სვლა არსაითკენ

სვლა არსაითკენ

განიხილეს თუ არა ორი ქვეყნის დიპლომატებმა რუსეთის პასუხისმგებლობა „ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის კონვენციის“ თანახმად იმის გამო, რომ რუსულმა ტანკებმა 2008 წლის აგვისტოში ქართული არმია მიწასთან გაასწორა? ეს საპირველაპრილო ხუმრობასავით ჟღერს, მაგრამ საერთაშორისო სასამართლო არ იყო ხუმრობის ხასიათზე, როდესაც 1 აპრილს საქართველოს სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოჰქონდა. მოსამართლეების განცხადებით, ის რომ საქართველოს მთავრობამ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებული ბრალდებები უშუალოდ მოსკოვის წინაშე არ წამოჭრა იმას ნიშნავს, რომ მას არ ამოუწურავს კონვენციით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა მანამ სანამ სასამართლოს მიმართავდა. მათ შეწყვიტეს საქმის განხილვა ათი ხმით ექვსის წინააღმდეგ 

ეს იყო „ძალიან, ძალიან კარგი გადაწყვეტილება“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულმა მრჩეველმა კირილ გევორგიანმა. ქართველი ჩინოვნიკები უფრო თავშეკავებულები ჩანდნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანმა ისაუბრა „პროცედურულ ფორმალობებზე“, რომელთა გადალახვაც შესაძლებელია. საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის „ძალიან იმედგაცრუებულია“ ამ გადაწყვეტილებით, რომლის ზოგიერთი ნაწილიც „აბსოლუტურად სასაცილოა“.

მაგრამ ბატონი ვაშაძის მოადგილე ნინო კალანდაძე გამარჯვებას გრძნობს. საქართველო ამტკიცებს, რომ მას მთავარი კონფლიქტი რუსეთთან აქვს, რომელიც მხარს უჭერდა სეპარატიზმს საქართველოს გამოყოფილ რეგიონებში 1990-იანი წლების დასაწყისიდან. რუსეთი პირიქით ამტკიცებს, რომ კონფლიქტი არსებობს ერთის მხრივ საქართველოს და სამხრეთ-ოსეთს და მეორეს მხრივ საქართველოს და აფხაზეთს შორის და ის უბრალოდ შუამავალია. შესაბამისად, რუსეთის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ ამ დავაში საქართველოსთან ის მხარე ვერ იქნებოდა. მოსამართლეები ამას არ დაეთანხმნენ. ქალბატონი კალანდაძის მტკიცებით, ამიერიდან რუსეთის პრეტენზია მესამე მხარის სტატუსზე დაუსაბუთებელია.

ეს ყველაფერი იურიდიული თვალსაზრისით ძალიან შორს მიდის. თავის გადაწყვეტილებაში სასამართლო არ ამტკიცებს, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარეა, თუმცა მოსკოვს მიღმა რუსეთის ამ არგუმენტს ცოტა თუ იზიარებს სერიოზულად: ჰანსიორგ ჰაბერმა, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ხანმოკლე ომის შემდეგ განაცხადა, რომ ეს „აბსოლუტური აბსურდია“.

მიუხედავად ამისა, რუსეთის მცდელობა პოზიცია შეიცვალოს და თავი პატიოსან შუამავლად წარმოაჩინოს, მისი სტრატეგიის ცენტრალური პუნქტია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო. მოლაპარაკებები, რომელშიც რუსეთის, საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ-ოსეთის, შეერთებული შტატების, გაერო-ს, ევროკავშირის და ეუთო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მიზნად ისახავს უსაფრთხოების, სტაბილურობის და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე შეთანხმებას.

სინამდვილეში ამ დისფუნქციურ პროცესში რუსეთი დომინირებს – ფიქრობს ვლადიმერ სოკორი ვაშინგტონში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია Jamestown Foundation-დან. სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის მხრიდან არსებობს რუსი სპონსორებისადმი მორჩილების ტენდენცია. მოლაპარაკებები წინ ვერ აღუდგა რუსეთის ვეტო-ს გაერო-ს და ეუთო-ს მისიის დაჩქარებულ გაყვანაზე ორივე რეგიონიდან, სადაც რუსეთს სერიოზული სამხედრო ძალა ჰყავს განთავსებული.

პროგრესის ერთი იშვიათი გამოვლინება ბოლო დროს ძალის გამოუყენებლობაზე გაკეთებული განცხადებებია. ნოემბერში ევროპარლამენტში გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ საკითხზე ცალმხრივი განცხადება გააკეთა. ამ მაგალითს გამოყოფილი რეგიონების მთავრობებმაც მიბაძეს, მაგრამ მოსკოვმა მაშინ მოითხოვა ეს სამივე მხარეს წერილობით გაეფორმებინა, მაშინ როდესაც ამ შეთანხმებაში საკუთარ მონაწილეობას უარყოფდა. საქართველო აპროტესტებს იმ ირიბ ლეგიტიმაციას, რომელსაც ეს დოკუმენტი სამხრეთ-ოსეთს და აფხაზეთს მიანიჭებდა და პირიქით მოითხოვს რუსეთთან ორმხრივ შეთანხმებას. შედეგი: ჩიხია.

თუმცა ადგილზე ევროკავშირის მონიტორების და ლოკალურ დონეზე შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და საპასუხო მექანიზმების (IPRM) წყალობით, სიტუაცია შედარებით მშვიდია. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობა შემცირდა და დიდწილად იმის შიშიც გაიფანტა, რომ კონფლიქტი ხელახლა გაჩაღდება. ბატონი ვაშაძის თქმით, საქართველო დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ის 2008 წლის დეკემბერში იყო.

მაგრამ სიტუაცია მაინც მოწყვლადია. გასულ კვირას უმნიშვნელო დაპირისპირება მოჰყვა ნატო-ზე საჯარო ინფრომაციის მიწოდების მცდელობას საჯარო სკოლაში სასაზღვრო სოფელ ერგნეთში, რომელსაც IPRM-ის მორიგი შეხვედრისთვის უნდა ემასპინძლა და სამხრეთ-ოსეთის წარმომადგენლებმა ის დროებით დატოვეს.

მეტიც - სტაბილურობას დიპლომატიური პროგრესი არ მოჰყოლია. ბ-ნ ჰაბერს მიაჩნია, რომ რუსეთმა საქართველოზე დაკარგა გავლენა, როდესაც აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამავდროულად საქართველოს მიდრეკილება მოკლევადიანი დიპლომატიური გამარჯვებებისკენ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის ირგვლივ, მისი სეპარატისტული რეგიონების რეინტეგრაციის ფასად ხდება. ჰაბერის აზრით, თბილისის მხრიდან უფრო ბრძნული სტრატეგია იქნებოდა ცალკე აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან შეთანხმება და მათი საკუთარ რიგებში თანდათანობითი მოზიდვა.

სულ არაფერს ისევ ხარვეზებიანი პროცესი ჯობს. ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი ადგილია, სადაც კონფლიქტის ყველა მხარე ერთმანეთს ხვდება, მაგრამ თუკი არც ერთ მხარეს დათმობებზე წასვლის განწყობა არ ექნება, არსებული სტატუს ქვო კიდევ უფრო განმტკიცდება. ერთ დროს გაყინულ კონფლიქტს, ხელახლა გაყინვა ემუქრება.
[foreignpress.ge]