ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ სხვადასხვა ენაზე მღერიან. „რვიანი“ მთავრობას ამომრჩეველთა სიების ფორმირებას და საარჩევნო სისტემის განხილვას სთავაზობს. საპარლამენტო უმრავლესობამ კი „ოპოზიციური რვიანის“ „რთული კონსტრუქციების“ ვერაფერი გაიგო. ოფიციოზი ვერც გაუგებდა მოდელს, რომელიც მომავალ პარლამენტში გარანტირებულ ადგილებს დააკარგვინებს.
„ოპოზიციური რვიანი“ ხელისუფლებას საკითხების ორ ჯგუფად დაყოფას და პირველი ეტაპისთვის ორი საკითხის – ამომრჩეველთა სიების ფორმირებას და საარჩევნო სისტემის განხილვას სთავაზობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „რვიანმა“, „თავისუფალი დემოკრატების“ ცენტრალურ ოფისში ერთობლივი განცხადება გააკეთა. განცხადების ტექსტი მედიის წარმომადგენელებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააცნო.
„რვიანი“ შესათანხმებლად ხელისუფლებას სთავაზობს, ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგეს და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე.
ასევე, მათ მიერ ადრე წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის პარალელურად, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის სრულფასოვან წარმომადგენლობას პარლამენტში, დამატებით წარმოადგენენ საარჩევნო სისტემის ორ მოდელს.
კერძოდ, ერთი მოდელი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით ერთიანი პარტიული სიებით.
ამასთანავე, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების (ბლოკების) მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება მათთვის პროპორციულ არჩევნებში მიცემული ხმების მიხედვით. შესაბამისად, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ყველა კანდიდატი მიიღებს მანდატს; ხოლო პარტიას პროპორციული არჩევნებიდან მიეკუთვნება მხოლოდ იმდენი მანდატი, რამდენიც საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის უზრუნველსაყოფად.
პარტია (ბლოკი) განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ მანდატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობას გადააჭარბებს პარტიის (ბლოკის) მიერ მაჟორიტარული წესით მოპოვებულ მანდატთა საერთო რაოდენობა;
რაც შეეხება მეორე მოდელს, „რვიანი“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის 2/3 უნდა აირჩეს პროპორციული სისტემით, ერთიანი პარტიული სიებით, ხოლო 1/3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50%-იანი ბარიერით.
ყველა სხვა დანარჩენი საკითხის განხილვას „ოპოზიციური რვიანი“ ამ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ აპირებს.
რაც შეეხება მოლაპარაკებათა ფორმატს, „რვიანი“ მზად არის, დადგენილი ფორმატით, მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებამდე, საჭიროების შემთხვევაში, ამ წინადადებებზე გამართოს ინდივიდუალური კონსულტაციები პროცესის ყველა მონაწილესთან.
ამასთანავე, მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ პროცესისადმი საზოგადოების მხარდაჭერას აქვს და ამ მიზნით, იწყებს მოსახლეობასთან შეხვედრებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად - საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, რომელიც დაეფუძნება ორ მთავარ პრინციპს:
„ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“ და საარჩევნო სუბიექტების მიერ მთელ საქართველოში მიღებული ხმებისა და პარლამენტში მიღებული მანდატების პროპორციულობას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი მემარჯვენეები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს გზა“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „ხალხის პარტია“.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობამ „ოპოზიციური რვიანის“ „რთული კონსტრუქციების“ ვერაფერი გაიგო და „ასეთი აბსურდის“ განხილვას არ აპირებს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი და სურთ ქართველი ხალხი და ამომრჩეველი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვონ და მთლიანი საარჩევნო კოდექსი საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს მოარგონ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს თბილისის პარტიულ ოფისებში 20-30 კაცის შეკრებით გადაწყვიტოს ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა.
ცისკარიშვილის განმარტებით, ოპოზიციის წინადადება გულისხმობს, რომ თუ რაიონს ეყოლება მაჟორიტარი, ასეთ შემთხვევაში პროპორციული სიით პარტია დეპუტატს პარლამენტში ვეღარ შეიყვანს.
„ამ კონსტრუქციით ხალხის ხმას აღარ მიენიჭება უპირატესობა და ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც პარტიულ ოფისებში გარიგდებდიან“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა და დასძინა, რომ ოპოზიციის აღნიშნული შემოთავაზება თვითონ არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამის გათვალისწინებით „ამ აბსურდულ წინადადებაზე მსჯელობა წარმოუდგენელია“.