რეალისტის პრიზმა: ლიბიამ ნატო-ს ყურადღება შეიძლება სამხრეთისკენ მიმართოს

რეალისტის პრიზმა: ლიბიამ ნატო-ს ყურადღება შეიძლება სამხრეთისკენ მიმართოს

აღმოსავლეთ-ევროპის დედაქალაქების რეაქცია ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე რამდენადმე მოულოდნელი იყო. ბევრი ელოდა რომ რუსეთი რომლის უარყოფითი დამოკიდებულება თავად ჰუმანიტარული ინტერვენციის პრინციპის მიმართ ცნობილია, გაერო-ს უშიშროების საბჭოში 1973 წლის რეზოლუციის დასაბლოკად ვეტო-ს უფლებას გამოიყენებდა. ბოლოს და ბოლოს, 1999 წელს კოსოვოში ჩარევის წინ სწორედ რუსეთის მტკიცე წინააღმდეგობამ აიძულა შეერთებულ შტატებს საკითხი უშიშროების საბჭოს განხილვის საგნად არ ექცია და ნატო-ს საშუალებით ემოქმედა 

ბოლო ათი წლის განმავლობაში მოსკოვი ღიად ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის მოწოდებებს ჰუმანიტარულ ჩარევებზე იმ პროცესებში, რომლებიც სუდანში, ზიმბაბვესა და ბირმაში მიმდინარეობდა, თუმცა ამჯერად რუსეთმა გადაწყვიტა არა წინააღმდეგ მიეცა ხმა, არამედ თავი შეეკავებინა. ამ ფონზე ჩინეთმაც ამჯობინა მარტო არ დარჩენილიყო და ასევე თავი შეიკავა და მიუხედავად იმისა რომ საბოლოო ჯამში რუსეთის გარკვეული წრეებიდან ცხარე კრიტიკა გაისმა (განსაკუთრებით აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის განცხადებები) ჩვენ არა გვაქვს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მოსკოვი უკმაყოფილების დასაფიქსირებლად რაიმე გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს.

ამავდროულად პოლონეთი, რომელიც ტრადიციულად „დემოკრატიის ლიგის“ იდეის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია და საკუთარ ჯარისკაცებს ერაყსა და ავღანეთში აგზავნის, ლიბიის ოპერაციის პერსპექტივას ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე შეხვდა. ის რომ ვარშავამ არ მოინდომა ლიბიის ოპერაციის მოწონება და გადაწყვიტა მასში არ მიეღო აქტიური მონაწილეობა, მოულოდნელი აღმოჩნდა მთელი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის. აშშ-ს უშიშროების საკითხების ყოფილმა მრჩეველმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ ბევრი ვაშინგტონელის განწყობა გამოხატა, როდესაც ამ საკითხზე პოლონეთის „პასიურ პოზიციას“ შეშფოთებით გამოეხმაურა.

თუმცა ლიბიის ოპერაციის მიმართ მოსკოვის დიდსულოვნებაც და პოლონეთის გულგრილობაც უფრო გასაგები ხდება, თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ როგორც რუსების, ასევე პოლონელების თვალსაზრისით ეს ოპერაცია შეიძლება იმ გარდამტეხ მომენტად იქცეს, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალს განსაზღვრავს.

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ისე ჩანდა, თითქოს ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ ფოკუსირებული იყოევრაზიის სიღრმეში ევრო-ატლანტიკური ზონის გაფართოვებაზე. სწორედ მაშინ, როდესაც ალიანსი ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციის მისიას იწყებდა, ნატო-ში გაფართოვების მესამე ტალღამ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მოაქცია და შეეცადა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიც, პირველ რიგში საქართველო და უკრაინა წევრობის გზაზე დაეყენებინა. ამავდროულად, მოსკოვში დასავლეთისადმი ლოიალური და შედარებით მორჩილი ელცინის ადმინისტრაცია პუტინის თვითდაჯერებული ადმინისტრაციით შეიცვალა, რომელმაც თავის უშუალო გეოპოლიტიკურ სამეზობლოში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენაზე დაიწყო ფიქრი. ამან დასავლეთის ზოგიერთ წრეებს მისცა საშუალება ემტკიცებინათ, რომ ნატო-ს თავდაპირველი მისია – „რუსების დაჭერა ევროპის მიღმა“ – ძველებურად აქტუალურია, თუნდაც ახალ კონტექსტში.

თუმცა ამას თავად ნატო-ს შიგნით წინააღმდეგობა მოჰყვა, რაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გამოჩნდა. რა თქმა უნდა რუსეთი, რომელმაც აღორძინება დაიწყო, დელიკატიურად არ იქცეოდა, მაგრამ დასავლეთ-ევროპაში მოსკოვს სერიოზულ საფრთხედ მაინც არ აღიქვამდნენ. რუსეთის ტანკებს შეიძლება გადაელახა მეზობელი საქართველოს საზღვარი, მაგრამ უახლოეს მომავალში აშკარად არავინ გეგმავდა ელბას ფორსირებას, ფულდის დერეფნის გარღვევას ან ლა-მანშზე შეტევას. ამავდროულად ნატო-ს აქტიურობა აღმოსავლეთის მიმართულებით ეწინააღმდეგებოდა გერმანელების, იტალიელების და ფრანგების მცდელობებს რუსეთთან ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში აეწყოთ ახალი პარტნიორობა.

