ჩამჭრელი საგნები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

ჩამჭრელი საგნები - ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია

 

 

 

მოსაწავლეებს ჰგონიათ, რომ ჩააბარებენ. მასწავლებლებს ჰგონიათ, რომ - ვერა. ყველაფერი მაისის ბოლოს გაირკვევა. ყველამ იცის, რომ ყველაზე რთული კითხვები საბუნებისმეტყველო საგნებიდან იქნება. დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა უკვე ძალიან ცოტა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით 2-დან 9 აპრილის ჩათვლით პრეტესტი ჩაატარა. მართალია, ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ არაოფიციალური საუბრები სავარაუდო შედეგების შესახებ სულაც არ არის დამამშვიდებელი.

მასწავლებლები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ სკოლადამთავრებულებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აშკარად გაუჭირდებათ. აბიტურიენტობის მსურველებს ყველაზე მეტ პრობლემას, როგორც მოსალოდნელი იყო, საბუნებისმეტყველო საგნები შეუქმნის.

საატესტატო გამოცდა 8 საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხო ენა, გეორაფია, ისტორია) წლეულს პირველად ჩატარდება. სკოლადამთავრებულმა ატესტატი რომ მიიღოს, რვავე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს.

თუკი მოსწავლე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ერთ საგანში მაინც ვერ გადალახავს, ატესტატს ვერ მიიღებს. უატესტატო მოსწავლე აბიტურიენტი ვერ გახდება და, შესაბამისად, არც სტუდენტობის ბედნიერება ეღირსება.

მოკლედ, მაისში, როდესაც სასკოლო გამოცდები დაიწყება, ვითარება ძალიან დრამატული იქნება.

რაც შეეხება პრეტესტს... იგი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყოველდღე 14:00-დან 19:00 საათამდე ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდა, ინტერნეტთან მიერთებული ნებისმიერი კომპიუტერიდან მონაწილეობა მიეღო წინასწარ ტესტში, რომლის მიზანს გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა წარმოადგენდა.

“მე-12 კლასელები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ ისე, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახონ, მაგრამ ასეთები პროცენტულად ძალიან ცოტანი იქნებიან. რვავე გამოცდაში მინიმალური კომპეტენცის ზღვარი რომ გადალახოს (საგანი ჩაბარებულად რომ ჩაეთვალოს),  მეთორმეტეკლასელთაგან ასეთი, დაახლოებით, 20% იქნება.

ერთეულ საგნებში მინიმალური ზღვარის გადალახვა შესაძლებელია, მაგრამ რვავე საგანში - არა. ყველაზე ჩამჭრელი საგნები კი ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია იქნება”, - აცხადებენ პრეტესტის შედეგების შესახებ ინფორმირებული მასწავლებლები.

მასწავლებლებისგან განსხვავებით, აღნიშნულ პრობლემას ოპტიმისტურად უყურებს “განათლების სინდიკატის” პრეზიდენტი ტატო შავშიშვილი.

“წინასწარ იმის თქმა, ჩააბარებენ, თუ არა სკოლადამთავრებულები ამ გამოცდებს, რთულია. თუმცა, ფაქტია ის, რომ საატესტატო გამოცდები ორიენტირებულია იმისკენ, რომ სკოლადამთავრებულს უნდა ჰქონდეს საკმარისი ცოდნა, რათა ყველა საგანში მინიმალური კომპეტენცის ზღვარი გადალახოს. სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება ყველა ის საგანი, რომელშიც საატესტატო გამოცდა ბარდება.

მას შემდეგ, რაც გაცხადდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ამ გამოცდების შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ სკოლებსაც მიეცათ დირექტივა, რომ გააძლიერონ ამ საგნების სწავლება. მოსწავლეები ესწრებიან ამ საგნებს და, ვფიქრობ, რომ შეძლებენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვას”, - აცხადებს ტატო შავშიშვილი.