვლილია ძრავი, ნაცვლად ქარხნული ორიგინალი „ფორდის“ ძრავისა, მათში კუსტარულად დამონტაჟებულია „მერსედეს ML“-ის მარკის ავტომობილის ბენზინზე მომუშავე მეორადი მოხმარების შიდაწვის ძრავი, რის შემდეგაც, ასევე კუსტარულად ხორციელდება მიკროავტობუსის ალტერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე, გადაყვანა. ეს მთლიანობაში იწვევს მიკროავტობუსის კონსტრუქციის დარღვევას. ასევე, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ნაცვლად შედარებით უსაფრთხო მეტალოპლასტიკური ბუნებრივი აირის ბალონისა, ამ შემთხვევაში გამოყენებულია ძველი რუსული სატვირთო ავტომობილის „გაზ-53“-ის მოძველებული ჟანგბადის ბალონები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ამოწურული აქვთ ექსპლუატაციის ვადა და წარმოადგენს აფეთქების საშიშროებას“, - აცხადებს ვასო ურუშაძე.
ბუნებრივი აირის ბალონები დამონტაჟებულია ავტომობილის ძარის ქვედა ნაწილში, მიმაგრებულია იატაკზე, რაც ასევე არღვევს მიკროავტობუსის პარამეტრებს - მის კონსტრუქციას, ამცირებს მანძილს ავტომობილის იატაკსა და გზის სავალ ნაწილს შორის. ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქების შემთხვევაში ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მგზავრები აღმოჩნდებიან.
„თუ მოხდა აფეთქება, ეს გამოიწვევს აალებას და მიკროავტობუსზე ცეცხლის წაკიდებას. მივიღებთ სავალალო მდგომარეობას, რადგან მიკროავტობუსს აქვს მგაზვრებისთვის განკუთვნილი მხოლოდ ერთი კარი და ხშირ შემთხვევაში მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობა გადაჭარბებულია“, - აღნიშავს ურუშაძე.
მისი თქმით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გაზზე გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას და მერიის სატრანსპორტო სამსახურს.
„თბილისის მერიის არასწორმა პოლტიკამ გამოიწვია ის, რომ ლარის დოლართან გაუფასურების მოტივით თბილისის მიკროავტობუსების კომპანიამ მძღოლებს ყოველდღიური მოსაკრებელი გაუზარდა, მძღოლებს კი შემოსავალი იგივე დარჩათ, რამაც ისინი აიძულა ეკონომიის მიზნით მიკროავტობუსები შედარებით ეკონომიურ, ალტერნატიულ საწვავზე - ბუნებრივ აირზე გადაეყვანათ, რითიც საფრთხე ექმნება თბილისის ათასობით მოქალაქეს“, - ამბობს ურუშაძე.
საგანშაშო ინფორმაციის გავრთელების შემდეგ „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ ყვითელი მიკროავტობუსების ბუნებრივ აირზე გადაყვანის პროცესი აღარ გაგრძელდება, თუმცა დაახლოებით 10 ერთეული უკვე გაზზე მუშაობს და მგზავრებს ემსახურება. მიკროავტობუსების გაზზე გადაყვანა საპილოტე პროექტი იყო, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია.
„ეს იყო საპილოტე პროექტი. რამდენიმე მიკროავტობუსზე, ყველა სტანდარტის დაცვით დამონტაჟდა საავტომობილი გაზის სისტემა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს და მიკროავტუბუსები სრულიად უსაფრთხოა“, - აცხადებენ „თბილისის მიკროავტობუსში“.
მიკროავტობუსების ბუნებრივ აირზე გადაყვანის პროცესის შეჩერების მიზეზად კი ის სახელდება, რომ ტექნოლოგიური პროცესი დიდ ფინანსურ დანახარჯთან იყო დაკავშირებული.
10-მდე მიკროავტობუსი კი, რომლებშიც უკვე დამონტაჟებულია გაზის სისტემა, საავტომობილი გაზის მოხმარებას გააგრძელებს და მგზავრების გადაყვანისას კვლავ ამ საწვავს გამოიყენებს. გამოდის, რომ ამ მიკროავტობუსის კლიენტები გაზრდილი რისკის საფასურად იმგზავრებენ.