Wikileaks-მა როგორც იქნა გადაწყვიტა დავა იმის შესახებ, თუ ვინ ვის დაესხა თავს პირველად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში. დოკუმენტები მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს და მისი მეგობარი ზესახელმწიფოს გათვლა მცდარი იყო. თუმცა, ჰანს მორიტცენისთვის, ეს ისტორიული დეტალები მეორე პლანზე გადადის იმ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხის ფონზე, როგორიცაა „გადატვირთვის“ შემდეგ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება.
ჯერ კიდევ მიმდინარეობს დავა იმაზე, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვიტოს რუსულ-ქართული ომი. ორივე მხარე ენერგიულ კამპანიას აწარმოებდა მოვლენათა ინტერპრეტაციის საკუთარი ვერსიის სასარგებლოდ, რაც მისაღები უნდა გამხდარიყო პრესისა და სხვა ქვეყნებისთვის. ახლა ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს: Wikileaks-მა ამ კითხვას დასაბუთებული პასუხი გასცა. მან ნათელი მოჰფინა ასევე ამერიკულ-რუსულ „გადატვირთვას“ და იმას, თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის.
დავიწყოთ იმით რაც სადაო არ არის. ყველა აღიარებს იმას, რომ აგვისტოს დასაწყისში ომს წინ უძღოდა სროლები და ძალადობა სამხრეთ ოსეთში, შეტაკებები ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმისადმი ლოიალურ რაზმებს და თბილისისადმი (ქართული მთავრობისადმი) ლოიალურ ძალებს შორის. ანალოგიურად, უმრავლესობა ეთანხმება იმ ფაქტს, რომ 7 აგვისტოს 23:35 სთ-ზე საქართველომ ცხინვალის მასირებული და განურჩეველი დაბომბვა დაიწყო (სხვა ყველაფერთან ერთად „გრადის“ არტილერიის გამოყენებით). ხოლო საკითხი, რომლის გარშემოც დიდიწილად უთანხმოება წარმოიქმნა იყო ის, მიაჩნდათ თუ არა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, რომ რუსეთის არმია ამ შეტევის დაწყებამდე უკვე შემოჭრილი იყო საქართველოში.
თავიდანვე, საქართველოს მიერ 8 აგვისტოს ღამით 1:47 სთ-ზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საუბარია მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოსულ მოხალისეთა გასამხედროებულ რაზმებზე და არა რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის ნაწილებზე. თუმცა სამ დღეში, ქართველებმა შეცვალეს ოფიციალური ვებ-გვერდების მონაცემები (როგორც ეს იორგენ სთაუნის მიერ არის დოკუმენტირებული) და ახალი ვერსია გაავრცელეს, რომელიც დღემდე პრევალირებს: საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რუსული ინტერვენცია 23:30 სთ-ზე, ცხინვალის დაბომბვამდე ხუთი წუთით ადრე (საინტერესოა, რატომ იხარჯებოდა ქართული რესურსები ასეთ მიზნებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის პირობებში, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა). ამ შესწორებულ ქართულ ვერსიას რუსეთი უარყოფს (რომელიც საკუთარი არმიის შეჭრას 8 აგვისტოს ღამის 2:30 საათით ათარიღებს). მასში (შესწორებულ ქართულ ვერსიაში) ეჭვი შეაქვს ასევე „ფაქტების დამდგენ დამოუკიდებელ საერთაშორისო მისიას“, რომელმაც ვერ მოიძია იმის დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი, რომ ინტერვენცია უფრო ადრე განხორციელდა. ქართული მხარე ვერსიების შეცვლას (კერძოდ, ინტერვიუში, რომელიც ამ სტატიის ავტორმა ჩაწერა) იმით ხსნის, რომ პირველი ვერსია რუსებისთვის ერთგვარი „ლეღვის ფოთლის“ ფუნქციას ასრულებდა, რომ მათ კონფლიქტი ისე დაეტოვებინათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე „სახე შეენარჩუნებინათ“.
