როდის არის სასამართლო დამოუკიდებელი და როდის ენდობა მას ხალხი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, გთავაზობთ ინტერვიუს ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთან სამართლებრივ საკითხებში, ლევან ადეიშვილთან.
ლევან ადეიშვილი: “ადამიანის უფლებები დემოკრატიული საზოგადოებისა და შესაბამისად, სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის უმაღლესი ფასეულობაა. ნებისმიერ ქვეყანაში სასამართლო სისტემის და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დაცული იქნეს მოქალაქეთა უფლებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნების დემოკრატიულ თუ ეკონომიკურ განვითარებას ექმნება რეალური საფრთხეები და ვერ ხორციელდება მოქალაქეთა თავისუფლების უმაღლესი მიზანი - თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული სახელმწიფო.
მსოფლიოში ადამიანი არ მეგულება, თავისუფლება რომ არ უყვარდეს. საქართველოში კი, ვფიქრობ, ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ თავისუფლების სიყვარული და შესაბამისად, ყოველგვარ სახელმწიფო, თუ საზოგადოებრივ საქმიანობას მოსახლეობის მიმართ პატივისცემა დავუდოთ საფუძვლად.
რა როლი აკისრიათ ამ ”საქმეში” მოსამართლეებს?
- მოსამართლეებმა ყოველდღიური ქმედებებით მუდმივად უნდა ამტკიცონ დამნაშავის დასჯის უკეთესი წესი, რათა არ დაემსგავსონ მათ. საქართველოში ხშირად საუბრობენ სასამართლოებში დამოუკიდებლობის არარსებობაზე და სისტემის უუნარობაზე, გამოიტანოს ობიექტური განაჩენი.
თუმცა, საუბარი საუბრად რჩება ხოლმე. შესაბამისად, ციხეში უფრო მეტია დღეს ის, ვისი სიმართლეც სასამართლოში არ დამტკიცდა.
- გეთანხმებით. კონკრეტულ საქმეებზე დამდგარი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკური მონაცემებიც გამაოგნებელია. მაგალითად: 2010 წელს 20 ათას 208 პირის მიმართ სასამართლოების მიერ განხილული სისხლის სამართლის საქმეებიდან, მხოლოდ 8 პირზეა გამამართლებელი განაჩენი გამოტანილი, ანუ 0,03 %-ის მიმართ, ხოლო ნაწილობრივ გამამართლებელი გაანჩენ -, მხოლოდ 54 პირის ანუ 0,26%-ის მიმართ.
თუ გადავხედავთ მსოფლიო პრაქტიკას, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამამართლებელი განაჩენები 15-20%-ს შეადგენს, ევროპის ქვეყნებში - 20-25%-ს, ჩინეთსა და რუსეთში - 1%-ს, ბელორუსიაში 0,3%-ს. თუ გავიზიარებთ ხელისუფლების პოზიციას, რომ ჩვენი სასამართლო ობიექტური და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს იღებს, მაშინ საქართველოსა და ბელარუსში მსოფლიოში ყველაზე პროფესიონალი გამომძიებლები და პროკურორები მუშაობენ, რომ არაფერი ვთქვათ მოსამართლეებზე.
ხელისუფლებას თუ ვერწმუნებით, სასამართლო რეფორმა წარმატებულად მიმდინარეობს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოც შემოვიღეთ, როგორც აშშ-ში...
- საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან შემოვიდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. უკვე, თითქმის, 6 თვე გავიდა და ჯერჯერობით, არცერთი საქმე არ განხილულა ნაფიცი მსაჯულების მიერ. აღნიშნულ პერიოდში თბილისის მასშტაბით ნაფიც მსაჯულთა ქვემდებარე დაახლოებით 7 საქმეზე 109 მუხლით წარიმართა გამოძიება ბრალდებულ პირთა მიმართ, თუმცა მიუხედავად საზოგადოებაში გაწეული პროპაგანდისა და პიარაქციებისა სასამართლოების დამოუკიდებლობის შესახებ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საერთოდ სასამართლოების მიმართ განსასჯელთა მხრიდან და რაც მთავარია, საზოგადოების მიერ ნდობის ფაქტორი დაბალია.
მე მხარს ვუჭერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოსვლას საქართველოში, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯად მიმაჩნია, თუმცა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი პირველ ეტაპზე მხოლოდ 109 მუხლით, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და მხოლოდ თბილისის მასშტაბით შემოსულიყო მსაჯულთა სასამართლო. ანტიკრიზისული საბჭოს სახელით წარდგენილ რეკომენდაციებში ვითხოვდი, პირველ ეტაპზე ნაფიც მსაჯულებს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები განეხილათ. თუმცა, ჩემი ინიციატივა არ გაიზიარეს და შედეგიც სახეზეა. ამიტომაც, აუცილებლად მიმაჩნია, ქვეყანაში გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა და პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და გამჭირვალე სისტემის ფორმირება მოხდეს.
იუსტიციის საბჭოს რეფორმის და მოსამართლეთა დანიშვნის გამჭირვალე სისტემის მიღების გარდა, რეალურად, დამოუკიდებლობის რა ნიშნები უნდა გააჩნდეს სასამართლო სისტემას, რომ დამოუკიდებლად ჩაითვალოს?
- უნდა განვსაზღვროთ, რა არის დამოუკიდებლობა და რა ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლო სისტემა.
