ლენინიზმი ბალკანეთში

ლენინიზმი ბალკანეთში

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საქმეებში საერთაშორისო ჩარევის (რაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში გრძელდება) პატარა ბინძური საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონზე გადამწყვეტი გავლენა დიდწილად არა ლიბერალურმა ინტერნაციონალიზმმა, ან ვილსონისეულმა იდეალიზმა და დემოკრატიის ჯეფერსონისეულმა პრინციპებმა მოახდინა, არამედ გაცილებით მავნე ფილოსოფიამ – ლენინურმა ვოლუნტარიზმმა. და მაშინ, როდესაც რეგიონი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე სასტიკი კრიზისის წინაშეა, ბალკანეთის ტრანსფორმაციისას ლენინური მეთოდების გამოყენების შედეგები მტკივნეულად ცხადია.  

ვლადიმერ ლენინის ძირითადი წვლილი მარქსიზმის ფილოსოფიაში სწორედ მისი საფუძვლების უარყოფაში მდგომარეობდა: მარქსისგან განსხვავებით, რომელსაც სჯეროდა, რომ ისტორია მატერიალური ძალებისა და წარმოების ინსტრუმენტების შეცვლის მიხედვით ვითარდება, ლენინი ამტკიცებდა, რომ პატარა, მაგრამ მოტივირებულ ადამიანთა ჯგუფს ისტორიული კურსის შეცვლა და ამ პროცესის დაჩქარება შეუძლია. ლენინისტები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ ელიტას და ავანგარდს უნდა უკუეგდო დემოკრატიისა და სამართლიანობის ბურჟუაზიული ცნება რაღაც უფრო დიდი სიკეთისთვის, რომელსაც ისინი თავად განსაზღვრავენ. ლენინისა და მისი თანამებრძოლებისთვის მიზანი ამართლებდა საშუალებას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით ამ ისტორიის დასასრული. ასევე, ვიცნობთ მათი პოლიტიკით გამოწვეულ პრობლემებს, რომელიც ლენინის და მისი მიმდევრების წყალობით თავს დაატყდა მსოფლიოს დიდ ნაწილს მასობრივი ძალადობისა და დანაშაულებების სახით. სამწუხაროდ, მიუხედავად ამისა, ბალკანეთის საკითხისადმი ჩვენს მიდგომებს დიდწილად იგივე განწყობები განსაზღვრავს.

მაგალითისთვის ავიღოთ ბოსნია. 1997 წლიდან ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენელს – საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დანიშნულ ბიუროკრატს, რომელსაც არ აქვს თავად ბოსნიისა და ჰერცოგოვინას ხალხის მანდატი, უფლება აქვს უპრობლემოდ მოხსნას სახელმწიფო თანამდებობებზე არჩეული ჩინოვნიკები, გააუქმოს კანონიერი კრებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, თავს მოახვიოს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი კანონები თავისივე განკარგულებებით, საკუთარი შეხედულებებისამებრ კონფისკაცია გაუკეთოს როგორც საჯარო, ასევე კერძო საკუთრებას. (ლენინსაც ძალიან მოსწონდა კერძო საკუთრების და ზოგადად კერძო ქონების კონფისკაციის იდეა). Transparency International-იც კი აღიარებს, რომ უმაღლესი წარმომადგენელი მონაწილეობს ისეთ აქციებში, რომელსაც ნებისმიერ სხვა დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ქურდობას დაარქმევდნენ.

