ყაზბეგში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და შვეიცარიის განვითარების ფონდის ერთობლივი სამთო-სამაშველო წვრთნები დასრულდა

ყაზბეგში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და შვეიცარიის განვითარების ფონდის ერთობლივი სამთო-სამაშველო წვრთნები დასრულდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარების ფონდის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 8-15 მარტს დაგეგმილი სამთო-სამაშველო ტრენინგი და გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთზე ჩატარებული საველე წვრთნები წარმატებით დასრულდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, აგრეთვე, დაბა სტეფანწმინდაში დისლოცირებული I სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების და დაბა მესტიაში დისლოცირებული II სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, გუდაურში ერთობლივი სიმულაციური ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით განსაკუთრებულად რთული რელიეფის მთაზე ჩატარდა. იგი სამთო მაშველების მიერ მთიდან დაზარალებული ადამიანის ჩამოყვანას გულისხმობდა.
 
აღნიშნული სწავლების მიზანს კრიზისულ სიტუაციებში სამაშველო სამსახურების რეაგირების მექანიზმების გამოცდა წარმოადგენდა და იგი მოიცავდა ზამთრის სამთო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებს: სათხილამურო ტექნიკის და ზვავში საძებნი ინსტუმენტების გამოყენება, ზვავის სახეობების დადგენა, თოვლის ფენების ანალიზი, დაცვის წერტილების მოწყობა თოვლსა და ყინულზე, შემთხვევის ადგილზე სამაშველო აქტივობის ორგანიზება, თოკთან მუშაობა და კვანძების მომზადება, პოლისპარტი (დაზარალებულის ნაპრალიდან ამოყვანა), ჰიპოთერმის პრევენცია, პაციენტის მდგომარეობის შეფასება.
 
სწავლების დასასრულს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან ბუიღლიშვილმა მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა, შვეიცარიელმა კოლეგებმა კი მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.