დამეთანხმებით, ალბათ, არსად მსოფლიოში მოსამართლეები აბსოლუტურად დამოუკიდებელნი არ არიან, ვინაიდან მოსამართლე ვაკუმში არ ცხოვრობს. მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზემოქმედებას ახდენს სტრუქტურული, ინსტუციონალური, კულტურული და საზოგადოებრივი შეზღუდვები. ამიტომ საკითხი მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე, წარმოადგენს კითხვას მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის შესახებ და მისი მთავარი ელემენტი შემდეგია: ყოველგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური ან სოციალური ფაქტორების ზემოქმედების გარეშე მოსამართლეს დამოუკიდებლად შეეძლოს გადაწყვეტილების მიიღება, ანუ კანონის თავისუფლადა და მიუკერძოებლივად გამოყენება.
უფრო კონკრეტულად, რა დამოუკიდებლობის ფორმებსა და მოთხოვნებზე საუბრობთ?
- დამოუკიდებლობა გულისხმობს სტრუქტურულ დამოუკიდებლობას, ანუ როცა სასამართლო ხელისუფლება რეალურად არის გამოყოფილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. თუმცა, როდესაც სასამართლოს ბიუჯეტი და მისი გაზრდა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელშია, შეუძლებელია, ვისაუბროთ მის ფინანსურ დამოუკიდებლობაზე.
დამოუკიდებლობის მრავალი ფორმა და მრავალი ასპექტი არსებობს. ერთ-ერთი გახლავთ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და, აქედან გამომდინარე - მოქალაქეთა ნდობის ფაქტორი სასამართლო პროცესისადმი. საზოგადოებაში უნდა იყოს შეგრძნება, რომ მოსამართლეები სამართლიანები, მიუკერძოებულები არიან, მოსამართლე არ იღებს დამატებით შეღავათებს და პრივილეგიებს მისი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კანონი ყველასათვის ერთნაირად გამოიყენება. სასამართლო ხელისუფლება ნამდვილად არის დამოუკიდებელი იმ ქვეყნებში, მაგალითად - ამერიკის შეერთებულ შტატებში - სადაც მას გააჩნია საზოგადოების ნდობა და არა ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც სასამართლოს მხოლოდ ხელისუფლება ენდობა.
ამერიკის შეერთებული შტატები ახსენეთ - ქვეყანა, რომელიც, სიტყვიერად მაინც, მისაბაძად ითვლება, როგორ ესმით იქ სასამართლოს დამოუკიდებლობა?
- ნებისმიერ ქვეყანაში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მისაღწევად აუცილებელია, მოსამართლეთა ინსტიტუციონალური დაცვა, რომელიც მოიცავს ვადას (რა ვადითაც ინიშნება მოსამართლე) და ხელფასის ოდენობას. ანუ, თუ არსებობს ხელისუფლების მიერ ერთით, ან მეორით მანიპულირების საშუალება, მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას არ გააჩნია რეალური დაცვა.
საქმე ისაა, დაცული არიან თუ არა მოსამართლეები პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ზეწოლისგან, თუ ისინი იმდენად კომფორტულად არიან, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის არ შეიძლება სანქციები გამოყენებული იქნეს მათ მიმართ. ამიტომ, დაცვის მექანიზმი, რაც აძლევს მოსამართლეებს დამოუკიდებლობას, უნდა იყოს დაბალანსირებული დისციპლინარული ზემოქმედების მექანიზმებით მოსამართლეთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ეთიკის ნორმებს, ან სჩადიან დანაშაულს.
ასევე, მნიშვნელოვანია სასამართლო დისციპლინა, ანუ მხოლოდ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, გამოიყენოს დისციპლინარული დევნის ღონისძიებები სხვა მოსამართლეთა მიმართ, რაც წარმოადგენს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან ელემენტს. თუკი, რეალურად, თვითონ მოსამართლეები აგებენ პასუხს ზემოქმედების ზომებზე სხვა მოსამართლეთა მიმართ, მაშინ ზემოქმედების ზომების გამოუყენებლობაში უკვე აღარ შეიძლება ხელისუფლების სხვა შტოების დადანაშაულება და ეს დამოუკიდებლობის კიდევ ერთი ნიშანია.
ძალზედ მნიშვნელოვანია სასამართლოს გამჭირვალეობის სტანდარტი და მეთოდები, რითაც ხდება ინტერესთა კონფლიქტის, ანუ მოსამართლეთა თვითაცილების საკითხის გადაწყვეტა იმ საქმეებზე, სადაც შესაძლებელია, არსებობდეს პირადი, ან ფინანსური დაინტერესება. დამოუკიდებელი მოსამართლე არის მოსამართლე, რომელიც არ მოქმედებს პირადი ან ფინანსური კავშირებით, ანუ თუკი მოსამართლეს აქვს უფლებამოსილება და უნარი თვითაცილების, როცა ეჭქვეშ დგება ობიექტურობა, მაშინ სასამართლო ინსტიტუტს აქვს დამოუკიდებლობის ნიშნები.
და მაინც, რა მიგაჩნიათ სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარ ნიშნად?
- როგორც აღვნიშნე, დამოუკიდებლობის ბევრი ნიშანი არსებობს, რომელთაგან დღეს ზოგიერთს შევეხეთ. თუმცა, დამოუკიდებლობის მთავარი ნიშანია, მოქალაქეთა მიერ სასამართლო განხილვისადმი და პროცედურისადმი პატივისცემა, მიუხედავად იმისა, ისინი ეთანხმებიან თუ არა გადაწყვეტილებას. მთავარია, მოქალაქეები სცემდნენ პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც მათ იციან და დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის “ნაყიდი” და მასზე ზემოქმედება არ მოუხდენია პირად, ფინანსურ თუ პოლიტიკურ შეხედულებებს. გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში საზოგადოების მიერ მიიღება, აღიქმება მიუკერძოებლად და სამართლიანად, რაც, ფაქტობრივად, ჩრდილავს დამოუკიდებლობის ყველა სხვა ნიშანს.