როლანდ ახალაიას შურისძიება და ოჯახის 4 წევრი ციხეში

როლანდ ახალაიას შურისძიება და ოჯახის 4 წევრი ციხეში

თხილის ბიზნესის დასათმობად, სამ ძმას ,,წამლის’‘ მოხმარება, დედას კი ბარიგობა ,,დაუმტკიცეს’‘  

წინა ხელისუფლების დროს, საქართველო თითქოს რეგიონებად იყო დაყოფილი და გავლენების სფეროებიც ისე იყო გადანაწილებული, რომ სხვა ვერ, თუ არ ერეოდა. ზუგდიდი ახალაიების ოჯახის სათარეშო რომ იყო, ამას არავინ უარყოფს. თავად ახალაიებიც ამბობენ, რომ დღემდე აქვთ სამეგრელოს რეგიონზე გავლენა და მართალია, ისე ძლიერად არა, მაგრამ ქუჩაში, საჭირო დროს, საჭირო რაოდენობის ხალხის გამოყვანა აშკარად შეუძლიათ. ადგილობრივების უმრავლესობა ამ ფაქტს აკრიტიკებს. ამას კი, წინა ხელისუფლების პირობებში ერთეულები თუ ბედავდნენ. იმის გამო, რომ ახალაიების დედა სკოლის მასწავლებელი იყო, მის ხელში ზუგდიდელი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა გაიარა და სხვათა შორის, სწორედ ეს დიდი ნაწილი მოხვდა შემდეგ ციხეში. 

გელა შ. რუსთავის #17 დაწესებულებაში რომ მიიყვანეს, პირველი, რაც იკითხა, ,,ნაკოლკებს’‘ თუ აკეთებს აქ ვინმეო. რა თქმა უნდა, ზონას ,,ხუდოჟნიკი’‘ ჰყავდა და გელამ, პირველ რიგში, ცოლის სახელი ამოისვირინგა, შემდეგ ჯვარი, მერე თავის ქალა და რამდენიმე თვეში სხეული სულ მოიხატა. მერე, ინანა, ეს რა ჩავიდინეო და ისიც თქვა, აქედან რომ გავალ, მხოლოდ ცოლის სახელს დავიტოვებ, დანარჩენებს წავიშლიო. პატიმარმა #0578-მა გელას ერმიტაჟი დაარქვა და როცა ახალ პატიმრებს მოიყვანდნენ, ეუბნებოდა ხოლმე, წამოდით, ერმიტაჟი უნდა განახოთო. მიიყვანდა გელას კამერაში და ზორბა პატიმარს ტანზე გახდას სთხოვდა. ახლადმოსულები მოხატულ სხეულს ინტერესით ათვალიერებდნენ. გელა კი ბუზღუნებდა, შემდეგში აღარავინ მოიყვანო, აღარ გავიხდიო, მაგრამ #0578 ამშვიდებდა, მალე ბილეთების გაყიდვას დავიწყებთ შენი სხეულის დათვალიერებაშიო.

