არაბულ სამყაროში მომხდარმა არეულობამ საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ორ ნაწილში კონტრასტული რეაქცია გამოიწვია. არასაპარლამენტო რადიკალური ჯგუფები (რომლებიც სხვადასხვა შეფერილობისა არიან), როგორც სჩანს რეჟიმის შეცვლის კიდევ ერთი კამპანიის დაწყებას აპირებენ
საპარლამენტო ოპოზიცია თავის მხრივ უარს ამბობს რევოლუციური მეთოდების გამოყენებაზე საქართველოში, აქცენტი საარჩევნო პროცესზე გადააქვს და მომავალი წლის არჩევნებისთვის ემზადება.
იმ დროს როდესაც დასავლეთში არაბულ არეულობას რეალურ დემოკრატიულ ტალღად აღიქვამენ, საქართველოში რეჟიმის ცვლილების სერიული მცდელობის მოყვარულთ უფრო ცინიკური პოზიცია აქვთ. ამ ჯგუფების ლიდერები იმედოვნებენ, რომ უკანონო ქმედებები მთავრობას ძალის გამოყენებას აიძულებს. მათი გათვლით, მოვლენათა ასეთმა განვითარებამ მთავრობას შინ ლეგიტიმურობა და რაც მთავარია დასავლეთის მხარდაჭერა შეიძლება დააკარგვინოს.
ტაქტიკა ქართული შეურიგებელი ოპოზიციური ჯგუფებისთვის ახალი არ არის. ზოგიერთმა ეს უკვე 2007 და 2009 წლებში გამოიყენა. სიახლე ამჯერად არის: სიტყვის „რევოლუცია“ ღიად გამოყენება; უპრეცედენტო და არაორაზროვნი მინიშნება სისხლისღვრაზე და არაბული მოვლენებიდან გამომდინარე იმ დასკვნას გამოტანა, რომ დასავლეთი ვერ გაამართლებს პრო-დასავლური მთავრობის მიერ ძალის გამოყენებას.
განსხვავებით 2007 და თუნდაც 2009 წლისგან, საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიცია საზოგადოებისგან იზოლირებულია. პოლიტიკურ მეინსთრიმში მოკავშირეთა ნაკლებობის გამო, ისინი იმ ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწონა, ვინც ინსტუტუციური სისტემის ფარგლებში ოპერირებს. ეს პარტიები კი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც 2012 წელს უნდა ჩატარდეს, მაგრამ პარლამენტის მიღმა მყოფი შეურიგებელი ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მოხდება რევოლუცია, რომელიც ძალით შეცვლის მთავრობას და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობას წელსვე შექმნის.
შეურიგებელი ოპოზიცია თავად ძალიან დანაწევრებულია. მასში შედიან: ”სახალხო კრება”, რომელიც 8 სხვადასხვა ჯგუფისგან შედგება; ”ქართული პარტია”, სახალხო კრების კონკურენტი; ”ჯგუფი დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის”, რომელსაც ცოლ-ქმრის, ბადრი ბიწაძისა და ნინო ბურჯანაძის ტანდემი უდგას სათავეში (სასაზღვრო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე) და კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ფრაქცია („24 საათი“, 4-17 მარტი). ბიწაძემ და ”ქართული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, მიუნჰენის აეროპორტში სახალხოდ იჩხუბეს, ერთმანეთს ბრალს სდებდნენ და უარყოფდნენ ღალატს (EurasiaNet, 28 მარტი).
ამ ჯგუფებმა ხელიდან გაუშვეს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე პოლიტიკური კაპიტალის მოპოვების შანსი. საქართველოს ეკონომიკამ კრიზისი გადალახა და გაჯანსაღება დაიწყო, მისი მშპ ამჟამად 6%-ით იზრდება და მოელიან რომ ზრდის ეს ტემპი სულ ცოტა წელს მაინც შენარჩუნდება. ინფლაცია სერიოზულ პრობლემად რჩება. ინფლაციამ გასულ წელთან შედარებით პიკს, 14%-ს თებერვალში მიაღწია, მაგრამ არსებობს პროგნოზი რომ წლის განმავლობაში ის ერთნიშნა ციფრებამდე დავა (Radio Free Europe, 13 მარტი). მთავრობამ ამ პროცესს გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის საკვები ვაუჩერების დარიგებითა და პენსიების ინდექსაციით უპასუხა. საკვებ და სხვა პროდუქციაზე მსოფლიო ფასების ზრდის გავლენას საქართველოზე, ოპონენტები მთავრობას იოლად ვერ გადააბრალებენ.
