რუსი ოკუპანტები აფხაზურ სამღვდელოებასაც დაერივნენ. სოხუმის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ახალი წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი (ვინოგრადოვი) მიავლინა. ამის გამო აფხაზური მოსახლეობის ნაწილი „მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელ“ ბესარიონ აპლიას სრულ უნდობლობას უცხადებს.
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელისა და სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიათა მმართველის ბესარიონ აპლიას არაერთი მოთხოვნის შედეგად, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის მონასტერში, ახალ ათონში ახალი იღუმენი მიავლინა.
მონასტერს ეფრემ (ვინოგრადოვი) უხელმძღვანელებს“, - იუწყება აფხაზური მედია და აღნიშნავს, რომ ახალ წინამძღვართან ერთად, „აფხაზეთში რუსული მონასტრული ცხოვრების ტრადიციის ასაღორძინებლად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ბერებიც ჩავიდნენ“.
საქართველოს საპატრიარქო არ ადასტურებს რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციას. საპატრიარქოს ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდნენ რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილებას და განმარტებები მოითხოვეს.
რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილარიონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან საუბარში ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
ამ ფონზე, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელ“ ბესარიონ აპლიას უნდობლობას უცხადებს. ახალ ათონში იღუმენ ეფრემის (ვინოგრადოვის) დანიშნვასთან დაკავშირებით შეკრება გაიმართა.
წმინდა სიმონ კანანელის ეკლესიაში ორასამდე ადამიანი შეიკრიბა და მღვდელ ბესარიონ აპლიას, რომლის თხოვნითაც მოსკოვის საპატრიარქომ მონასტერში ვინოგრადოვი გაგზავნა, უნდობლობა გამოუცხადა.
როგორც შეკრებაზე აღინიშნა, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემების გადასაწყვეტად საეკლესიო-სახალხო კრების მოწვევაა აუცილებელი.
ცნობილი გახდა ასევე, რომ 15 მაისს სიმონ კანანელის მონასტერში საეკლესიო-სახალხო კრების ჩატარება იგეგმება, რომელზეც „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, ყველა სახელმწიფო ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო წრე იქნება მიწვეული“.
მანამდე კი გაირკვა, რომ რუსი წინამძღვარის დანიშნა აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ე.წ. ხელმძღვანელისა და სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიათა ე.წ. მმართველის ბესარიონ აპლიასა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის ფარული გარიგების საფუძველზე მოხდა.
აფხაზეთის სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები სწორედ აფხაზი ეროვნების უნდა იყვნენ. სასულიერო პირთა უკმაყოფილებას ასევე იწვევს ბესარიონ აპლიას გააქტიურებული და ფარული ურთიერთობები რუსეთის საპატრიარქოსთან, მისი თვითნებური ქმედებები და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება.
საერო და სასულიერო შეკრებაზე მიიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, შემდეგი შეკრება როგორც უკვე აღვნიშნეთ, 15 მაისს გაიმართება:
„ჩვენ, ღვთისმსახურები, ბერები, საერო პირები და ყველა სულიერი შვილი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მართლმადიდებელ ახალგაზრდებთან და ყველა მასთან ერთად, ვინც დღეს აქ მოვიდა, აქ წმინდა სვიმონ კანანელის მონასტერში ახალ ათონში, ადგილზე საიდანაც დაიწყო სახარების ქადაგება ჩვენი ხალხის წინაპრებისათვის და ადგილზე სადაც ჩვენს დროში უმრავლესობა ნათელს იღებს. შეშფოთებას გამოვხატავთ მონასტერში მცირე ხნის წინ მომხდარი ამბების გამო.
ჩვენთვის უტყუარად ცნობილი გახდა, რომ მღვდელ ბესარიონ აპლიასა და მოსკოვის საპატრიარქოს შორის საიდუმლო შეთანხმება მოხდა, რომლის მიხედვითაც წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად იეროდიაკონ ანდრეი (ამპარის) ნაცვლად, იღუმენი ეფრემ (ვინოგრადოვი) დაინიშნა, რომელიც აქ სხვა ბერებთან ერთად ჩამოვიდა.
კიდევ უფრო შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ ბესარიონ აპლიამ ეს გადაწყვეტილება, მიიღო აფხაზეთის მართლმადიდებელი ხალხისგან მალულად და ფარულად, ერთპიროვნულად მიიღო და იგი აფხაზეთის ტაძრებისა და მონასტრების ბედს ასევე ერთპიროვნულად განაგებს.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საბოლოოდ დაკარგული გვაქვს ნდობა ღვთისმსახურ ბესარიონ აპლიას მიმართ და სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ, არა მხოლოდ ახალი ათონის მონასტრის ბედით, არამედ მთელი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი ბედით. ამიტომაც ჩვენ შემდეგი გადაწყვეტილება მივიღეთ:
1. 2011 წლის 15 მაისს მოწვეულ იქნეს საეკლესიო-სახალხო შეკრება წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში ახალ ათონში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ახლანდელი მართლმადიდებული ეკლესიის ყველა სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო მმართველობის ყველა სტრუქტურის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფართო სპექტრი იმისათვის რათა ღიად განვიხილოთ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი ბედი.
2. ამ საეკლესიო -სახალხო შეკრებაზე მოწვეულ იქნენ - აფხაზეთის სასულიერო წარმომადგენლები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან. კერძოდ, იეროდიაკონი დოროფეი (დბარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია) და მორჩილი ლეონი (აჯინჯალი).
3. საეკლესიო-სახალხო შეკრების ორგანიზება დაევალოს იეროდიაკონ ანდრეის (ამპარი) მონასტერში მყოფი სასულიერო პირებისა და მონასტრის თანამშრომლების დახმარებით.
სასულიერო სახალხო შეკრების მონაწილეთა ხელმოწერა (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, ხელმოწერა).
შეგროვდა სულ ხელმოწერები 30 A4 გვერდზე“.