თუმცა, Wikileaks-ის კონფიდენციალური დოკუმენტები ამერიკის თბილისის საელჩოდან, აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს ხატავს. 8 აგვისტოს დილის 10:10 სთ-ზე ელჩი ჯონ ტეფტი ვაშინგტონს ატყობინებდა, რომ „თუ ქართველები მართლები არიან, და ბრძოლები ფაქტობრივად დასრულებულია [ანუ ქართული გამარჯვება], მაშინ აბსოლუტურად გაურკვეველია, როგორი იქნება რუსების როლი, და არსებობს თუ არა კონფლიქტის გაფართოვების პოტენციალი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ მომენტისთვის რუსები არანაირ ქმედებებს არ მიმართავდნენ. მეტიც, სააკაშვილი წუხდა, რომ სამხრეთ ოსეთის ბრძოლები „რუსებისთვის შეიძლება საბაბი გამხდარიყო, და არ არის გამორიცხული რომ შემდგომში შეიძლება შეტევა განხორციელდეს“. ასევე არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოაწყო დილით ბრიფინგი დიპლომატიური კორპუსისთვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და „მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ არანაირ ქმედებებს არ მიმართოს“. და ბოლოს, აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ „არსებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ოსები დღეს რუსებს ღალატში ადანაშაულებენ“, – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოვლენებს გარედან, პასიურად აკვირდებოდნენ. ეს ყველაფერი ცალსახად ეწინააღმდეგება მოვლენების მეორე (გაბატონებულ) ქართულ ვერსიას, რომელიც რონ ასმუსმა კრიტიკის გარეშე გაიზიარა.
ყველაფერი ზემოთთქმული მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ცხინვალის დაბომბვა ადგილობრივი „ბანდიტებისთვის“ ჭკუის სწავლების მცდელობა იყო და არსებობდა ვარაუდი, რომ რუსეთს ასეთი მძლავრი რეაქცია არ ექნებოდა. ცხადია, ეს გულუბრყვილო შეფასებაა, მაგრამ ქართველები, როგორც ჩანს შეცდომაში შეიყვანა აშშ/დასავლეთის საუბრებმა იმის თაობაზე, რომ ფათომასშტაბიანი ინტერვენცია „21-ე საუკუნეში წარმოუდგენელია“. ამ არასწორ მსჯელობასთან სრულ შესაბამისობაში, ამერიკის თანამგზავრული დაზვერვა კრიტიკულ მომენტში ერაყის, ავღანეთისა და პაკისტანისკენ იყო მიმართული. აშშ და შესაბამისად საქართველო, ვერ ამჩნევდნენ რუსეთის არმიის კონცენტრაციის ზრდას საქართველოს საზღვართან (მართალია წინა წლებში საქართველომ მკვეთრად გაზარდა თავდაცვის ხარჯები, თუმცა ამავდროულად დაზვერვის ხარჯები შეამცირა, ბრმად ენდო რა ამ საქმეში ამერიკელებს). ასეთმა სიბეცემ საკუთარი წვლილი შეიტანა ცხინვალის დაბომბვის ფაქტობრივად სუიციდურ გადაწყვეტილებაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ერაყის კოალიციაში, მან ავღანეთში მონაწილეობის ვალდებულებაც აიღო, ამიტომ არ არის გასაკვირი ის, რომ საქართველოს მიაჩნდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანა მისმა მეგობარმა ზესახელმწიფომ. Wikileaks სხვა მითების დანგრევისთვისაც სასარგებლოა, როგორიცაა რუსეთის ბრალდებები, თითქოს მოვლენებს ვაშინგტონი მართავდა, რის გამოც საქართველომ ომი დაიწყო. არადა, როგორც ჩანს, სწორედაც რომ პირიქით იყო, აშშ ნებისმიერ მსგავს ინიციატივას ეწინააღმდეგებოდა. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული წერილები ცხადყოფს, რომ აშშ-ს საელჩო თბილისში და მასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტი ისეთივე საინფორმაციო ვაკუუმში იყო, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სააომარი მოქმედებების დაწყების წინ – და ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმ დროს 130 ამერიკელი სამხედრო მრჩეველი იმყოფებოდა.
2009 წლის მარტში ინიცირებული ამერიკულ-რუსული გადატვირთვა, რომელიც მეორე წელია რაც მუშაობს, ამერიკის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ახალი სტატუს-ქვოს აღიარებას ნიშნავდა. გზავნილის ქვეტექსტი ასეთია: „ჩვენ არ მოგვწონს ის რაც მოხდა ომის დროს და ომის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, და მსოფლიოში არსებობს საქართველოზე გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: „შენ (რუსეთო) შეგიძლია გქონდეს საკუთარი ინტერესების სფერო, მაგრამ საეჭვოა, რომ ჩვენ ამას, როგორც ყოფილი ჰეგემონი, როდესმე ვაღიარებთ“. აი რატომ შემცირდა კიდევ უფრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისედაც მცირე შანსი. ამერიკის პერსონალური პრობლემების გარდა, არსებობდა ასევე საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც რუსეთთან ერთად იყო სასურველი: ამერიკული ფინანსური კრიზისის გლობალური ზეგავლენა, ირანთან ურთიერთობა, ავღანეთი, ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, შეიარაღებაზე კონტროლი, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ა.შ. აშშ-ს და რუსეთის ურთიერთობებმა ისეთ დონეს მიაღწია, რომ 2010 წლის ნოემბრის ნატოს ლისაბონის სამიტის შემდეგ ნატო-რუსეთის ერთობლივი ანტისარაკეტო ფარის გეგმების შესახებაც კი გამოცხადდა.
