გასულ კვირას გამუდმებულმა წვიმებმა, რომელსაც ჩრდილო–დასავლეთის ქარიც დაემატა, ქართველების ერთი ნაწილი სუფრას, მეორე კი - ინტერნეტს მიაჯაჭვა. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, სუფრა კომპიუტერის მაგიდაზე რომ ჰქონდათ გაშლილი, დაძვრებოდნენ ქართულ ინტერნეტფორუმებზე და თან სამარხვო ხინკალს გეახლებოდნენ. თუმცა, სამარხვო ხინკალი ვიღას უკვირს, როცა მრავლისმნახველ თბილისში უკვე სამარხვო ოსტრიც კი იყიდება.
ცნობილი გამოთქმა: “თუ ბოროტებას ბოროტებით გადაუხდი, ბოროტება ორმაგი გახდება“ – ერთ–ერთი ფორუმელისათვის, როგორც ჩანს, ბევრს არაფერს ნიშნავს...
ke-isari: “დროთა განმავლობაში გახსნილმა სხვადასხვა თემებმა, სააკაშვილის მთავრობის პირსიხლიანობაზე(?), გადამაწყვეტინა გამეხსნა ეს თემა .... დაწერეთ, რომ არა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობა, როგორ გესახებოდათ საქართველოში კრიმინალური მენტალიტეტისა და კრიმინალების თარეშის აღკვეთა? ... სხვა გზას იცნობს საერთოდ კაცობრიობა? ....
რამდენი ათასობით მოზარდი აცდა ამით კრიმინალურ გზას? რამდენი ჩვენიანის პატარა გადაურჩა ქუჩის განუკითხაობას?.. ეს თაობა, ჩვენგან განსხვავებით, რაღაცას აკეთებს. არაა აუცილებელი დიდი განათლება ჰქონდეთ. დაკავებულები არიან სპორტით, კომპიუტერით, მუსიკით და ძალიან სიღრმისეულადაც... რაც მთავარია, ქუჩაში კრიმინალის რომანტიული თავგადასავლებით არ იკვებებიან! ... და ძველბიჭურ - ყარაჩოღლური მძიმე ბგერებით აღარ საუბრობენ!..“
კაცს კაი ბიჭები და ყარაჩოღელები ერთნაირი ხალხი ჰგონია და ძნელია ამ დროს კიდევ რამე დაწერო...
ვინ დააგო ქობულეთის ცენტრალური გზა გასულ ზაფხულს?
Muziri: “შარშან მთელი ზაფხული გვაწვალეს მაგ გზის გამო. 23 ნოემბერს ვიყავი ბოლოს მანქანით გასულ წელს და მაშინაც ნახევრად იყო დასრულებული, ქალაქიდან ჟვანიას ხიდამდე ქონდათ დარჩენილი. ჰოდა, აი ორი დღის წინ მომიხდა მგზავრობა საკუთარი ავტომობილით და ახალდაგებული ასფალტის რემონტი მიმდინარეობდა. დაგებული ასფალტი ალაგ-ალაგ ამოჭრილი იყო კვადრატებად და გამზადებული შესარემონტებლად.
მაინტერესებს, ვისმა ფირმამ მოიგო ეს ტენდერი, რომ 4 თვეს ვერ ძლებს გაკეთებული გზა... ბატონო პრეზიდენტო, ეგებ გვითხრათ, თქვენი ხელიც ხომ არ ურევია ამ საქმეში... თუ, ეს არ არის ელიტარული კორუფცია?“.
ეს გზა ააშენა შპს "მიშსაგზაომშენებლობამ". თუ არ გჯერათ, გაიკითხეთ...
პროექტი “ნიჭიერი“ და ფილარმონიის ჭუჭყიანი კარები...
_GEORGIA_: “ახლა არ გაარემონტეს ეს ფილარმონია? რა უბედურებაა ეს გაზუნტლული კარი, 5-ლარიანი საღებავი მაინც გადაგესვათ, თქვე დალოცვილებო. არ გრცხვენიათ? მე მრცხვენია!
წარმოიდგინეთ, რომ შემთხვევით სლოვენიის ნაციონალურ არხს უყურებთ თანამგზავრული ტელევიზიით და სლოვენიის მთავარი საკონცერტო დარბაზის ასეთ კარს აჩვენებენ კადრში ყოველი კონკურსანტის გასვლისას, რა შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ? არ იტყოდით: “ფუ რა მაძუგი და ბინძური ხალხი ყოფილან ეს სლოვენიელებიო?“ - აი ესე ფიქრობენ ახლა სხვები ქართველებზე!“.