გარდა ამისა, დროსთან ერთად ავღანეთის კონფლიქტის გაჭიანურებამ ხელი შეუწყო ჰინდუ-კუშის მთებში კეთილდღეობისა და სტაბილურობის დამყარებასთან დაკავშირებული ენთუზიაზმის ამოწურვას. როდესაც ობამას ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოვიდა, მან თავისი ნატოელი პარტნიორების იმაში დარწმუნება დაიწყო, რომ ავღანეთის ოპერაცია – ალიანსის ქმედუნარიანობის გამოცდა იყო. 2011 წლის მარტში აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ღიად გააფთხილა ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები: „გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს საკმაოდ ბევრს საუბრობენ ავღანეთიდან წასვლაზე, მაგრამ ნაკლებად იმაზე რომ საქმე ისე უნდა გაკეთდეს, როგორც საჭიროა. ძალიან ხშირად განიხილება ბრძოლის დატოვება და იშვიათად ბრძოლის გაგრძელება. ძალიან ბევრი ღელავს არმიის გამოყვანის თარიღზე და გასაყვანი ჯარისკაცების რაოდენობაზე და ძალიან ცოტა იმაზე, თუ რისი გაკეთებაა საჭირო მანამდე“.

თუმცა ლიბიის მისიამ, სომალის სანაპიროებთან ნატო-ს ძალების საქმიანობასთან ერთად, ალიანსს შეიძლება ახალი შინაარსი შესძინოს. მისი მთავარი მისია შეიძლება ევროპის რბილი სამხრეთ კალთის საზღვაო საფრთხეებისგან დაცვა გახდეს. ავღანეთი შორს არის და საეჭვოა იქ გამაფებულ ქაოსს უახლოეს მომავალში რამე ეშველოს. მაშინ რატომ არ უნდა დაიხარჯოს დრო, ძალა და რესურსები ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზის სტაბილიზაციაზე და ის ფაქტობრივად ნატო-ს „ხმელთაშუა ზღვად“ გამოცხადდეს?

ეს შესანიშნავად ჯდება ევროპული უსაფრთხოების ფრანგულ კონცეფციაში, ადასტურებს საფრანგეთის პრეტენზიას ალიანსში ლიდერის როლზე და პარიზს აძლევს შესაძლებლობას თავი აარიდოს უხერხულ არჩევანს ნატო-სთან ურთიერთობის განმტკიცებასა და რუსეთთან ახალი პარტნიორობის განვითარებას შორის. თავის მხრივ, მოსკოვს აღარ შეეშინდება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, თუკი ამ უკანასკნელის ყურადღება ჩრდილოეთ-აფრიკისა და არა ევრაზიის სტეპებისკენ იქნება მიმართული.

თუმცა საეჭვოა კურსის ასეთი ცვლილება ყოფილი საბჭოთა ბლოკის აღმოსავლეთ-ევროპის ქვეყნებს მოეწონოთ. მართალია ბოლო წლის განმავლობაში პოლონეთს და რუსეთს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ცხადია ვარშავა ალიანსის პოლიტიკის აღმოსავლეთ ვექტორის გაძლიერებას აირჩევდა. ამით აიხსნება ის, თუ რატომ არა აქვს პოლონეთის მთავრობას ენთუზიაზმი ნატო-ს ლიბიის ოპერაციის მიმართ, რომელსაც შეიძლება დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდეს.

თუმცა ნატო-სთვის ეს შეიძლება ერთგვარ „ტილზიტის“ მომენტად იქცეს. როგორც ნაპოლეონ ბონაპარტმა გააფორმა შეთანხმება ალექსანდრესთან 1807 წელს, რამაც შეაჩერა საფრანგეთის აღმოსავლეთისკენ სვლა და პარიზს სამხრეთის მიმართულებაზე კონცენტრაციის საშუალება მისცა, ასევე ლიბიის ოპერაცია შეიძლება გახდეს ალიანსისთვის აღმოსავლეთ-ევროპის ექსპანსიაზე უარის თქმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ამ კონცეფციის ფარგლებში შეიძლება დავასკვნათ, რომ ბალტიის აუზის სტაბილიზაციის პროცესი დასრულებულია, რომ ევროპამ ვისლასა და შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე თავის ბუნებრივ საზღვრებს მიაღწია და სამხრეთისკენ მიბრუნების დრო დადგა.

ასეთი მოქმედებით ნატო ფაქტობრივად აღიარებდა იმას, რომ სტატუს ქვო, რომელიც რუსეთ-ევროპის საზღვარზე მას შემდეგ ჩამოყალიბდა რაც, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს უკრაინას „ნეიტრალურ სტატუსსა“ და მოსკოვთან და დასავლეთთან დაბალანსებულ ურთიერთობებზე გაუჩნდა პრეტენზია უნდა შენარჩუნდეს. გარდა ამისა, ნატო-ს ღერძის შეცვლა „აღმოსავლეთ-დასავლეთიდან“ „ჩრდილო-სამხრეთის“ მიმართულებით ამცირებს დასავლეთის შავიზღვისპირული პლაცდარმების მნიშვნელობას. თუკი ალიანსის მომავალი ხმელთაშუაზღვისპირეთია და არა ევრაზიის სტეპები, მაშინ ისეთი ქვეყნა როგორიც მაგალითად საქართველოა, რომელიც ნატო-სკენ მიისწრაფვის, მისთვის პერიფერიული ფაქტორი ხდება.

რუსეთის 2010 წლის სამხედრო დოქტრინა ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ ნატო-ს გაფართოვებას მიიჩნევდა, მაგრამ თუკი ატლანტიკური ალიანსი თავის მზერას სამხრეთით მიმართავს და არა აღმოსავლეთისკენ, რუსეთი ასეთ მეზობელს შეეგუება და მასთან შეიძლება მჭიდრო თანამშრომლობაც შეიძლება. ამგვარად კადაფის დამხობის მცდელობათა მოულოდნელ შედეგად შეიძლება იქცეს ახალი თავი ნატო-ს ურთიერთობაში არა მხოლოდ არაბულ სამყაროსთან, არამედ რუსეთთანაც.