მართალია, კახა ბენდუქიძე საქართველოს მთავრობის წევრი აღარ არის, მაგრამ მის “უკვდავ იდეებს” არც ამჟამინდელი ხელისუფლება ღალატობს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დღის წესრიგში დგას მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების საკითხი, რომელსაც ერთადერთი მყიდველი - რუსული “გაზპრომი” - ჰყავს. ბენდუქიძის გავლენა სააკაშვილსა და მის გუნდზე იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გაზსადენი უკვე სპეციალური ნუსხიდანაც კი ამოიღეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ლაშა თორდია გაზის მაგისტრალური მილსადენის დაგეგმილ პრივატიზებას და ამ მიზნით მისი შესაბამისი სახელმწიფო ობიექტების ნუსხიდან ამოღებას დაუფარვად ადასტურებს.
„იყო დრო, როცა კაშხლები, „თელასი“ და მსგავსი ტიპის ობიექტები სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდა და მოსახლეობას არც გაზი და არც ელექტოენერგია მიეწოდებოდა. ქვეყნაში ენერეგეტიკული პრობლემები სწორედ ამ ობიექტების პრივატიზების შემდეგ მოგვარდა. მომავალში შეიძლება, გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზებაც განხორციელდეს, რაც კანონისა და ქვეყნის ინტერესების დაცვით მოხდება“, - განაცხადა თორდიამ, რომლის აზრით, ამ შემთხვევაში ობიექტის „სტრატეგიულობაზე“ საუბარი „მოძველებული მიდგომაა“.
რამდენიმე წლის წინათ ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას დაჟინებით მოითხოვდა. რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან მთავრობა დაარწმუნა, რომ მაგისტრალური გაზსადენი უნდა გაყიდულიყო. მყიდველი კი, რა თქმა უნდა, „გაზპრომი“ იქნებოდა. „გაზპრომი“ გაზსადენში 300 მილიონი დოლარის გადახდასაც კი აპირებდა.
თუმცა, თბილისში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ ამ საკითხზე სიტყვა აღარავის დაუძრავს. ბენდუქიძე ამტკიცებდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია დიდ თანხას საჭიროებდა, რისი გაღებაც საქართველოს მწირ ბიუჯეტს არ შეეძლო. რეაბილიტაციისთვის ბუშმა ხელისუფლებას მილიონები აჩუქა და ამით გააჩუმა. მაგისტრალის გაყიდვაც რამდენიმე წლით, ესე იგი ამ დრომდე გადაიდო.
ქართველი ექსპერტები ხელისუფლებას გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. როგორც ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, გაზის მაგისტრალური მილსადენის შესყიდვით მხოლოდ რუსეთი თუ დაინტერესდება.
„გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზებაზე დიდი ხანია, მიმდინარეობს საუბრები. ერთადერთი, ვინც ამ თემით შესაძლოა, დაინტერესდეს, რუსეთია. „გაზპრომის“ გარდა, სხვას ვერავის ვხედავ, ვინც მილსადენის შესყიდვით დაინტერესდებოდა. ამიტომაც გაუგებარია, რა მოტივებით ხელმძღვანელობს ჩვენი ხელისუფლება, როცა მილსადენის პრივატიზების აუცილებლობაზე საუბრობს?!“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მაგისტრლური მილსადენის შესყიდვის სურვილი სომხეთის ენერგოსისტემას გაუჩნდეს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს უკანასკნელი ისევ რუსეთის „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა.
„ხელისუფლების წარმომადგენლებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე წარმოდგენა არ აქვთ. მათთვის ეს სიტყვა ან სრულიად გაუგებარია, ან მხოლოდ გაზისა და შუქის გამართულ მიწოდებას ნიშნავს. გაზის მაგისტრალური მილსადენის პრივატიზება მრავალპარამეტრიანი და რთული თემაა, ამიტომ როდესაც ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები კეთდება, მათ პროცესების შესაძლო განვითარებაზეც უნდა იფიქრონ“, - დასძინა ექსპერტმა.
მაგისტრალური მილსადენის შესაძლო პრივატიზებას ხელისუფლებას არც „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის“ ექსპერტი დავით ნარმანია ურჩევს.
„გაზის მაგისტრალური მილსადენის გაყიდვაზე სუბრები ჯერ კიდევ კახა ბენდუქიძის სახელმწიფო მინისტრობის დროს მიმდინარეობდა. მაშინ ძალიან აქტიური კამპანია ჩატარდა ამ პროცესის შესაჩერებლად. ვფიქრობ, დღესაც იგივე უნდა განმეორდეს“, - განუცხადა სააგენტო „პირველს“ ნარმანიამ.
„ბოლო პერიოდში გაზის ტრანსპორტირების სისტემები ძალიან ფასობს და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ფასეული გახდება, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ არა მის გაყიდვაზე, არამედ იმაზე უნდა იფიქროს თუ როგორ შესძლებს თავად უფრო ეფექტურად გამოიყენოს აღნიშნული მილსადენი“, - აღნიშნავს კიდევ ერთი ექსპერტი დემურ გიორხელიძე.