ეროვნული ბანკისა და მთავრობის პროგნოზებში ორჯერადი სხვაობაა

ეროვნული ბანკისა და მთავრობის პროგნოზებში ორჯერადი სხვაობაა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა. სებ-ში აღნიშნავენ, რომ ამ გადასახედიდან უფრო ოპტიმისტური სცენარი არ იკვეთება. მთავრობა კი სხვაგვარად ფიქრობს. ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოს მინიმუმ ორჯერ უფრო მაღალი ზრდის ტემპი გვექნება, ვიდრე სებ-ის პროგნოზია.

„2014 წლის ბოლოს ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა იქონია წმინდა ექსპორტის შემცირებამ. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების გაუარესებული ეკონომიკური ვითარება საქართველოს ეკონომიკაზე განსაკუთრებით წლის მეორე ნახევრიდან აისახა. მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე მეტად შემცირდა საქონლის ექსპორტი და ფულადი გზავნილები, რაც ნაწილობრივ იმპორტის კლებამ დააბალანსა. ამიტომ 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კლების მიმართულებით გადაიხედა, რაც რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარების გავლენას ასახავს საქართველოს ეკონომიკაზე. მიმდინარე შეფასებით, 2015 წელს მშპ-ს წლიური ზრდა 2%-ის ფარგლებში იქნება და მის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს“, - განმარტავენ სებ-ში და ასევე აღნიშნავენ, რომ კვლავ უარყოფითი წვლილი ექნება წმინდა ექსპორტს, ეკონომიკური ზრდა კი შიდა მოთხოვნით იქნება განპირობებული.

„არსებული პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს. პროგნოზის ძირითად რისკ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს. კერძოდ, თუკი რეგიონში არსებული ვითარება მოსალოდნელზე მეტად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ეს ერთი მხრივ, შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ინფლაციის გადმოცემას. აღნიშნული პოზიტიური მიმართულებით იმოქმედებს თუკი მოსალოდნელზე მაღალი იქნება უცხოური ინვესტიციები და მსხვილი პროექტების გავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე. ასევე, თუ მოსალოდნელზე მეტად გადმოეცემა ნავთობისა და სურსათის გლობალური ფასების შემცირება ადგილობრივ ბაზარს ან სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალი იქნება, ეს საქართველოში ინფლაციის პროგნოზთან შედარებით შემცირებას განაპირობებს“, - ნათქვამია სებ-ის დოკუმენტში.

ფინანსთა სამინისტროში კი ჯერჯერობით თავს იკავებენ დაგეგმილი 5%-იანი პროგნოზის გადახედვისგან. უფრო სწორად, მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ საპროგნოზი მაჩვენებელზე გასვლა გაჭირდება, მაგრამ არც ახალ 2%-იან გათვლას ეთანხმება.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოფიციალურად ჯერ არ არის შეცვლილი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 5%-იანი მაჩვენებლის მიღწევა გაჭირდება. იანვარში ეკონომიკური ზრდა იყო დაახლოებით 0,5%. ეს ცუდი მაჩვენებელია. თებერვალში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 15%-ზე მეტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 4-4,5% იქნება თებერვალში. ბევრი რამ აჩვენებს, რომ ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში გაუმჯობესდა.

პირველი თვის ანალიზის შემდეგ გადაწყვეტილი გვქონდა ბიუჯეტს კორექტირება, თუმცა საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით პრობლემა ნამდვილად არ არის.  იანვარი ყოველთვის პასიური თვეა. მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ. დაველოდებით პირველი კვარტლის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განმარტა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ინფლაციას, სებ-ის ინფორმაციით, იგი 2014 წლის ბოლოს მოსალოდნელზე დაბალი იყო და დეკემბერში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 2% შეადგინა, ხოლო 2015 წლის იანვრის მაჩვენებელმა კი - 1.4%. ბანკში განმარტავენ, რომ ინფლაციის შემცირება მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და სურსათის გაიაფებამ განაპირობა.

სებ-ის პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 5%-იანი მიზნობრივი ნიშნულის ქვემოთ შენარჩუნდება 2015 წლის პირველ ნახევარში და აღნიშნულ მაჩვენებელს მხოლოდ წლის მეორე ნახევარში მიაღწევს.