დღეს არსებული მედია-საშუალებები გასართობ-მუსიკალურ მაუწყებლებად შეიძლება გადაკეთდნენ, თუ 18 აპილს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე დაამტკიცებენ მათივე დაკვეთით, კომპანია ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
”ბისიჯის” მიერ დადებული შედეგით, მოსახლეობას აინტერესებს მუსიკალური, გასართობი პროგრამები, მხატვრული ფილმები და იუმორისტული გადაცემები, ხოლო პრიორიტეტებში შემეცნებითი პროგრამები მეშვიდე-მერვე ადგილზეა. წარმოდგენილი კვლევის შედეგს ზვიად ქორიძე ეჭვქვეშ აყენებს.
რატომ აყენებთ ეჭვქვეშ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგს?
ზვიად ქორიძე: ეს კვლევა 3 წლის მანძილზე ტარდებოდა - როგორც თავად ამბობენ, 2008-ში დაიწყო, 2009-ში დეტალების დამუშავება და დაზუსტება მოხდა და 2010 წლის ივნისში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცეს.
2008 წლის ოქტომბერში, როცა ომიდან 2 თვე იყო გასული, ძნელი წარმოსადგენია მოსახლეობას მუსიკალურ-გასართობი პროგრამების განწყობა ჰქონოდა. დავუშვათ, მას საინფორმაციო პროგრამები დიდად არ სჭირდებოდა, მაგრამ არა მგონია მუსიკალურ-გასართობი პროგრამები ყოფილიყო მოსახლეობის მაქსიმალური მოთხოვნა.
ჩემთვის უცნობია რისი დაზუსტება მოხდა 2009 წლის დეკემბერში, რადგან ამ კომისიის სხდომაზე ”ბისიჯის” წარმომადგენელს არ უთქვამს რა ხარვეზი იყო დასაზუსტებელი, მაგრამ პრაქტიკულად ჩანს, რომ ამ შედეგების რევიზია ზუსტად მაშინ მოხდა და გამოიკვეთა, რომ დღეს თურმე მოსახლეობას უფრო მეტი გართობა სურს.
ბუნებრივია, ისეთი საინფორმაციო პროგრამები, როგორიც დღეს გადის, მოსახლეობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათთვის ეს მეშვიდე-მერვე ხარისხოვანია.
კვლევის ჩატარების თვალსაზრისით, იქ არის კიდევ ძალიან ბევრი დეტალი, რომელთა მიმართებაშიც კითხვის ნიშნები ჩნდება, მაგრამ ამ საკითხების მიმართ ყველას ჩვენი პირადი დამოკიდებულება გვაქვს; ჟურნალისტებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მოქალაქეებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გვაქვს და ვაკვირდებით, რომ ინფორმაციაზე მოთხოვნა ყოველთვის ძალიან დიდია, განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სადაც სოციალური დისჰარმონიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სადაც ტერიტორიული პრობლემებია, სადაც მაღალი საგარეო საფრთხეებია და ასე შემდეგ.
ძალიან უცნაურია, როდესაც 2011 წელს იდება ასეთი კვლევის შედეგები, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ პრიორიტეტებისთვის საფუძვლად უნდა გამოიყენოს და მან განსაზღვროს, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში საზოგადოების მთავარი მოთხოვნილება იქნება მუსიკალურ-გასართობ პროგრამაზე.
თქვენი აზრით, რატომ დადეს ახლა ასეთი შედეგი?
- რეალურად, 2011-2013 წლები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება. ასეთ დროს აი, ამ ფორმით ინფორმაციის დეფიციტის შექმნა, მსუბუქად, რომ ვთქვათ, საკმაოდ არასწორია, მაგრამ ფაქტობრივად, ეს შეიძლება საზოგადოების წინაშე დამნაშაულებრივი იყოს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ კომუნიკაციების კომისია სახელმძღვანელოდ გამოიყენებს ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგებს?
- კომისიას კანონი აძლევს საშუალებას, რომ ამ კვლევის საფუძველზე პრიორიტეტები განსაზღვროს.