შეურიგებელი ოპოზიცია ”გადამწყვეტი” გამოსვლებისა და დემონსტრაციების დაწყების დღედ სხვადასხვა თარიღს ასახელებს (9 აპრილს, 24 აპრილს, 2 მაისს). მაგალითად ბურჯანაძე აპირებს ”მთავრობას მშვიდობიანად წასვლა აიძულოს, სისხლისღვრის გარეშე” და ”იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხელს აღმართავენ, სასტიკი პასუხით ემუქრება” (Russia Today, 16 მარტი; „ნეზავისიმაია გაზეტა“, 24 მარტი). იმავე სულისკვეთებით ”ქართული პარტიის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი მოითხოვს ”ძალის ჩვენებას, რათა მთავრობა დაფრთხეს” და ”შესაბამის პასუხს”, თუ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, ანუ ხელკეტი ხელკეტის წინააღმდეგ („რეზონანსი”, 21 მარტი).
შეურიგებელ ჯგუფებს საზოგადოებრივი მხარდაჭერა მასობრივი აქციებისთვის არა აქვთ, მაგრამ როგორც სჩანს ისინი აპირებენ ისეთი ინციდენტის მოწყობას, რომელიც პოტენციაში ესკალაციას გამოიწვევს. ზოგიერთი ქართველი შიშობს, რომ რუსეთმა ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ლიბიაში დასავლეთის ინტერვენცია მაგალითად მოიშველიოს და საქართველოში ”ხალხის დასაცავად” შემოიჭრას. ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ თავისი ეს წუხილი თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოხატა („კავკას-პრესი“, 24 მარტი).
თარგამაძის ”ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” და ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, რომელსაც სათავეში ირაკლი ალასანია უდგას, ის მთავარი ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც ინსტიტუციური სისტემის შიგნით მუშაობენ. ისინი უარყოფენ ”რევოლუციას” (რაც საქართველოში ძირითადად მთავრობის არაკონსტიტუციურ ცვლილებას ნიშნავს) და კონსტიტუციური ვადების თანახმად, 2012 წელს არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, რათა გაზარდონ თავისი პოლიტიკური ძალაუფლების წილი. ამჟამად ისინი მმართველ პარტიასთან, ”ნაციონალურ მოძრაობასთან” პარლამენტში საარჩევნო კოდექსის შეცვლისთვის თანამშრომლობენ.
თარგამაძის ჯგუფმა რეჟიმის-ცვლილების მომხრეთა ბანაკი 2008 წლის დასაწისში დატოვა, იმავე წელს პარლამენტში ადგილები მოიგო და დაიკავა თავისი ადგილები, როგორც ოპოზიციურმა პარტიამ (მაშინ, როდესაც შეურიგებლებმა უარი სთქვეს იმ რამდენიმე ადგილზე, რომელიც იმავე წელს მოიპოვეს). ალასანიას ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” მძიმედ თანამშრომლობდა შეურიგებელ ოპოზიციასთან 2009 წლის ანტი-სამთავრობო კამპანიის დროს, მაგრამ მომდევნო წელს მათთან ურთიერთობა შეწყვიტა.
ეს ორი პარტია უკვე მოწიფული შეხვდა 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებს, რომლებმაც საქართველოში პარტიული სისტემის შემდგომი განვითარების საფუძვლები შექმნა. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ პრო-საპრეზიდენტო ნაციონალურ პარტიას მაღალი რეიტინგი აქვს. ამავე დროს გამოჩნდა, რომ ქვეყანაში არსებობს პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური პარტიები და საბოლოოდ მოახდინა სერიული რევოლუციების მოყვარე ანაქრონისტული პარტიების მარგინალიზაცია.
[foreignpress.ge]