,,ვერსიისა' და ნოდარ ჯავახიშვილის ექსპერიმენტი და დარღვევები თბილისი-რუსთავის ავტობანზე
,,გზებთან დაკავშირებით ბევრ ზოგად ფაქტს მეუბნებიან, სადაც ფული გადახდილია და ასფალტი დაგებული არაა, მაგრამ ამას თუ მეუბნები, ისიც მითხარი, კონკრეტულად რომელ გზაზეა საუბარი. ნუ მეტყვი, ვინ ხარ, ოღონდ, გზის კონკრეტული მონაკვეთი დამისახელე, წავალ და ვნახავ! ზოგადი საუბრები არაფერს მაძლევს, გულით მინდა ამ პრობლემის მოგვარება და არა _ ვიღაცის სამსახურიდან გაგდება და დაჭერა!', - განუცხადა ,,ვერსიას' ექსკლუზიურ ინტერვიუში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ ჯავახიშვილმა. ცხადია, კონკრეტული ფაქტი მაშინვე ვუთხარი - სერიოზული დარღვევა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე. მინისტრის მოადგილემ შემომთავაზა, შაბათს, 28 თებერვალს, ერთად წავსულიყავით გზის ამ მონაკვეთზე და ყველაფერი საკუთარი თვალით გვენახა, ამიტომაც, ინტერვიუში ზემოხსენებული კითხვა-პასუხი, როგორც იტყვიან, აღარ გავიდა.
თბილისი- რუსთავის ავტომაგისტრალზე, გზის საფარიდან ჯებირამდე (ბარდიური), 60 სანტიმეტრია დატოვებული. დაახლოებით, ორიოდ კვირის წინ, შუაღამისას, რუსთავიდან თბილისში მომავალი ავტომობილი გზის ამ მონაკვეთში ჩავარდა. მძღოლი გადარჩა, მაგრამ ავტომობილი დაზიანდა. ვიდრე შემთხვევის ადგილზე წამოსაყვანად მისი შვილი მივიდოდა, მუშებმა უთხრეს, ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, გზა კი დააგო, მაგრამ ამ 60 სანტიმეტრის გამო დააჯარიმეს და ახლა სწორედ ამ მონაკვეთზე მუშაობსო. ინტერვიუს დროს, ბატონმა ნოდარმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კონკრეტული ფაქტები სჭირდებოდა, რომლებსაც პირადად გადაამოწმებდა. ამიტომაც ამ ავარიის შესახებ ვუამბე. თბილისიდან რუსთავში ზუსტად 40 წუთში ჩავედით, მაგრამ ამ ორი ქალაქის დამაკავშირებელი ავტობანი რომ გაკეთდება, მანძილი 15 წუთამდე შემცირდება. გზაში ბევრი ვიუბნეთ ლარის დევალვაციაზე, შოკირებულ ეკონომიკასა და ეროვნულ ბანკზე. მანამდე ოფიციალურ ინფორმაციასაც გადავხედოთ, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საიტიდან ავიღე:
,,რუსთავი- თბილისის დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 20 აპრილს დაიწყო. სამუშაოების განხორციელების შესახებ ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედს' შორის გაფორმდა. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოები 18 თვეში დასრულდება. პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 88 761 128 ლარით განისაზღვრა, ავტომაგისტრალზე 250 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, 150 - ადგილობრივი მუშა- ხელია. რუსთავი- თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობის ,,თბილისი- წითელი ხიდის' (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისირუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. ახალი ავტობანის სიგრძე 17.4 კმ-ია. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია 2 გზაგამტარის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 8 ხიდის, 2 მიწისქვეშა გადასასვლელისა და 4 საფეხმავლო ხიდის მშენებლობა'.
...ფონიჭალას ვუახლოვდებით. კარგი ამინდია - მზე არაა, მაგრამ თბილა. მოახლოებული გაზაფხულის სურნელი იგრძნობა, თუმცა წინ მაინც ,,გიჟი' მარტია. ნოდარ ჯავახიშვილი მეუბნება, რომ ასეთი ამინდი უყვარს, შაბათობით კი საკუთარ ნაკვეთში მუშაობა ყველაფერს ურჩევნია. დღესაც, ვიდრე რუსთავში წავიდოდით, თურმე, ბარავდა - ხახვისა და ნივრის დათესვას აპირებს. არაფერი მითქვამს. წამიერად ყველა იმ სტატიამ გამიელვა, რომელიც ეგვიპტესა და თურქეთიდან იმპორტირებულ ხახვზე, ნიორსა თუ სხვა პროდუქტებზე დამიწერია. მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც ვფქირობ: ჩვენ, ქართველები, კოსმოსში ვერ გავფრინდებით; ქუთაისში ავტოქარხანა კი გვქონდა, რომელიც ღრმა ბავშვობიდან ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ავტომობილებსაც ვერ გამოვუშვებთ, რადგან აშშ-ს, იაპონიასა და გერმანიას ვერ ვაჯობებთ. სამაგიეროდ, ხახვისა და ნივრის დათესვა, ფრინველისა და მსხვილფეხა თუ წვრილფეხა საქონლის მოვლა მაინც შეგვიძლია! პარასკევს, 27 თებერვალს, ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ უყურადღებობას არასდროს უჩიოდა. დანანებით ვუთხარი, ერთი სული მქონდა, იმ ინტერვიუში ლარის კურსსა და ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გზებზეც გვესაუბრა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩაშლილი ტენდერების თემაც არანაკლებ მწვავე და აქტუალურია- მეთქი. - პარასკევს, მერაბ მეტრეველის გადაცემა არ გინახავს? - მეკითხება.