სხვა სიკეთესთან ერთად, ეს კარი არის ავარიული. ანუ, იქ ხანძარი თუ მოხდა ხალხმა ყოველი ზედმეტი წამის დაკარგვის გარეშე იმ გასასვლელს უნდა მიაგნოს. ამ დროს ფილარმონიის გარემონტებაში ამდენი ფული ხეთქეს და ამ ”დეტალზე” არ უფიქრიათ. რატომ უნდა ხდებოდეს ამ ქვეყანაში ყველაფერი მხოლოდ დიდი მსხვერპლის შემდეგ?
ფიჭვის “სიროპი“ პატიმრებისთვის! შეატანიეთ ამ კაცს ეს სითხე ციხეში, პატიმრები ტუბერკულიოზით რომ არ დაიხოცონ...
Rsebobs: “ყველას კარგად მოგეხსენებათ, თვეში რამოდენიმე ადამიანი კვდება ციხეზე ტუბერკულიოზით. მიზეზი მრავალია, მაგრამ მთავარი მათ შორის არის:
1) არასრულფასოვანი კვება.
2) ახალაშენებული შენობების ტენი.
3) “სამედიცინო“ პერსონალის გულგრილობა.
რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს და ამბობს, რომ ეს ასე არ არის. მე მგონია, რომ გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ამ “გვერდებამდგარ“ ხელისუფლებას არ ვეჭიდავოთ და ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო პრეპარატის პატიმარისთვის გადაცემის უფლება მოვიპოვოთ. გასაგებია, რომ კვალიფიციურ მკურნალ ექიმს ციხეზე არავინ არ შეაყვანიებს პატიმარის “პატრონს“. თუ შეაყვანიებს, წამლების შეტანა-გადაცემა გახდება პრობლემა.
ამიტომ, მოდით ვაიძულოთ ხელისუფლება პატიმრების პატრონებს ჰქონდეთ უფლება ფიჭვის “სიროპი“ გადასცენ პატიმრებს. ეს არის ზოგადად სოკოვანი და ტუბერკულიოზული მიკრობების საწინააღმდეგო ფიტონციდური საშუალება. 2 კოვზი უნდა გააზავო 1 ჭიქა წყალში, მიიღო დღეში 2- ჯერ- სანამ ციხეზე ხარ. ფიჭვის “სიროპი“ პატიმრებს!“.
შანსი არ არის. მაგის დაშვება იმის აღიარება იქნება, რომ საქართველოს “ევროდონის“ ციხეებში ცუდი პირობებია. ხელისუფლების მტკიცებით კი, ასე არ არის და ქართველი პატიმარი ყველაზე ჯანმრთელი პატიმარია მსოფლიოში.
ბიზნეს–იდეა ქვეყნის პრეზიდენტს...
Dondyego: “ბიზნეს–იდეა მიშას: ანაკლიას მაინც აშენებთ და მაინც იხარჯება იქ უამრავი თანხები. 98% ქართველებისა მანდ ცხოვრებაში ვერ შეყოფს ცხვირს. ახლა საქმე:
1). ანაკლიაში ავაშენოთ პატარა ლას-ვეგასი, აქედან გამომდინარე მთელი ინფრასტრუქტურით. 2). ქალაქი ღიაა მომსახურე პერსონალისა და მოთამაშე დამსვენებლებისთვის. 3). მოგების 50% გადაანაწილეთ საქართველოს მოსახლეობაზე თანაბრად, ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებზე. 4). ბიზნესს უნდა აკონტროლებდეს ქართული მხარე მასში ჩადებული თუ მოზიდული ინვესტიციების მიუხედავად. ამ იდეით შეგვიძლია მოვიზიდოთ აფხაზებიც (ამერიკაში ინდიელების მაგალითზე). 5). ყველა სხვა დასახლებულ პუნქტში უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები. 6). იდეის ავტორი დავჯერდები 0,001%-ს მოგებიდან.