ერთ დღეს გელას ადმინისტრაციაში დაუძახეს, იქიდან გადმოსულს კი ფერი აღარ ედო.
- ,,რა ხდება?!’‘ - ჰკითხა #0578-მა.
- ,,რაღა რა ხდება? ჩემი ძმა დაიჭირეს’‘, - ამოიხვნეშა გელამ.
- ,,მიზეზი?!’‘
- ,,იგივე’‘.
- ,,ანუ წამალი?!’‘ - ჩაეკითხა #0578.
,,ეჰ, კარგი რა, რა წამალი. გინახავს ორასკილოიანი კაცი წამალს იკეთებდეს?! წამალი კი არა თხილი ძმაო, თხილი’‘, - გელა ლამის ტიროდა.
,,რა თხილი კაცო, შენ წამლის მოხმარებაზე არ ზიხარ?!’‘ - გაოცდა #0578.
გელამ ხელი ჩაიქნია და კამერაში ავიდა. მეორე დილით #0578 გელას კამერაში მივიდა, ნარზე ჩამოუჯდა და მშვიდად უთხრა: ,,დაიწყე’‘.
,,რა დავიწყო? მე, ჩემი ორი ძმა და მამა რუსეთში წავედით სამუშაოდ. დიდი ფული ვიშოვეთ და სოფელში თხილის სერიოზული პლანტაცია გავაშენეთ. ჩემი ერთი ძმა საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებდა, ამიტომ, მამამ თქვა, ეს პლანტაცია იმის სახელზე გავაფორმოთ და საბუთების მოწესრიგების მიზეზით მაინც ჩამოვიყვანთ წელიწადში ერთხელო. ასეც მოვიქეცით, ჩვენ დავბრუნდით, ის იქ დარჩა. როცა პლანტაცია სრულად დაიქოქა, წლიურად თითქმის მილიონ ლარამდე ვშოულობდით და მერე მთელი წელი არაფერს ვაკეთებდით. სახლები ვიყიდეთ, მანქანები...’‘
,,და ერთ დღეს ახალაიები დაგადგნენ’‘... - გაეცინა #0578-ს.
,,შენ საიდან იცი?!’‘ - გაოცდა გელა.
,,ბიჭო, სამეგრელოში აბა ბიზნესს გივია თარგამაძე ხომ არ წაგართმევდა, მაგას თბილისი, კონკრეტულად კი საბურთალოს რაიონი ებარა. შენ მიდი, გააგრძელე, მე ყურადღებას ნუ მომაქცევ’‘, - გაეცინა #0578-ს.

,,ჰო, დამადგნენ. პრინციპში, კი არ დამადგნენ, დედაჩემიც იმავე სკოლაში ასწავლიდა, სადაც ახალაიების დედა და ერთმა ურჩია, მიდი, როლანდთან შეხვედრა სთხოვე, ძალიან ყვირის უკვე თქვენი პლანტაცია და როლანდთან რომ გამოჩნდებით, ხელისუფლებაც მოგერიდებათ და ყაჩაღებიცო. დედაჩემმა ეს სახლში თქვა, მამაჩემს იდეა არ მოეწონა და უთხრა, ჩუმად იყავი, არავისთან შეხვედრა რა მინდაო. ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ, თავად ახალაიების დედამ უთხრა დედაჩემს, როლანდს შენი ქმრის ნახვა უნდა, სახლში კიბე გვაქვს გასაკეთებელიო. კარგი ხელოსანი იყო მამაჩემი და რაღა უნდა ექნა, წავიდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, ცოცხალმკვდარი შემოვიდა სახლში. როლანდმა პლანტაცია მთხოვა, მთლიანად უნდა მომცე, სახელმწიფო საქმეს სჭირდებაო. მამაჩემს კატეგორიული უარი უთქვამს და, პრაქტიკულად, ჩხუბით წამოსულა იქიდან. სახლიდან არ გავდიოდით, არ ვიცოდით, რა გვექნა. ბოლოს მე გამოვედი ზუგდიდში მანქანით, ცოლ-შვილთან ერთად, პური ვიყიდე და რომ ჩავჯექი, დამაკავეს. ცოლ-შვილის თვალწინ ამომიგრიხეს ხელები და ცემა-ტყეპით წამიყვანეს. კინაღამ გამიგიჟდა ბავშვი. პროკურატურაში როლანდა დამხვდა. მითხრა, ახლა ისწავლის მამაშენი ჭკუასო და წამლის მოხმარების ბრალდება წამიყენეს. წყალი ძალით დამალევინეს, მერე მომაშარდვინეს და ასე დამიმტკიცეს მოხმარება, შვიდი წელი მომისაჯეს და გამომიშვეს აქეთ. თან მამაჩემს შეუთვალეს, შვილი კიდევ ორი გყავს და იმათაც ეს დღე ელისო.

