თბილავიამშენის ირგვლივ, ქართული საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებულ ცნობებზე, იმაზე, რომ ქარხანას სათავეში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკა ვაშაკიძე უდგება, ამავე ქარხნის გენერალური დირექტორი, ნოდარ ბერიძე, პრესა.გე–სთან სატელეფონო საუბრისას, ასეთ კომენტარს აკეთებს – “არ ვიცი, ვერ გეტყვით“.
რატომ ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკა ვაშაკიძე მოდის თქვენთან? თბილავიამშენი ხომ კერძო საკუთრებაა?!
ნოდარ ბერიძე: არ ვიცი რატომ ვრცელდება. მე რატომ მეკითხებით?
იმიტომ გეკითხებით რომ მთელი დღეა ქართული სააგენტოები წერენ, რომ ქარხნის მეპატრონე, პანტიკო თორდია ვაშაკიძემ უნდა შეცვალოს. ეს რამდენად ახლოსაა სიმართლესთან?
– არ ვიცი, ვერ გეტყვით.
შეიძლება ის მაინც გვითხრათ, აქვს თუ არა წილი ამ ქარხანაში სახელმწიფოს?
– ვერ გეტყვით.
თქვენ ხომ გენერალური დირექტორი ხართ?
– დიახ, სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი ვარ.
და არ იცით სახელმწიფოს წილი აქვს თუ არა ამ ქარხანაში?
– კარგით.
ვისი საკუთრებაა თბილავიამშენი?
– არ ვიცი, აქამდე იყო კერძო და ახლა ვისია, რა ვიცი?! არის კერძო.
თქვენთან ვინმე იყო მოსული და გითხრათ, რომ ცვლილებებია მოსალოდნელი?
– ჯერ არავინ მოსულა და თუ ვინმე მოვა, გეტყვით.
მაშინ რატომ არ ამბობთ, რომ გავრცელებული ინფორმაციები ტყუილია?
– არ ვიცი, ტყუილია, გეუბნებით. კარგად ბრძანდებოდეთ.
დღეს, ქართულმა სააგენტოებმა თბილავიამშენში (დიმიტროვის სახელობის 31–ე ქარხანა) მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციები გაავრცელეს.
“ინტერპრესნიუსის“ ცნობით, “სააქციო საზოგადოება “თბილავიამშენის“ ხელმძღვანელობაში დაგეგმილ ცვილებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ თბილავიამშენში განუცხადეს, დაგეგმილია სპეციალური თათბირი, რომელზეც კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, თბილავიამშენის დირექტორი პანტიკო თორდია თანამდებობას ტოვებს და მის ნაცვლად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე ინიშნება. თავდაცვის სამინისტროში კი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ“.
სააგენტო “პირველი“ კი იუწყება, რომ თბილავიამშენის ხელმძღვანელობასა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ნიკა ვაშაკიძეს შორის შეხვედრა, რომელზეც საწარმოში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო:
“როგორც “პირველს“ “თბილავიამშენიდან“ აცნობეს, სააქციო საზოგადოების დირექტორს, პანტიკო თორდიას და ნიკა ვაშაკიძეს შორის 16:00 საათზე დაგეგმილი შეხვედრა დღეს არ შედგება, რადგან “დირექტორს ერთ-ერთ სამინისტროში მოუწია წასვლა“. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, “თბილავიამშენის“ დირექტორის პანტიკო თორდიას თანამდებობა შესაძლოა, სწორედ ნიკა ვაშაკიძემ დაიკავოს“.
როგორც ხედავთ, სააგენტოები ინფორმაციის წყაროს არ უთითებენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმაც დაგვიდასტურა, ეს ქარხანა კერძო საკუთრებაა და მასში სახელმწიფოს წილი არ აქვს. გამომდინარე აქედან, თუ თბილავიამშენის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, პანტიკო თორდია მართლაც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჩაანაცვლა, ეს იქნება კერძო საკუთრების მორიგი წართმევა, რომელიც ოფიციალურად ისე ფორმდება ხოლმე, როგორც კერძო საკუთრების სახელმწიფოსთვის ჩუქება.