პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყანას კრიტიკული პერიოდი გადალახული აქვს და მათი პროგნოზის თანახმად, ლარის კურსი ზემოთ აღარ უნდა წავიდეს. მაგრამ, ეს დრო განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული. ისინი დიდ ზარალს განიცდიან.
„ლარმა ეს ნიშნული დაიკავა და ახლა მოსალოდნელია, რომ თვეების მიხედვით, ეტაპობრივად ჩამოვიდეს ქვევით, ეს არის ის ვითარება, რაც კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო მოსახლეობას. რა თქმა უნდა, მესმის, რთულია მათთვის, რადგან ეს ყველაფერი მათ ჯიბეზე აისახა. შემოსავალი ვისაც აქვს, სიტყვაზე - 1000 ლარი ან 2000 ლარი და თვეში კრედიტისთვის 500 ლარს იხდიდნენ, ახლა მათ 700, 800, 900 ლარის გადახდა უწევთ.
ძალიან კარგად მესმის მათი, მეც მქონია სესხი და კარგად ვიცი ეს რას ნიშნავს. კიდევ ვიმეორებ, რომ კომერციულ ბანკებთან შეიძლება კონსულტაციები გაიმართოს. მინდა ვისარგებლო შემთვევით და მოვუწოდო მათ, რომ იქნებ მოიფიქრონ რაღაც მექანიზმი, რომ მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს გადაუვადონ ამ სხვაობის გადახდა 1-2 წლით. მანამდე ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სიტუაცია დავასტაბილუროთ, გავზარდოთ ეკონომიკა და შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერს ასეთი მოწოდება შემთხვევითი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ფიზიკური პირების უცხოურ ვალუტაში აღებული სასესხო ვალდებულებების გადახედვა 25 თებერვალს დაავალა. უკვე 1 თვეა გასული, მაგრამ კონკრეტულ შედეგების გახმაურებისგან ყველა თავს იკავებს. სებ-ში ამბობენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. უცნობია თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა კომერციულ ბანკებს ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნით. ისინი ამ ციფრს არ ახმაურებენ. დაზარალებული ხალხი კი ბანკებისგან პასუხს უკვე რამდენიმე დღეა ამაოდ ელის.
პრემიერის საპასუხოდ „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ მათ რესტრუქტურიზაცია იმ დღიდანვე დაიწყეს, რა დღიდანაც ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს კონკრეტული გეგმის მომზადებისკენ მოუწოდა.
ბანკის განმარტებით, რესტრუქტურიზაცია თავადვე გულისხმობს სესხის ვადის გაგრძელებას, რომლის შედეგადაც მომხმარებლებს ყოველთვიურად გადასახადი უმცირდებათ.
„საქართველოს ბანკის“ ცნობით, კლიენტები დინამიურ რეჟიმში მიმართავენ გადავადების მოთხოვნით და ბანკიც აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. რაც შეეხება სტატისტიკას, ბანკში აცხადებენ, რომ ჯერ ძალიან მცირე დროა გასული და კონკრეტული რიცხვი დაზუსტებული არ არის.
„ბაზისბანკშიც“ აცხადებენ, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი დაწყებულია, მიმართვიანობა კი საშუალოა. „მათ ვისაც ფინანსურად უღირს, ის აკეთებს გადავადებას. ზოგიერთ შემთხვევაში ვადის გაზრდა არც კი ღირს იმდენად მცირედით იცვლება გადასახდელი თანხა“, - აცხადებენ ბანკში.
„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, გიორგი არველაძის განცხადებით, ბანკში ლარის კურსის ცვლილების გამო, სესხების რესტრუქტურიზაცია დღის წესრიგში არ დამდგარა. ამის მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ბანკში სესხების 96% ლარში არის გაცემული.
„რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში „ლიბერთი ბანკში“ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რადგან ჩვენთან სესხების 96% არის ლარში, შესაბამისად, დოლარში დენომინირებული სესხები თითქმის არ გვაქვს და შესაბამისად, მათი რესტრუქტურიზაცია დღის წესრიგში არც დამდგარა“, – აღნიშნავს არველაძე.
„თიბისი ბანკში“ კი ამბობენ, რომ რესტრუქტურიზაციის პროცესი უკვე ორი კვირაა მიმდინარეობს. სესხის გადავადებას იმ მომხმარებლებს სთავაზობენ, ვინც ლარის კურსის დევალვაციის გამო დაზარალდა.