თეორიულ ლიტერატურაში „სუსტთა ძალის“ შესახებ შეთანხმებული მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ ძლიერთა შორის თანამშრომლობა – ამ შემთხვევაში აშშ-ს და რუსეთს შორის – სუსტებისთვის გაცილებით სახიფათოა, ვიდრე მათ შორის „საშუალო“ დონის კონფლიქტი; გაიხსენეთ ის, თუ როგორ დაკარგა შვედეთმა ფინეთი ნაპოლეონს და რუსეთის მეფეს შორის ტილზიტის შეთანხმების შემდეგ, ან პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების ბედი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შემდეგ.იმ შემთხვევაშიც, თუკი ამ კონკრეტულ მომენტში შედეგები ნაკლებად კატასტროფულია, სახელმწიფოები საკუთარი უსაფრთხოების სისტემებს შემდეგი საპირწონიდან – აშშ რუსეთის წინააღმდეგ – გამომდინარე აწყობდნენ (ასეთი ქვეყნებია ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, საქართველო და გარკვეულწილად აზერბაიჯანი) და ეს სახელმწიფოები დასუსტდნენ – ვიღაც უფრო მეტად, ვიღაც ნაკლებად. უკრაინა რუსეთის მხარეს გადავიდა. ბალტიისპირული სახელმწიფოები თავს საქართველოსთან აიგივებენ (ჰყავთ რა რუსული მოსახლოება ან მოქალაქეები საკუთარ საზღვრებში) და სულ უფრო მეტად გრძნობენ, რომ ნატოში მათი წევრობა სამხედრო ბაზების სახით ყოველგვარი ფიზიკური მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ არაფერია, ხოლო პოლონეთი მანამდე დაგეგმილი ანტისარაკეტო ფარის სისტემის ელემენტის გარეშე დარჩა, როდესაც, აშშ-მ რუსეთთან გადატვირთვის გამო ამ გეგემაზე უარი თქვა. ამტკიცებენ, რომ ამ ქვეყნებს ეს ყველაფერი აუნაზღაურეს, თუმცა, საეჭვოა, რომ თავად ისინი თავს სრულად დაკმაყოფილებულებად გრძნობდნენ; მაგალითად, ბალტიის ქვეყნებმა, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში მეხუთე მუხლის თანახმად „დაცვის გეგმა“ მიიღეს (რომელიც გასაიდუმლოებული იყო მანამ, სანამ ის Wikileaks-მა არ გაახმაურა). საქართველომ დიდი ოდენობით ამერიკული დახმარება მიიღო, მაგრამ არანაირი სამხედრო დახმარება 2008 წლის ომის შემდეგ.
„საქართველოსთან უფრო მჭიდრო და ძლიერ სამხედრო კავშირებზე გადასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ძალისხმევას რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მხრივ… ჩვენ ვერ ვხედავთ იმ გეოგრაფიული უპირატესობის, მოცულობისა და შესაძლებლობების განეიტრალების გზას, რომელიც რუსეთს აქვს“ (ინფორმაცია მოსკოვში ამერიკის ელჩის ჯონ ბაიერლის 2009 წლის ივნისის დეპეშიდან).
წასვლის წინ, ბუშის ადმინისტრაციამ საქართველოსთან ხელი მოაწერა „სტრატეგიული პრატნიორობის შესახებ ქარტიას“, მაგრამ ეს დოკუმენტი ყველაფერია სტრატეგიულის გარდა. ეს ფაქტობრივად „ლეღვის ფოთოლია“ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-მ მისი ურთიერთობა საქართველოსთან უკანა პლანზე გადაწია. შესაძლოა, ამის შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა საკუთარი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება, გააძლიერა რა კონტაქტები თურქეთთან და ირანთან. აშშ-ს წარმომადგენლები შეეცადნენ ქართველი კოლეგების დამშვიდებას იმ არგუმენტით, რომ ახლა საქართველო უფრო დაცულია, მას შემდეგ რაც ვაშონგტონი-რუსეთის ურთიერთობებში „გადატვირთვა“ ამუშავდა. თუმცა, რაღა თქმა უნდა, მათ ავიწყდებათ იმის დამატება, რომ გადატვირთვა გაცილებით მნიშვნელოვანია თავად აშშ-სთვის (ავღანეთთან და ირანთან დაკავშირებული თანამშრომლობა), ვიდრე რუსეთისთვის.
ჰანს
მორიტცენი
– დანიის სამეცნიერო კვლევების ინსტიტუტის (კოპენჰაგენი) უფროსი მკვლევარი
foreignpress.ge