NDI-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, პარტიათა სამეულში „ნაციონალური მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატები“ და „ლეიბორისტული პარტია“ არიან. თბილისის მასშტაბით ლეიბორისტების ადგილს „თავისუფალი დემოკრატები“ იკავებენ. რეიტინგმა პოლიტიკურ ძალებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ კვლევები რეალურად ყალბდება ხელისუფლების მხრიდან. რადგან გამოკითხულები დაშინებული არიან და პასუხებს ხელისუფლების სასარგებლოდ სცემენ:
„ველი რეალურად გაყალბებულია ხელისუფლების მხრიდან. ადამიანები დაშინებულები არიან და კვლევის დროს პასუხებს ხელისუფლების სასარგებლოდ სცემენ. მე ეს არაერთხელ მითქვამს NDI-თვის, IRI-თვის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. კითხვები დარწმუნებული ვარ თავად NDI-ს წარმომადგენლებსაც გაუჩნდებოდათ.
ხელისუფლება საქართველოს დემოკრატიით ამაყობს. თუმცა ამ დროს მოსახლეობის 44 % მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. 17 % -მა კითხვას არის თუ საქართველოში დემოკრატია, უპასუხა არ ვიცი. ეს ნიშნავს, იმას რომ საქართველოში დემოკრატია მათთვისაც არ არსებობს“.
ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებაში ნდობას ერთმანეთს არ უცხადებენ და დაუჯერებელია, რომ გამოკითხულთა 52% მმართველი პარტიით კმაყოფილია:
„ხელისუფლებაში ნდობას ერთმანეთს არ უცხადებენ და დავიჯერო 52 % მოსახლეობისა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებით აღფრთოვანებულია და ქვეყანას ცვლილებები არ ესაჭიროება. თუ რეალურად მართლაც ასეა, მაშინ მსოფლიო ფსიქიატრებს უნდა დავუძახოთ რომ გვიშველონ.
რეალურად ასე არ არის. ხელისუფლების წინააღმდეგი ათასობით ადამიანია. არა მგონია ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერდეს ისეთ ხელისუფლებას, რომელმაც ვერ გაართვა საქართველოში არსებულ პრობლემებს თავი და საქართველოს 20 % კიდევ წართმეულია“.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „თუკი ნაციონალურ მოძრაობას NDI-ს რეიტინგში პარტიებს შორის 48 პროცენტიანი რეიტინგი აქვს, პარლამენტშიც ამდენივე მანდატი უნდა ჰქონდეს“:
„ჩვენს მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სისტემაც ზუსტად იმას გულისხმობს, რომ თუ ნაციონალურ მოძრაობას 48 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, მაშინ პარლამენტში მისი წარმომადგენლობაც 48 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. კერძოდ, თუ ნაციონალებს 48 პროცენტიანი რეიტინგი აქვთ, მანდატებიც 48 უნდა ჰქონდეთ. დღეს კი ნაციონალურ მოძრაობას მანდატების 85 პროცენტი აქვს. ჩვენი შეთავაზება ხელისუფლების მიმართ სწორედ იმას გულისხმობს, რომ ხალხის განწყობა პოლიტიკური პარტიების მიმართ პარლამენტსა და საკრებულოებში ადექვატურად აისახოს“.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე NDI-ის ენდობა, მაგრამ მიიჩნევს, რომ რეიტინგები არსებულ ვითარებას ვერ ასახავს:
"თავად NDI-ის ვენდობი, მაგრამ გამომდინარე იმ შიშიდან, რაც საზოგადოებაში არსებობს, რეიტინგები ობიექტურ რეალურობას ვერ ასახვს“.
მისივე ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არა 50 %-ზე მაღალი რეიტინგი აქვს, როგორც ამას აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, არამედ მას რეალურად ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 33-35 % ენდობა.
რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის ელჩთან განართულ შეხვედრას, რომელზეც „რვიანმა“ დიპლომატს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასთან დაწყებული მოლაპარაკებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია, გამყრელიძის განმარტებით, ამ კუთხით ცვლილებებს არა მხოლოდ ოპოზიციური ძალები და ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც ელოდება:
„საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად, ნიშნულია იმისა, თუ რამდენადაა მზად ნაციონალური მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი ამ ცვლილებებისთვის იმისთვის, რომ ხალხმა გადაწყვიტოს ხელისუფლებისა და ქვეყნის მომავალი ბედი“.
გამყრელიძის განმარტებით, ევროკავშირის ელჩს საქართველოში „რვიანმა“ დახმარება სთხოვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ მას შეთავაზებულ წინადადებებზე პასუხი გასცეს.
„თუკი პარტიებს შორის ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, რატომ ეშინია მას სამართლიანი არჩევნების ჩატარების, ვერ გავიგე“, - აცხადებს „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა:
„ყველა გამოკითხვებში ყოველთვის ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს, ასე რომ, არც ამ კვლევის შედეგები გამკვირვებია“.
კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ „თავისუფალი დემოკრატებიც“ და აცხადებენ, რომ ის ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავს.
„ასეთი კვლევები ხშირ შემთხვევაში რეალურ შედეგს არ იძლევა. გაგახსენებთ უკანასკნელ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაპერიოდში ჩატარებულ კვლევას, რომელშიც ირაკლი ალასანიას რეიტინგი 7 %-ით იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც არჩევნებზე გამოჩნდა, მას მოსახლეობის 30 %-ზე მეტმა მისცა ხმა“, - აცხადებს ალასანიას თანაპარტიელი ირაკლი ჩიქოვანი.
მან ასევე „გაუგებრობა“ უწოდა პარტიის წევრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, „თავისუფალ დემოკრატებს“ მოსახლეობის 35 % უჭერს მხარს.
„ეროვნული საბჭოს“ ლიდერი ზვიად ძიძიგური კი მოსახლეობაში „ნაციონალური მოძრაობის“ 52 %-იან რეიტინგს „მუდმივი პროპაგანდით“ ხსნის.
„4-5 ტელევიზიის პირობებში, რომლებიც დილიდან საღამომდე იმას იძახის, რომ ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერობა გასაკვირი არაა. რა თქმა უნდა, ასეთი პროპაგანდა მოქმედებს საზოგადოებაზე.
მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წაგების შემდეგ თბილისის მოსახლეობის 28 %-ს კარგა ხნის განმავლობაში სჯეროდა, რომ ის მოვიგეთ. ასეთი პროპაგანდის პირობებში მიკვირს ნაციონალურ მოძრაობა 52 % კი არა, რატომ 92 % არ დაუწერეს“, - აცხადებს ძიძიგური.