გაზის გაძვირების საქმე სასამართლომდე მივა

გაზის გაძვირების საქმე სასამართლომდე მივა

მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ, გაზის გაძვირების შემთვევაში, აპირებენ სასამართლოს მიმართონ. რამდენადაც გაზის არსებული ტარიფი მაისამდე შენარჩუნებულია, ჯერჯერობით პროცესი არ გააქტიურებულა. ამ ეტაპზე მხოლოდ გაძვირების წინააღმდეგ კომპანიების დარაზმვა მიმდინარეობს.

იურიდიული კომპანია „ჯეიენდთი ქონსალთინგის“ მმართველი პარტნიორის განცხადებით, სარჩელის ძირითადი დასაბუთება ის იქნება, რომ საბაზრო ძალაუფლების მქონე - უკონკურენტო პირი ბოროტად იყენებს საკუთარ მდგომაროებას და აძვირებს გადასახადს ისე, რომ არ ხდება შესაბამისი განმარტება.

იურისტი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით „სამოქალაქო კოდექსში“ შესაბამისი მუხლიც არსებობს. გიორგი ცერცვაძის თქმით, თუ ტარიფის ზრდის გაძვირების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ ეტაპზე მიმართავენ კომპანიებს, მოითხოვენ დეტალურ გაანგარიშებას ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით და უკვე შემდეგ გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. არის ეჭვი, რომ კომპანიებმა დიდი დაანგარიშების გარეშე გადაწყვიტეს ტარიფის მატება და ეგონათ, რომ იურიდიული პირები საკითხს არ გააპროტესტებდნენ.

პროვაიდერებს თავიდანვე მცდარი მიდგომა ჰქონდათ, რადგან კომპანიებს მხოლოდ შეტყობინება დაუგზავნეს და დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ.

კომპანიები საკითხისადმი დიდ ინტერესს იჩენენ და რაც მეტი ხელმოწერა იქნება მით მყარი იქნება სარჩელი. „კომერსანტის“ ინფორმაციით, გაზის გაძვირების წინააღმდეგ მეტი კომპანიის მოსაზიდად „ფეისბუქში“ სპეციალური გვერდიცაა შექმნილი.

ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ ლაშა პაპაშვილისთვის გაზის ტარიფის გაზრდა დაუშვებელია. ეს პრობლემა არა საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის აქტუალურია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს გაზის ფასი. გვესმის, რომ უამრავი გარეშე ფაქტორია. აქ არის „ყაზტრანსგაზიც“, რომლის უკანაც ინვესტორია და ისიც არ უნდა დაზარალდეს“, - განაცხადა პაპაშვილმა.

ბუნებრივი აირის გაძვირების გადავადება მთავრობამ მხოლოდ 2 თვით მოახერხა, შემდეგ რა მოხდება ძნელი სათქმელია. ამ 2 თვეში ლარის კურსი არ გამყარდა, მაგრამ 1 მაისიდან გაზის გაძვირების საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში. მანამდე კი საუბარია 15 მილიონი ლარის სუბსიდირებაზე, რომელიც გაზის არსებული ტარიფის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ მთავრობა და ხელისუფლება იმსჯელებს თუ რა იქნება სამომავლოდ გადასახადთან დაკავშირებით.

„ტარიფი შენარჩუნდება პირველ მაისამდე და ეს მოხდება ბიუჯეტიდან სუბსიდირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს იმაზე მომავალში გააგრძელებს თუ არა სუბსიდირებას. ამ ეტაპზე სუბსიდირება რომ არ განხორციელებულიყო, ლიცენზიატი კომპანია ზარალზე მიდიოდა. ჩვენ არ გვინდა ენერგოსექტორში პრობლემა, პირიქით, წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ და გვინდა განვითარებული, განათებული, ძლიერი საქართველო“, - განაცხადა კალაძემ.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილიც ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე კომერციული სექტორისთვის გაზის გაძვირება არ იგეგმება, თუმცა სამომავლო პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი არ არის.

„როგორც ყველამ ვიცით და საჯაროდ გამოცხადებულია კომპანიების მხრიდან, კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე ბუნებრივ აირი არ გაძვირდება. ყველას დაერიცხება ერთიანი ტარიფი, მაგრამ სამომავლოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად კომპანიების მხრიდან და რას უნდა ველოდოთ, ამ ეტაპზე ამის თქმა შესაძლებელი არ არის“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.