- სამწუხაროდ, არ მინახავს, ბატონო ნოდარ, ერთდროულად ,,მაესტროსა' და ,,რუსთავი 2'-ს ვუყურებდი და მერე, ,,იმედს' შემოვრჩი. გპირდებით, აუცილებლად ვნახავ.
- მერაბთან ვიყავი, ლარის კურსზე, ეროვნულ ბანკსა და კრიზისზე ვისაუბრე. ...ამასობაში მცირე საცობშიც აღმოვჩნდით. სიჩუმე, რომელიც სულ ხუთიოდე წუთს გაგრძელდა (გაგვიმართლა, რომ საცობს თავი დავაღწიეთ), ჩემი უსაყვარლესი და ლეგენდარული ბარი ვაითის მუსიკამ დაარღვია. სხვათა შორის, რეპორტაჟსაც ბარი ვაითის მუსიკის ფონზე ვწერ და გირჩევთ, თქვენც ამ ფონზე წაიკითხოთ: LET THE MUSIC PLAY...
- ბატონო ნოდარ, ამიხსენით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსის გაუფასურებაში ეროვნული ბანკი და გიორგი ქადაგიძე ამხილა, მეორე დღესვე კურსი როგორ დასტაბილურდა? - ვინტერესდები.
- იცი, ეგ რატომ მოხდა? - ბიძინას განცხადების შემდეგ, პანიკა ჩაცხრა, ხალხი დამშვიდდა და კურსმა გამყარება დაიწყო.
- არ მინდა, მჯეროდეს, რომ ჩვენს ქვეყანას კულუარებიდან... არადა, ასე გამოვიდა...
- აბა, რას ამბობ? შუშის სასახლიდან მართვა რა შუაშია? ბიძინამ ის თქვა, რაც რეალობაა!
- რა არის რეალობა? ლარის კურსის გაუფასურება ეროვნული ბანკის ბრალია? თქვენც გჯერათ, რომ გიორგი ქადაგიძეს საბოტაჟის მოწყობა შეეძლო?
- ლარის კურსის გაუფასურება ნოემბრიდან დაიწყო და იცი, რა გააკეთა ქადაგიძემ მაგ დროს? - მიმოქცევაში ისედაც ჭარბი რაოდენობის ლარი იყო, ადგა და კომერციული ბანკების დაკრედიტება 350 000 000-დან, 700 000 000 დოლარამდე გაზარდა! იმის ნაცვლად, რომ ფულის გაძვირება დაეწყო, რათა ფულზე წვდომა ადვილი არ ყოფილიყო და ლარი გაემყარებინა, მან პირიქით გააკეთა - მიმოქცევაში ფულის მასა გააორმაგა!
- ჰო, მაგრამ, ბატონო ნოდარ, რეგიონში რთული ვითარებაა, ექსპორტი, სავალუტო გადმორიცხვები, ტურისტების რაოდენობა და ინვესტიციები შემცირდა. ასეთ დროს ქადაგიძეს რა ბერკეტები ჰქონდა, გარდა იმისა, რაც გააკეთა? ინტერვენციებსა და რეფინანსირების სესხის განაკვეთის ზრდას ვგულისხმობ.
- ლარის დევალვაცია ნოემბრის დასაწყისში დაიწყო, ქადაგიძემ კი პირველი ინტერვენცია თვის ბოლოს განახორციელა - 40 მილიონი დოლარი გაყიდა, კიდევ 40 მილიონი დეკემბერში გამოიტანა და მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, მესამედ 40 მილიონი დოლარი თებერვლის დასაწყისში გაყიდა. ამას უწოდებ სწორ ნაბიჯს? სადეპოზიტო სერტიფიკატებში მილიარდ 140 მილიონზე იყო მოთხოვნა, ქადაგიძემ კი მხოლოდ 400 მილიონი დოლარი ანუ 40% დააკმაყოფილა, რატომ? ხომ ხედავ, რომ ლარის სიჭარბეა და ისედაც საშიშროება იქმნება, წლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს დამატებით აკრედიტებ, თან რეფინანსირების განაკვეთსაც უზრდი? ეს საბოტაჟია, აბა, რა ჯანდაბაა!
- ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის ლანძღვა, იმის გარდა, რომ ინვესტიციები შემცირდება, რას მოგვიტანს? ისედაც ინვესტიციების სიმცირეზე ვწუწუნებთ.
- მაშინ დახუჭეთ ყველაფერზე თვალი და გააგრძელეთ ქადაგიძის დაცვა! როგორ არ გესმის: თუ ასე გაგრძელდა და კურსი არ დავიჭირეთ, აპრილში მართლა ყველაფერი გაძვირდება. ხალხში სერიოზული პანიკა შეიქმნება და მერე ნურც შენ დაიწყებ წუწუნს, ასეთ დღეში როგორ ჩავცვივდითო! გამოჩნდა, რომ ქადაგიძე ზურაბ ადეიშვილის დავალებით მოქმედებს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რაც ეროვნულმა ბანკმა ,,ქართუში' ჩაიდინა, როდესაც ბანკი გააკოტრა.
- ბატონო ნოდარ, პირველი საქმე, რომელიც შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, სწორედ ,,ქართუს' გაკოტრების სქემა იყო.
- რას ამბობ, რას? რას ქვია, გახსნა? მაჩვენე, აბა, ეს გახსნილი საქმე!
- მე რატომ მეჩხუბებით? შინაგან საქმეთა სამინისტროში მაგ ბრიფინგზეც ვიყავი და ,,ვერსიაში' ,,ქართუს' გაკოტრების სქემა ვრცლად გავაშუქე. ქადაგიძეს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ თუ დამნაშავე იყო, პროკურატურამ რატომ არ დაკითხა?
- გიმეორებ, ,,ქართუ ბანკის' გაკოტრების საქმე არ გახსნილა! ერთი თეთრიც კი არ დაუბრუნებიათ. ბიძინას არ უნდოდა ამ საქმის გახსნა, ამბობდა, ჩემი ბანკიაო. წინააღმდეგობას ვუწევდი, ვეუბნებოდი, რას ნიშნავს, შენი ბანკია? თუ კანონი ირღვევა, შენი და ჩემი რა შუაშია, პასუხი ყველამ უნდა აგოს-მეთქი!
- ამ დღეებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი უარყოფითად შეაფასებს ქადაგიძის ლანძღვას.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნაციონალების მოსყიდულია! ამასობაში, რუსთავი- თბილისის ავტობანსაც მივუახლოვდით. მიუხედავად იმისა, რომ შაბათი იყო, სპეცტექნიკა ადგილზე დაგვხვდა და მუშებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ. ბატონმა ნოდარმა სვლა შეანელა და ობიექტის დათვალიერება დავიწყეთ. აღმართზე, გზის საფარიდან ჯებირამდე, ბევრი ისეთი მონაკვეთი შეგვხვდა, სადაც სპეციალური ნიშანი არ იყო, რომელიც ღამე ანათებს, რათა მძღოლმა დაინახოს და სვლა შეანელოს. - აუცილებლად მოვიკითხავ, რატომ არ არის ეს ნიშნები ყველგან. გეთანხმები, ამის გამო მართლაც შეიძლება, ავტომობილი გზიდან გადავარდეს.
- ბატონო ნოდარ, შეიძლებოდა, ჩინური კომპანია იმის გამო დაეჯარიმებინათ, რომ გზის ეს მონაკვეთი გასაკეთებელია?
- შეიძლებოდა, რატომაც არა. ამასაც აუცილებლად მოვიკითხავ და სამშაბათს ყველაფერს გაგირკვევ. ამ ავტობანზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. კარგია, რომ დღესაც შრომობენ, მაგრამ გზის ხარისხი არ მომწონს - ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს.
- რატომ არ მოგწონთ, ბატონო ნოდარ?
- აი, ხომ ხედავ, ასფალტი სწორი არ არის და მოძრაობა მანქანასაც უჭირს. ამასაც გავარკვევ და გავიგებ, რა ხდება. ისე, გზის ტენდერებიდან უამრავი თანხა ,,ტყდება', შესაძლოა, აქაც ასეთი შემთხვევაა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება... აღარ მახსოვს, DON’T FORGET, REMEMBER-ს მოვუსმინეთ თუ არა, მაგრამ ,,ვერსიისა' და ნოდარ ჯავახიშვილის ეს უცნაური ექსპერიმენტი არასოდეს დამავიწყდება...