სუბტიტრებიანი ფილმების გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს ტელევიზორის ყურება შეძულდა. ადამიანები ვერ ახერხებენ ერთდროულად ფილმის კადრებისთვის თვალის მიდევნებას და პარალელურად წარწერების კითხვას. დაახლოებით ერთი წელია სატელევიზიო ეთერში ფილმები ინგლისურად გადის. სუბტიტრების საკითხმა იმთავითვე დიდი გაღიზიანება გამოიწვია და ეს გაღიზიანება დღემდე არ განელებულა.
ქვეყნის მთავრობას მიაჩნია, რომ თუ მოქალაქეები ტელევიზორში ფილმებს ინგლისურად უყურებენ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ ენის მცოდნეთა რიცხვი. ბავშვები ყურს მიაჩვევენ უცხო ენას და სწავლა აღარ გაუჭირდებათ.
დაახლოებით 3 კვირის წინ დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ფილმების სუბტიტრების შესახებ რჩევები მიმართვის სახით გაუგზავნა.
“კინო - ესაა სინთეზური ხელოვნება, აღიქმება ერთდროულად ორი შეგრძნებით - მხედველობითა და სმენით. ესაა კინოს დიდი უპირატესობა, ამაშია მისი ბუნებრიობა, ადვილადაღსაქმელობა და ამითაა გამოწვეული მისი მიმზიდველობაც. ამიტომაა კინო კარგი დასასვენებელი საშუალება.
უცხოურ ფილმებში ცოცხალი ქართული მეტყველების შეცვლა სუბტიტრებით გამოიწვევს სმენის როლის თითქმის გაუქმებას, მისი წილი კი მხედველობამ უნდა იტვირთოს. ესე იგი, მხედველობის შეგრძნებაზე დატვირთვა გაორმაგდება. დატვირთვა გაორმაგდება აგრეთვე თავის ტვინზეც და ნერვულ სისტემაზეც, რადგან საკმაოდ ძნელია თან კადრის აღქმა და თან სუბტიტრების წაკითხვა და გააზრება”, - აღნიშნული იყო მიმართვაში. ჯერჯერობით, ფსიქოლოგების რჩევები არავის გაუთვალისწინებია.
სუბტიტრებიანი ფილმების გამოჩენისთანავე საკმაოდ ბევრ ადამიანს გაუჩნდა პროტესტი. როგორც აღმოჩნდა, თან ფილმის ყურება და თან სუბტიტრების კითხვა არც ისე კომფორტულია. პირიქით - ბევრს ნერვებს უშლის და ფილმის ყურების ხალისს აკარგვინებს. ისინი არჩევენ, საერთოდ აღარ უყურონ ტელევიზორში ფილმებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით შუა ხნის და ასაკში შესულ ხალხს აწუხებს.
გია ჯაკობია, როგორც წესი, ყოველ ღამე რამდენიმე ფილმს უყურებდა. რამდენიმე თვეა მისი ეს ჩვეულება, სუბტიტრული მიზეზების გამო, დავიწყებას მიეცა:
“საღამოს სახლში რომ მოვდივარ, ტელევიზორთან ვჯდები და გვიანობამდე ვუყურებ. ზოგს ფეხბურთის ყურება უყვარს, მე კი ფილმებს ვამჯობინებ, უფრო სწორად - ვამჯობინებდი. რაც სუბტიტრებით დაიწყეს ფილმების ჩვენება, იმის მერე ვეღარ ვუყურებ. ინგლისური არ ვიცი და არც მესმის. მარტო კადრების ყურება კი არ მომწონს. ადრე რუსული არხები მაინც გვქონდა და იქ ვუყურებდი ხოლმე ფილმებს, ახლა მარტო ქართულები დატოვეს და ისეთი პროგრამებია, ყურება საერთოდ რომ არ ღირს. გამოდის, რომ ტელევიზორის ყურება აგვიკრძალეს.
ჩემ გარშემო ძალიან ბევრი გამოთქვამს პრეტენზიას ამის თაობაზე. ჯერ ქართულად, უნიჭოდ გახმოვანებული ფილმების ყურებას გვაიძულებდნენ. ჯანდაბას, ამას როგორღაც ვიტანდით - მაინც მშობლიური ენა იყო და ვიგებდით. ახლა კი უკვე მართლა საშინელებაა. ბოლოსდაბოლოს რა ვქნათ იმ ხალხმა, რომლებმაც არ ვიცით ეს ინგლისური და ვეღარც ვისწავლით?”
საქართველოში ძალიან პოპულარულ სოციალურ ქსელში უკვე დიდი ხანია არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომელთა წევრებიც სუბტიტრებიანი ფილმების აკრძალვას და გახმოვანებული ფილმების დაბრუნებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით თემები არსებობს სხვადასხვა ფორუმზეც. თუმცა, ჯერ ამას არანაირი შედეგი არ მოუტანია.