მთავრობის წევრები ლარის მცირედით გამყარების იმედს იძლევიან, მაგრამ პირდაპირ ამბობენ, რომ ძველ ნიშნულს ეროვნული ვალუტა აღარ დაუბრუნდება. მათი თქმით, სავალუტო სტაბილიზაცია აპრილიდან დაიწყება, ხოლო ზაფხულში გაცილებით უკეთესი ვითარება იქნება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ზაფხულში მთავრობა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინებას ელოდება.
„რაც შეეხება ლარის გამყარებას, ეს შესაძლებელია. თანაც ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის საკმაოდ დიდ შემოდინებას. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის რამდენად გაამყარებს ის კურსს და შეიძენს თუ არა ჭარბ ვალუტას. რაც მთავარია, ჩვენ ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება და ეს მოხდება უკვე აპრილიდან“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრს კურსის სავარაუდო ნიშნულთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ძალიან უჭირს:
„რთულია ამის თქმა, თუმცა ძველ ნიშნულზე ლარის კურსის დაბრუნებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ზაფხულში უფრო დასტაბილურდეს ვითარება და ლარი გამყარდეს. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მისაღწევად რა იქნება უკეთესი - არ დავუშვათ ლარის გამყარება, იმავე დონეზე დავტოვოთ თუ სხვა, ამას ეროვნული ბანკი გადაწყვეტს. შემოდგომის ვითარება კი დიდად არის დამოკიდებული ჩვენ გარშემო პოლიტიკური სიტუაციის განვითარებაზე.
მნიშვნელოვან რყევებს ნამდვილად აღარ ველოდებით. გარშემო ქვეყნებსა და მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან ჩვენი ვალუტის გამყარების შედარებითი მაჩვენებლები უნდა იძლეოდეს საფუძველს ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისთვის, ექსპორტის წახალისებისთვის“, - აცხადებს კვირიკაშვილი.
მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმის პირველი ნაწილი მოკლევადიან პერსპექტივაში სავალუტო სტაბილიზაციის ეფექტს მოიტანს. შემდეგი ეტაპები უფრო ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან არის კავშირში, როგორიც არის ექსპორტის და ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების წახალისება.
„თუ დანაკლისი გვექნება საპრივატიზაციო მიმართულებით, სათადარიგო გეგმაც გვაქვს. შესაძლოა, ტურიზმით დავაბალანსოთ, შესაძლოა, უფრო მეტი ვალუტის შემოტანა მოხდეს დონორების დაფინანსებით და ინფრასტრუქტურული პროექტების ზესაბიუჯეტო პორტფელის უფრო გაზრდით“, - აღნიშნავს კვირიკაშვილი.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი პირობას იძლევა, რომ ბიუჯეტი ლარის კურსს არ დააწვება. იგი პირდაპირ ვერ პასუხობს კითხვს დაუბრუნდება თუ არა ლარი გაუფასურებამდე არსებულ მაჩვენებელს და აცხადებს, რომ პროგნოზების გაკეთება მისი მხრიდან პასუხისმგებლობას მოკლებული იქნება.
„ეროვნული ბანკი და განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ ბიუჯეტის მხრიდან ლარის კურსზე დაწოლა არ იყოს, არც აქამდე ყოფილა და არ იქნება.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ნოდარ ხადურის შეფასებით, თებერვლის თვეში ეს იყო გაცილებით უკეთესი, ვიდრე იანვარში. შევხედავათ მარტის მაჩვენებელსაც, რაც გვეცოდინება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვე დასრულდება. შარშან ჩვენ მივაღწიეთ 4,8%-იან ზრდას, რაც უდავოდ მაღალი მაჩვენებელი იყო რეგიონში.
ვფიქრობ, გვაქვს პოტენციალი, მაგრამ გარე შოკებზე რეაგირებისთვის, გვჭირდება არა მხოლოდ ჩვეულებრივი ღონისძიებების განხორციელება. ეს შეიძლება იყოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორი ორგანიზაციების დახმარება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.