და, ამით საქმე არ მთავრდება. ერთხელ ასეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა დაახლოებით სამოცამდე სახელმწიფო მოხელე მოხსნა თანამდებობებიდან და სამუდამოდ აუკრძალა მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა – ეს გადაწყვეტილება დიდწილად ისეთ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა, რომლებიც ჭორებს და კაფეში წარმოთქმულ ბუნდოვან ბრალდებებს უფრო გავდა. ამ ჩინოვნიკებს ეკრძალებოდათ, როგორც პროტესტის გამოთქმა, ასევე საკუთარი თავის დაცვის მცდელობა. იაგოდაც კი, სტალინის საყვარელი ბრალმდებელი, მოსკოვური პროცესების დროს, ბრალდებულებს, ყველაზე ცოტა, სასამართლოზე დასწრების უფლებას მაინც აძლევდა. აბსოლუტურად ცხადია, რომ მსგავსი სასამართლო ვერ იქნება იმ ხალხის არჩევანი, რომელსაც გულწრფელად სჯერა მართლმსაჯულების დასავლური კონცეფციების და კანონის უზენაესობის, მაგრამ მოწოდებით ლენინისტებს ყოველთვის ეჩქარებათ, ამიტომ არასდროს არ აქვთ დრო დეკადენტური დასავლეთის იურიდიული ფორმალობების პატივისცემისთვის. ასეთი ტაქტიკა ახლახანს ერაყში დროებითმა კოალიციურმა ადმინისტრაციამაც გამოიყენა, რასაც კიდევ უფრო ტრაგიკული და დამანგრეველი შედეგები მოჰყვა.

ალბათ, ბალკანური ლენინიზმი, თითქოს მინიატურაში, ყველაზე კარგად სწორედ ამ კონკრეტულ მომენტში ვლინდება. დაახლოებით ორი კვირის წინ, ბოსნიის მუსულმანურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SDP) ბოსნიისა და ჰერცოგოვინას ფედერაციაში, ქვეყნის ორიდან ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფორმაციაში, აქცია მოაწყო, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც გადატრიალება: ამ პარტიამ მთავრობა დააკომპლექტა ორი სხვა პარტიის გარეშე, რომლებმაც ხორვატი მოსახლეობის ხმათა დაახლოებით 90% მოიპოვა – ეს იყო ბოსნიელი ხორვატების ხმის უფლების აბსოლუტური იგნორირების აქცია და ბოსნიისთვის ფუნდამენტური პრინციპის – სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის თანასწორობის უხეში დარღვევა. მაგრამ ეს ნაბიჯი აღნიშნულმა პარტიამ ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების ჩუმი თანხმობით გადადგა. მეტიც - როდესაც ბოსნიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ SDP არღვევს ბოსნიის ელექტორალურ კანონებს, უმაღლესმა წარმომადგენელმა ეს შენიშვნა უარყო. გარკვეულწილად, აღსანიშნავიც კია, რომ 21-ე საუკუნის ევროპაში ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დანიშნული კოლონიალური მმართველია, წყვეტს, რომ არც ბოსნიის მოქალაქეთა ელექტორალურ ნებას, არც მის პოლიტიკურ ტრადიციებს და კულტურას, არც ბოსნიის კანონიერი კონსტიტუციური ორგანოების გადაწყვეტილებებს, სინამდვილეში მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ჩანს, ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს, ეს არის ბოსნისთვის „პროგრესის“ თავზე მოხვევის რაღაც საიდუმლო გეგმა, რისთვისაც არ არის საჭირო დემოკრატიული დიალოგი ან კონსტიტუციური კანონიერება, არამედ მხოლოდ საკმარისი დიქტატორული ძალა.

პოლიტიკისადმი ლენინური მიდგომის ნაცნობი მახასიათებელი იყო ასევე აქტიური პროპაგანდისტული კამპანიები, და ბალკანელი ლენინისტები მათ არც ამ საქმეში ჩამორჩებიან.

პერსპექტივის უცნაური დამახინჯების შედეგად, ბოსნიის პრობლემები არ დაბრალდა მათ, ვინც 90-იან წლებში ომი გააჩაღა, ვინც შიდა ეთნიკური კონფლიქტების გადასაწყვეტად ლენინური პოლიტიკური მეთოდების გამოყენებას ამართლებს და ვინც იბრძვის საკუთარი ეთნიკური ჯგუფის დომინირებისთვის სხვა ჯგუფებზე – ეს ადამიანები, რატომღაც, საერთაშორისო თანამეგობრობის ფავორიტებად იქცნენ. ამავდროულად, ისინი, ვინც ომს ეწინააღმდეგებოდა, ვინც სამხედრო დამნაშავეების წინააღმდეგ გამოდიოდა მაშინ, როდესაც ასეთი პოზიცია ყველაზე საშიში იყო, და ვისი პოლიტიკური ძალისხმევაც ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს შორის უბრალოდ თანასწორობის დაცვას ეფუძნება, უცებ ცუდი ბიჭები გახდნენ. ორუელი უდაოდ დააფასებდა იმ დახვეწილ დემაგოგიას, რომელიც ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ბაგეებიდან იღვრება.