რა მექანიზმის გამოყენებით შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ ”ბისიჯის” კვლევის შედეგები?
- 5 მარტს გამართულ კომისიის სხდომაზე, როდესაც ვუთხარით, რომ იქნებ არ გამოეყენებინათ ბაზისად ამ კვლევის შედეგი და პრიორიტეტები ისე მიეღოთ, მათ იკითხეს - ”მაშინ, რის საფუძველზე განვსაზღვროთ პრიორიტეტები?”
დარწმუნებული ვარ, უკეთეს ვარიანტში, მათ უნდა იხელმძღვანელონ არა ამ კვლევით, არამედ ყველა კვლევით, რომელიც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში დახვეწილი მეთოდოლოგიითაა გაკეთებული, რის შედეგადაც გამოჩნდება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს მოთხოვნილება: ჟურნალისტურ გამოძიებებზე, შემეცნებით გადაცემებზე, სერიოზულ ანალიტიკურ პროგრამებსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებზე. ამის მოთხოვნილება საზოგადოებაში არის, რადგან სხვადასხვა კვლევის მასალები ამას ადასტურებს.
ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია რჩება მხოლოდ საკუთარი დაკვეთით გაკეთებული კვლევის იმედად, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიმაჩნია საკმაოდ არასწორ ქმედებად.
შესაძლებელია თუ არა ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგები გავრცელდეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე?
- კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას საშუალება აქვს არსებულ სამაუწყებლო ლიცენზიებს იმ პრიორიტეტების მიხედვით გაუკეთოს მოდიფიკაცია, რომელსაც დაამტკიცებს. ასე რომ, თუ დაამტკიცა, პრიორიტეტები განსაზღვრა და მასში გამოიკვეთა, რომ მოთხოვნები არის სპეციალიზებულ არხებზე, ქვეყანაში მაუწყებლობის ლიცენზიები უნდა გაიცეს, რადგან მუსიკალური, გასართობი, სპორტული და იუმორისტული პროგრამები სპეციალიზებულ ლიცენზიებს ითხოვენ.
ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაცემული ლიცენზიების რევიზია შეიძლება დაიწყოს და კონკრეტულ მაუწყებლებს მათი ლიცენზიების მოდიფიკაციის მოთხოვნით მიმართოს.
მაგალითად, თუ ”იმედს” ექნება სურვილი, გახდეს მუსიკალურ-გასართობი პროგრამების მაუწყებელი და კომუნიკაციების კომისია ამას გადაწყვეტს, ან თავად შესთავაზებს, რომ ”იმედის” მაუწყებლობას მოდიფიკაცია გაუკეთოს, გამორიცხული არ არის ასე მოხდეს; ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქმედებაში თავისუფალია.
ანუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ ეს კვლევის შედეგები გაცემულ ლიცენზიებზე არ აისახება, მომავალზეა გათვლილიო?
- ამაზე თავს ვერავინ დადებს. თუ აკაკი მინაშვილმა იცის, რომ პოლიტიკური შეკვეთის თანახმად, ეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე არ გავრცელდება, მაშინ მას შეიძლება ვენდოთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომლის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას არავინ დაავალებს არსებული ლიცენზიების მოდიფიკაციას, მაგრამ კომუნიკაციების კომისია ფორმალურად დამოუკიდებელია და მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს; არაფორმალურად, მისი რომელიმე წევრი პოლიტიკურ მმართველობასთან რა მოლაპარაკებებს გამართავს, ეს არავინ იცის და, დამერწმუნეთ, არც აკაკი მინაშვილს ეცოდინება.
თქვენი არზით, რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიამ უარი თქვას საეჭვო კვლევის შედეგებზე?
- ამ ათი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს, იმიტომ, რომ 18 აპრილს კომისია იკრიბება. უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მეტი საჯარო განცხადება, იყოს მეტი საჯარო აქტივობა - 18 აპრილის კომისიის სხდომაზე უნდა მივიდეთ, ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ. როდესაც კომისია სამოქალაქო ჯგუფებისგან სხვადასხვა მოსაზრებას მოისმენს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.