ჩვენს გარშემო - თურქეთში აკრძალულია აზარტული თამაშები, ირანშიც, აზერბაიჯანშიც. რუსეთში ცდილობენ შეზღუდონ. ჰოდა, ჩამოვა ეს ხალხი და ითამაშებს-წააგებს რამდენსაც ინებებს. დაინტერესების შემთხვევაში შემიძლია 3 თვის ვადაში დავდო შესაბამისი პროექტი (ბიზნეს გეგმა), თანმდევი კვლევებით“.
ბოლო პუნქტი შეცდომითაა ჩამოყალიბებული. სწორად ასე უნდა ეწეროს: მოგების 99% წაიღეთ თქვენ, დანარჩენი გადაანაწილეთ საქართველოს მოსახლეობაზე თანაბრად, ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებზე.
ბაყაყები, ბოლივუდი, ღამურები, ელექტრომობილები... რა სჭირს ამ ხალხს?!
Gvelkuasi: “მე ნამდვილად დავიბენი უკვე. რა უნდა ამ ხალხს ჩვენგან ვერ ვხვდები. არცერთი სერიოზული პროექტი აღარ ინერგება და არ კეთდება ქვეყანაში. ამ ფულსაც რომ “წველიან“ ხალხს მაქსიმალურად ეგეც ნათელია, მაგრამ ეს ოხერი რეალურად ხომ უნდა იფიქრო თუნდაც შენს მომავალზე ტყავი რომ არ გაგაძროს ბოლოს გამწარებულმა ხალხმა?!
ერთ გარემოებაზე ვფიქრობ სერიოზულად: რაღაც მომენტისთვის ემზადებიან და უბრალოდ დროს წელავენ შეძლებისდაგვარად. ებრაელებმა მიაგდეს უკვე, ევროპას ძირითადად სულ ფეხებზე კიდია ესენი, რამდენიმე გაღორებული ელჩი თუ მფარველობს, ჰააგამაც დაიკიდა, გაერომაც, ნატომაც... რაღა უნდათ ამ საცოდავებს და როგორ წარმოუდგენიათ ახლო მომავალი – მაგრად მაინტერესებს...“.
ჩვენ რა გვინდა ის თუ ვიცით, ეგაა საქმე, თორემ ამათ რაც უნდოდათ, უკვე დიდი ხანია მიიღეს...
ბიზნესი და ხელისუფლება – “ავერსი“ და “რევერსი“...
Gogilord: “დღეს საქართველოში ნებისმიერი დიდი ბიზნესი ამა თუ იმ ფორმით არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. ამაში თავისთავად არაფერი არ არის კრიმინალური, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ყველაფერი გაუკუღმართებულ ფორმებს ღებულობს. მე ვგულისმობ არა მარტო შარანგიების მსგავს კონგლომერატებს, არამედ უშუალოდ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც თვითონ (ნებსით თუ ძალით) მიდიან პოლიტიკაში. არც ბიზნეს ელევიან და თან მორალსაც გვიკითხავენ მაღალი ტრიბუნიდან.
1. გეგენავა არჩილი გუგას ძე - მაჟორიტარი; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის" - სს "თელიანი ველი"; სს "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი – m/group-ი.
2. გოგუაძე გია ნოდარის ძე - მაჟორიტარი; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის". - შპს "დ.ტ.ს", დამფუძნებელი და დირექტორი.
3. გოგუაძე გიორგი ვახტანგის ძე - მაჟორიტარი; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის" - ს.ს. "საქართველოს სახალხო ბანკის” გენერალური დირექტორი.
4. კერვალიშვილი რუსუდანი ოთარის ასული - მაჟორიტარი; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის" - უძრავი ქონების სააგენტო ”ცენტრ-პოინტი”, სასტუმროების ქსელი, შპს ”ცენტრ-პოინტი ჯგუფის” დამფუძნებელი პარტნიორი, სამეურვეო საბჭოს წევრი.
5. გულიკაშვილი ზაზა შლვას ძე - მაჟორიტარი; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის". - შპს "სათავე პლუსი".
კიდევ ძალიან ბევრი არიან პარლამენტში ”ვითომ” ყოფილი ბიზნესმენები. მოკლედ, გთავაზობთ მოვიყვანოთ მაგალითები ჩვენი რეალობიდან სადაც ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ზღვარი ფორმალურადაც აღარ არსებობს“.
თავისუფალი ბიზნესი არსებობს საქართველოში! ამაზე თავს დავდებ! გვახსოვდეს მზესუმზირის გამყიდველები!