ბალკანელი ლენინისტები კოსოვოშიც კარგად გაისარჯნენ. როგორც ეს მახვილგონივრულად აღნიშნა თავის ახალ სტატიაში პულიტცერის პრემიის ლაურეატმა, ჟურნალისტმა მეტ მაკალისტერმა, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები (განსაკუთრებით - ამერიკელები), იმის ნაცვლად, რომ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა განამტკიცონ, აქტიურად იყვნენ დაკავებულები იმ ადამიანთა წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებების აღკვეთით ან პრევენციით, რომლებსაც ბრალი ედებოდათ დიდწილად სუტენიორობასა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ადამიანის ორგანოების მოპარვაში, პოლიტიკურ მკვლელობებში და ეთნიკურ უმცირესობათა დევნაში. საერთოდ როგორ აღმოჩდნენ ასეთი ადამიანები ამერიკელების „მეგობართა“ რიგებში, ან როგორ შეუწყობდნენ ისინი ხელს კოსოვოში დემოკრატიის განვითარებას ან უსაფრთხოების განმტკიცებას ბალკანეთის რეგიონში – რთული წარმოსადგენია, მაგრამ ისევ ლენინის „ჩეკა“-ს თუ გავიხსენებთ, ისიც საკუთარ რიგებს ძირითადად საზოგადოების ყველაზე მარგინალური ფენებისგან ავსებდა. და ასეთი მიდგომის შედეგები შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია.

ახლა, 12 წლის მერე მას შემდეგ, რაც ნატოს ძალებმა კოსოვოზე კონტროლი დაამყარეს, და სამი წლის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (ამ პერიოდში კოსოვომ ერთ სულ მოსახლეზე 25-ჯერ მეტი საერთაშორისო დახმარება მიიღო, ვიდრე ავღანეთმა), უმუშევრობა კოსოვოში თითქმის 50%-ს აღწევს, ასევე დღეისთვის არსებული მდგომარეობით ქვეყნის ჩრდილოეთში „გაყინული“ კონფლიქტია, სასამართლო სისტემა არ არსებობს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი ედება სამხედრო დანაშაულებებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირდება, საერთაშორისო თანამეგობრობის 2/3 ამ სახელმწიფოს არსებობასაც კი არ აღიარებს, სახეზეა ქრონიკული პოლიტიკური არასტაბილურობა, დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას, ხოლო კოსოვოს პრეზიდენტის არჩევნებს საერთოდ არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

ამავდროულად, სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი „დიდ ალბანეთზე“ (შიგადაშიგ ამაზე ახლახანს გადაყენებული კოსოვოელი პრეზიდენტიც ლაპარაკობს). მოვლენების ასეთი განვითარება კიდევ უფრო შეანელებს მაკედონიის ინტეგრაციის პროცესს და ბალკანეთის სამხრეთ ნაწილის შემდგომ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

სამწუხაროდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში, ძალიან ბევრი საერთაშორისო წარმომადგენელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ლენინის დევიზით: მიზანი ამართლებს საშუალებას.

ერთხელ მადლენ ოლბრაიტმა, შოუში 60 Minutes განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ სადამ ჰუსეინის ხელისუფლებიდან მოშორება ხუთასი ათასი ერაყელი ბავშვის სიცოცხლედ ღირს. იმის გაფიქრებაც კი გზარავს, რას ჩაიდენდნენ ეს საერთაშორისო მოღვაწეები, ისინი რომ განგებას 20-იან წლებში, ლენინის პოლიტბიუროში ჩაესვა და არა 21-ე საუკუნის უფრო „კეთილხარისხოვან“ ევროპაში. რთული წარმოსადგენია, რომ მსგავსი ლენინური მეთოდები საბოლოო ჯამში სტაბილურ, ტოლერანტულ დემოკრატიულ რეჟიმს შექმნის, რომლის მიღწევაც ჩვენი დეკლარირებული მიზანია.

[foreignpress.ge]