მამა გაჯიუტდა, ჩემს ძმას, რომლის სახელზეც ეს ყველაფერი იყო, ჩამოსვლა აუკრძალა და აგერ, ახლა მეორე ძმა დაიჭირეს. იგივე ბრალდებით და იგივე სროკით. მამა ისევ უარზეა, უკვე მეც უარზე ვარ, პრინციპის საქმეა, ჩემს ცოლ-შვილს და დედ-მამას ვერ დაიჭერენ, ძმა იქით არის და გავა ეს შვიდი წელიც’‘, - დაასრულა მონოლოგი გელამ.
ერთი თვის შემდეგ გელას ისევ ადმინისტრაციაში დაუძახეს. იქიდან გადმოსულს გიჟის თვალები ჰქონდა და ტიროდა.
,,რა მოხდა?!’‘ - გელას მთელი ზონა შემოეხვია.

,,დედაჩემი დაიჭირეს, დედაჩემი... წამლის გაყიდვის ბრალდებით. 15-წლიანი მუხლი აქვს წაყენებული’‘, - მოთქვამდა გელა. პატიმრებს გაოცებისგან ენა ჩაუვარდათ. რამდენიმე თვეში გელას დედა 13 წლით გისოსებსმიღმა გაისტუმრეს.
,,თუ სამივეს გაგიშვებენ, ეგებ დაგეთმოთ ის მიწა?!’‘ - ჰკითხა ერთ დღეს #0578-მა გელას.
,,დედა რომ დაიჭირეს, მამაჩემი მივიდა როლანდთან და უთხრა, ვთმობ და შეგვეშვიო, მაგრამ იმან უარი უთხრა, სამაგალითოდ დაგსჯით თქვენ და მერე უარს ვერავინ ვერაფერზე გამიბედავსო. ჰოდა, აღარ გვართმევს ახლა იმ მიწას, არა’‘, - ამოიგმინა გელამ.
ორი თვის შემდეგ, კრასნოდარის ოლქში, საქართველოდან წასული შეტყობინების საფუძველზე, გურამ შ. დააკავეს. გელას მეორე ძმის ექსტრადიცია ორ თვეში მოხდა და ისიც შვიდწლიანი სროკით ციხეში გაუშვეს.

,,მე, ჩემი ძმები და დედაჩემი - აი, ეს არის ახალაიას შურისძიება. ერთი ოჯახიდან ოთხი კაცი ვართ ციხეში და ამათ როგორ უნდა გაიხარონ? აქედან რომ გავალ, როლანდ ახალაიას სადაც ვნახავ, იქ ვესვრი. არ მაინტერესებს მერე რა მოხდება, ცოცხლად დაგვმარხა’‘, - ღრიალებდა გელა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გელას ოჯახისთვის თითქმის არაფერი შეიცვალა. ერთი ეგ იყო, ახალმა პრეზიდენტმა გელას დედა შეიწყალა, ძმებმა კი შვიდწლიანი სასჯელი ბოლომდე მოიხადეს. გელა თბილისში ცხოვრობს, ძმები ისევ რუსეთში არიან, ის საჯილდაო მიწა ისევ ამ ოჯახისაა, თუმცა მამამ მარტომ ვეღარ მოუარა და ისეთ მოსავალს აღარ იძლევა.
,,როლანდა აღარ გინახავს მას შემდეგ? გახსოვს, რომ იმუქრებოდი, სადაც ვნახავ, იქ ვესვრიო?!’‘ - ღიმილით შეახსენა მუქარა #0578-მა გელას.
,,ვნახე. ბაჩოს სასამართლოები რომ მიდიოდა, მაშინ მივედი და დავენახე. მკვდრის ფერი დაედო... ასე დავენახვები მუდამ და ერთხელაც იქნება, გული გაუსკდება, მაგრამ სად აქვს მაგას გული?!’‘ - გაბრაზებით თქვა გელამ.
,,და ის ნაკოლკები მოიშორე?!’‘
,,არა, არ მომიშორებია. ფული უნდა მაგასაც, დიდი ფული და შენ რა გითხარი მე, როცა ვიკეთებდი, თავში რომ არ წამომარტყი, რას აკეთებო’‘, - აქეთ დაადო ვალი გელამ.
,,თავში როლანდამ წამოგარტყა, მაგრამ არ შეისმინე და ჩემსას შეისმენდი?!’‘ - გაეღიმა #0578-ს.
პატიმარი #0578