მეწარმეები ბიზნესის გადასარჩენად იაფ ფართს ეძებენ

მეწარმეები ბიზნესის გადასარჩენად იაფ ფართს ეძებენ

მეწარმეებს დაქირავებული ფართის გადასახადის გადახდა გაუჭირდათ და ახლა იაფ ადგილებს ეძებენ. ლარის დევალვაციამ მათ დიდი თავსატეხი გაუჩინა. ამიტომაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ცდილობენ თავიანთი ბიზნესი ხარჯების შემცირებით გადაარჩინონ. ზოგიერთი მათგანი უკვე იძულებულია დაქირავებული ფართი დაცალოს და შედარებით იაფფასიან ადგილას გადავიდეს. როგორც თვითონ ამბობენ, საქმიანობის შეჩერებას ისევ ხარჯების შემცირება და „ქამრების შემოჭერა“ არჩიეს.

მცირე ბიზნესი ცდილობს ხარჯები როგორღაც შეამციროს და იქ გადავიდეს, სადაც ნაკლები დანახარჯი და მეტი შემოსავალი ექნება. ფართის მფლობელები კი, იძულებული ხდებიან ფასები შეამცირონ.

პეკინისა და აღმაშენებლის გამზირების შემდეგ, გასაქირავებელი ფართის ღირებულება, დოლარის გამყარების პარალელურად, რუსთაველის გამზირზეც გაძვირდა. ამიტომაც კაფეტერიების ქსელი „ანტრე“ რუსთაველზე მდებარე ფილიალს მარტის ბოლოს, სწორედ ამ მიზეზით დახურავს და კაფეს სხვა მისამართზე, უკვე ვაკის რაიონში განათავსებს.

მაღაზიაში „დიკა“ აცხადებენ, რომ ათწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე, მათთვის ფართი არ გაუძვირებიათ. დამატებით შეკითხვებს კი „დიკას“ წარმომადგენლები არ პასუხობენ.

პრობლემები არ აქვთ არც „ტომი ჰილფიგერის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის ფართის ღირებულება არ გაძვირებულა. მაღაზიაში „შოდი“ კი აცხადებენ, რომ ფართი დოლარში აქვთ ნაქირავები. მაღაზიის მენეჯერი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურების გამო ბოლო პერიოდში მათი გაყიდვები მკვეთრად შემცირდა და მომხმარებელიც საგრძნობლად შეუმცირდათ.

შპს „მეთაფლიას“ დამფუძნებელ როლანდ ზირაქიშვილს არ დაუმალავს, რომ დოლარის კურსის გაზრდის შემდეგ ქირის გადასახადს 800 ლარით მეტს იხდის, ვიდრე მანამდე უწევდა. „სულ 5 მაღაზია მაქვს და მათ შორის ყველაზე ძვირს ცენტრალური ოფისის ქირაში ვიხდით, რომელიც შარტავას ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენ უკვე დავაყენეთ საკითხი, რომ თუ დამქირავებელი ფასს არ შეგვიმცირებს, სხვა გზა არ გვაქვს - ისეთი ოფისი უნდა ვეძებოთ, რომლის ქირასაც უფრო შევწვდებით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვაჭრობა შემცირებულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. პროდუქციის ფასსაც ვერ ვაძვირებთ, რადგან თაფლი ისედაც ძვირია და რომ გავაძვიროთ, სულ გავკოტრდებით. ამიტომ ვცდილობთ სხვა გზები გამოვძებნოთ და როგორმე ჩვენი ხარჯები შევამციროთ“, - უთხრა „ბიპიენს“ ზირაქიშვილმა.

უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე აცხადებს, რომ დოლარის კურსის მატების პროცესი გასაქირავებელი ფართების რიცხვზე უკვე აისახა - მოიმატა საოფისე ფართების რიცხვმა და ქირის ფასის შემცირების ტენდენციაც კი გაჩნდა. „ჩემი დაკვირვებით, მეწარმეები ან სხვა ადგილას გადადიან, ან - სავაჭრო ცენტრებში - „ქარვასლაში“, „კიდობანში“ ან „გლდანი მოლში“. მალე ვარკეთილშიც გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრი და მაღაზიების ნაწილი ალბათ იქაც გადავა“, - აღნიშნავს ნელი გოგუაძე.